"ევგენი პრიგოჟინის ამბოხი მიუთითებს კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სისუსტეებზე", - წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), რომლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სწრაფმა წინსვლამ მოსკოვისკენ გამოავლინა რუსეთის უშიშროების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, დროულად მოეგერიებინა შიდა საფრთხეები.
გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, პრიგოჟინის აჯანყებამ აჩვენა როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რეზერვების უკმარისობა, ასევე წვევამდელების საზღვრის დაცვისთვის გამოყენების საშიშროება.
„დაბოლოს, „პრიგოჟინის ქმედებებთან დაკავშირებით კრემლის აშკარა გაოცება კარგს არაფერს ამბობს ФСБ-ს - რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის შესახებ“, - აღნიშნავენ ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში.
ამბოხება მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთის ხელისუფლებას და ძირს გამოუთხრის კრემლის უნარს, განაგრძოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის რუსული არმიის საბრძოლო სულისკვეთების შემცირების გამო, ასკვნიან ექსპერტები.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფებმა დონის როსტოვი 24 ივნისს, ღამით დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.
„მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - დაწერა პრიგოჟინმა.
24 ივნისს დილისთვის გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.
„დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარეს. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით, გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა უკან გაბრუნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობა გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკამ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკას პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკას წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ". რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.
- 23 ივნისის საღამოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
- 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.