კრემლის მიერ კონტროლირებულმა ტელეარხებმა და სააგენტოებმა აჩვენეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მინისტრი სერგეი შოიგუ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ამოწმებს ჯარების დასავლეთის დაჯგუფების ერთ-ერთი შენაერთის წინა ხაზზე მდებარე მართვის პუნქტს. რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, არმიის გენერალ შოიგუს არსებულ ვითარებაზე ანგარიში ჩააბარა დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა ნიკიფოროვმა, შოიგუმ კი, ყურადღება გაამახვილა ჯარების მომარაგების ორგანიზებაზე.
შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, რომ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები ახალია. ამასთან, რუსულ საინფორმაციო სივრცეში შოიგუ პირველად გამოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს „ამბოხება" მოაწყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა.
- 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
- 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
- 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
- პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
- პრიგოჟინის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.