პრიგოჟინი: გვსურდა "პროტესტის დემონსტრირება და არა ხელისუფლების დამხობა ქვეყანაში"

ევგენი პრიგოჟინი

რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი მეომრების მიერ შაბათ-კვირას მოსკოვისკენ მოწყობილი მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ლიდერების არაკომპეტენტურობის დემონსტრირება, და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა. "ვაგნერის" მიერ მოწყობილ მსვლელობას ანალიტიკოსები განიხილავენ უდიდეს გამოწვევად, რომელიც კი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შექმნია, 23-წლიანი მმართველობისას.

მოსკოვიდან 120 კილომეტრამდე მოშორებით მსვლელობის შეწყვეტის შემდეგ თავის პირველ განცხადებაში - რომელიც 26 ივნისს გავრცელდა, 11-წუთიანი აუდიოჩანაწერის ფორმით - "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს შენარჩუნებული ჰქონდა დაუმორჩილებელი ინტონაცია. პრიგოჟინი თავის წინსვლას უწოდებს "მასტერკლასს" იმისა, თუ როგორ უნდა ეწარმოებინა რუსეთის არმიას უკრაინაში შეჭრის პროცესი 2022 წლის თებერვალში, და აღნიშნავს, რომ სამხედრო უსაფრთხოებაში არსებულმა არაერთმა ნაკლოვანებამ მის ჯგუფს საშუალება მისცა ბევრი ქალაქი დაეკავებინა მოსკოვისკენ გზაზე.

პრიგოჟინი არ აკონკრეტებს ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, მას არაფერი უთქვამს დეტალებზე იმ შეთანხმებისა, რომელიც, როგორც იუწყებოდნენ, ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შუამავლობით იქნა მიღწეული და რომლითაც მას თითქოს ბელარუსში მიანიჭეს თავშესაფარი.

"მსვლელობა დავიწყეთ უსამართლობის გამო" - ამბობს პრიგოჟინი, ერთ დროს პუტინის ახლო მოკავშირე, და მიანიშნებს მის ძალებზე თითქოს ახლახან მიტანილ იერიშზე, რომელსაც თავად ის რუსეთის არმიას აბრალებს. გვსურდა "პროტესტის დემონსტრირება და არა ხელისუფლების დამხობა ქვეყანაში" - დასძენს პრიგოჟინი და რამდენჯერმე უარყოფს, რომ მას და მის ძალებს ხელისუფლების სადავეების მოპოვება სურდათ.

თავად პრიგოჟინი მომხდარს უწოდებს "სამართლის მსვლელობას" და ამბობს, რომ მისი მიზანი იყო "ვაგნერის", როგორც კერძო სამხედრო კომპანიის გაუქმების არდაშვება და იმის დემონსტრირება, თუ როგორ უნდა წარიმართოს საგანგებო სამხედრო ოპერაცია.

თუმცა, პრიგოჟინი შემდეგ დასძენს, რომ "ინტრიგების და არასწორი გადაწყვეტილებების გამო", "ვაგნერი" 1 ივლისს გეგმავს გაუქმებას - რადგან მეთაურები მებრძოლებს ესაუბრნენ და "არავის სურს კონტრაქტების გაფორმება თავდაცვის სამინისტროსთან".

პრიგოჟინი ასევე აღნიშნავს, რომ მის ჯარისკაცებს "არც ერთი რუსი სამხედრო არ მოუკლავთ მიწაზე", თუმცა ჩამოაგდეს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე საჰაერო ხომალდი - მას მერე, რაც ამ ხომალდებმა "ჩვენ დაგვბომბეს და რაკეტებით განახორციელეს ჩვენზე იერიში".

პრიგოჟინის ჩანაწერის გავრცელების ფონია რუსეთის ხელისუფლების მცდელობა ქვეყანაში ვითარება კვლავ ნორმალურ მდგომარეობად წარმოჩინდეს, იმ კონტრტერორისტული ზომების გაუქმებით, რომლებიც პრიგოჟინის მოკლე ამბოხებისას ამოქმედდა დედაქალაქსა და ზოგიერთ რეგიონში.

გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტს სამხედროებთან - შოიგუს გადადგომა პრიგოჟინის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 ივნისს გაავრცელა უხმო ვიდეოჩანაწერი, რომელზეც შოიგუ კოლეგასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია როდისაა ჩანაწერი გადაღებული.

ლუკაშენკას შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომელიც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გამოაცხადა, აჯანყებულებს ეხსნებოდათ სისხლის სამართლებრივი ბრალდებები, ბანაკებში მათი დაბრუნების სანაცვლოდ, ხოლო პრიგოჟინი ბელარუსში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად. მაგრამ რუსეთში გამომავალი გაზეთი, Kommersant-ი და საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ანონიმურად დატოვებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ეფესბე პრიგოჟინის გარშემო გამოძიებას აგრძელებს, შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ეჭვის საფუძველზე.

  • 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • 26 ივნისის ინფორმაციით ამბოხის საქმეზე აღძრული საქმე არ იყო შეწყვეტილი.