Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვზე მსვლელობით ცდილობდა "ვაგნერის" გადარჩენას და არა ხელისუფლების დამხობას


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.

ეს პრიგოჟინის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან 200-მდე კილომეტრის მოშორებით მან და მისმა ძალებმა მსვლელობა შეწყვიტეს. პრიგოჟინი არ აკონკრეტებს, სად იმყოფება ამჟამად ან რა გეგმები აქვს.

"მსვლელობა დავიწყეთ უსამართლობის გამო", - აღნიშნავს პრიგოჟინი მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ 11-წუთიან აუდიოჩანაწერში და მიანიშნებს "ვაგნერზე" თითქოს განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც თავად ის რუსეთის არმიას აბრალებს.

"გვსურდა პროტესტის დემონსტრირება და არა ხელისუფლების დამხობა ქვეყანაში", - დასძენს ის.

  • 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • 26 ივნისის ინფორმაციით, ამბოხის საქმეზე აღძრული საქმე არ იყო შეწყვეტილი.
XS
SM
MD
LG