Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი ჩხარტიშვილი პრიგოჟინის ბედზე: „გადატრიალებები ასე არ ხდება“


გრიგორი ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი)
გრიგორი ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი)

ცნობილმა რუსმა მწერალმა და რუსეთის ისტორიის მკვლევარმა, გრიგორი ჩხარტიშვილმა (ბორის აკუნინმა) პარალელი გაავლო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებულ ამბოხებასა და რუსეთის ისტორიაში უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მომხდარ მსგავს მოვლენებს შორის.

„რუსეთის სახელმწიფო ჩვენ თვალწინ იშლება. ამ მასშტაბის სამხედრო ამბოხი არ ყოფილა სამოქალაქო ომის შემდეგ. თავად დიქტატორმა, სტაბილურობის გარანტმა, მოაწყო ამგვარი ბანანის ტურბულენტობა. თავდაპირველად კანონის დარღვევით ქმნის დაქირავებულთა ცუდად კონტროლირებად შეიარაღებულ სტრუქტურას, რომელიც ფინანსდება ასევე კანონის გვერდის ავლით. უფლებას აძლევს გადაიბიროს და დაიქირაოს სისხლის სამართლის დამნაშავეები. ეს ყველაფერი ხდება დიქტატორის პირადი ომის ფონზე, რომელიც მან დაიწყო მხოლოდ საკუთარი ეგოს მოსაფხანად. ჩაჩუმებულ რუსეთს თავი ჩაურგავს მხრებში და უყურებს, როგორ მხნედ მიჰყავს კაპიტანს გემი აისბერგისკენ. ასე იშლებიან იმპერიები - უხსოვარი დროიდან, ძველი რომიდან მოყოლებული, მაგრამ ისტორიული პარალელების ძებნაში ძალიან შორსაც ნუ წავალთ“, - წერს ბორის აკუნინი და ჩამოთვლის ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ სამ მსგავს რუსულ სამხედრო აჯანყებას, რომლებიც, როგორც მწერალი ამბობს, სამი სრულიად განსხვავებული შედეგით დასრულდა და, როგორც ჩანს, ამჯერად ყველაფერი ამ სამი სცენარიდან ერთ-ერთის მიხედვით მოხდება:

  1. გენერალ კორნილოვის გამოსვლა 1917 წლის აგვისტოში. უზენაესმა ხელისუფალმა კერენსკის სახით თვითონ შექმნა განცდა მთავარსარდალში, რომ ის იყო სამშობლოს ერთადერთი მხსნელი, თავად გააღვივა პატრიოტული ისტერია და შემდეგ უკან დაიხია, როდესაც მრისხანე გენერალმა დედაქალაქისკენ დაძრა "ველური დივიზია". როგორც ახლა, ამბოხი მაშინაც პერიფერიაში დაიწყო, რამაც წინასწარ გადაწყვიტა მისი ბედი. საკმარისი აღმოჩნდა კომუნიკაციების დაბლოკვა და მსვლელობა დედაქალაქისკენ ჩაიშალა. ჯერ კიდევ ბალახისმჭამელთა დროება იყო, ამიტომ მეამბოხე უბრალოდ დააპატიმრეს.
  2. აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის, სოციალ-რევოლუციონერ მიხეილ მურავიოვის ამბოხი 1918 წლის ივლისში, რომელიც მოხდა იმის გამო, რომ მთავარსარდალი აღაშფოთა როგორც ბოლშევიკების მიერ მოწყობილმა მისი თანაპარტიელების ხოცვა-ჟლეტამ, ასევე სახალხო კომისართა საბჭოს მიერ ბრესტის ზავის გაფორმებამ და რუსეთის შერცხვენამ. ბოლშევიკებმა, დროებითი მთავრობისგან განსხვავებით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დახვრიტეს მურავიოვი.
  3. წითელი არმიის დონის კორპუსის მეთაურის ფილიპ მირონოვის აჯანყება 1919 წლის სექტემბერში. როგორც ახლა, მაშინაც აჯანყება არ ისახავდა მიზნად ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას და ყოველმხრივ გამოხატავდა ლოიალობას ლენინის მიმართ. როგორც ახლა, აჯანყებულებმა მაშინაც მტერ-მავნებლად გამოაცხადეს ომის მინისტრი (სახალხო კომისარი) ტროცკი. ამბოხება მშვიდობიანად დასრულდა: კორპუსმა კვლავ დაიწყო ბრძანებების შესრულება, მირონოვი კი მეთაურად დააწინაურეს (თუმცა შემდეგ მაინც დახვრიტეს).

„მალე ვნახავთ, რა სცენარს გაჰყვება პრიგოჟინის პუტჩი - კორნილოვის, მურავიოვის თუ მირონოვისას. ყოველ შემთხვევაში, გადატრიალებები ასეთი გამოხდომებით არ ხდება“, - ასკვნის გრიგორი ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი).

23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

XS
SM
MD
LG