ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად 18 აპრილისთვის ემზადებოდნენ და ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული 13 აპრილის დღის პირველ ნახევარში. თუმცა მალევე გაირკვა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში აღარ ჩავა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 5 დღით ადრე ვიზიტის გაუქმება ევროპარლამენტის წარმომადგენლებისთვის მოულოდნელთან ერთად გამაღიზიანებელი იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ პრეზიდენტმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.
მთავრობის ადმინისტრაციამ კი უპასუხა, რომ პრეზიდენტმა ზეპირი თანხმობა „ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში“ მიიღო; რასაც 13 აპრილს მოჰყვა „წერილობითი თანხმობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „დაზუსტებულ წერილზე“. შუალედში, მთელი ამ კვირების განმავლობაში, მთავრობის ინფორმაციით, „მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება“.
მაგრამ „ქართულ ოცნებაში“, 14 აპრილს, ითქვა ისიც, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თავისი განცხადებების შინაარსის გამო, ევროპარლამენტის წინაშე არც უნდა გამოსულიყო.
მოულოდნელი, სადავო გაუქმება
„ეს ვიზიტი 5-6 კვირის წინ დაიგეგმა და ევროპარლამენტში არავინ მოელოდა, რომ ვიზიტი ასე უცნაურად გაუქმდებოდა. მიზეზი მთლად გასაგები არ არის ჩემი წყაროებისთვის. თარიღის შეცვლა, ცხადია, შეიძლება, მაგრამ ვიზიტის [სიტყვით გამოსვლამდე] ასე ცოტა ხნით ადრე გაუქმება საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო - მითხრეს, რომ ეს არაპროფესიონალურად გამოიყურება მათთვის“, - ამბობს რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.
იოზვიაკის შეფასებით, ვიზიტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, რადგან პრეზიდენტს ჰქონდა შანსი ელაპარაკა ევროპარლამენტში საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ეჩვენებინა, რამდენად ძლიერია საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ.
„არცთუ ხშირად ხდება, როცა ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების ლიდერები გამოდიან ევროპის დემოკრატიის სათათბიროში, სადაც 700 ევროპელი დეპუტატია. ზოგადად, ეს პატივად მიიჩნევა“, - ამბობს იოზვიაკი.
ფაქტს „ძალიან დასანანს“ უწოდებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მიესალმებოდნენ პრეზიდენტის გამოსვლას პლენარულ სესიაზე.
გერმანელი დეპუტატი, რომელსაც ღიად უპირისპირდება „ქართული ოცნება“, იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მომავალი სესიისთვის მაინც მოხერხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხის შენარჩუნება ევროკავშირის დღის წესრიგში“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტში მორიგი პლენარული სხდომები 8-11 მაისს იგეგმება; თუმცა ამ საკითხზე პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ შეთანხმება ჯერჯერობით ჰორიზონტზეც კი არ ჩანს.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიმართვის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის გაჭიანურებას ასახელებს ასევე ნახეთ მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვსშეიძლება სტრასბურგშიც ეთქვა?
13 აპრილის ურთიერთბრალდებების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებები 14 აპრილსაც გააგრძელა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების მიზეზი მთავრობა არ იყო და ახლა ვიღაცას სურს, რომ სალომე ზურაბიშვილი „მსხვერპლისა და ჩაგრულის მანტიით" შემოსოს.
მთავრობა მართალია პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთვისაც, მაგრამ, პარალელურად, ის საგანგებო მსჯელობას ითხოვს - საერთოდ უნდა მიეცეს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლის უფლება. ვოლსკი იხსენებს 31 მარტს, როცა სალომე ზურაბიშვილმა, ყოველწლიური მოხსენების დროს, „ქართული ოცნება“ ევროპული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა.
„იგი [პრეზიდენტი] ვალდებულია ნებისმიერ თემასთან მიმართებით გაიაროს წინასწარი კონსულტაციები მთავრობასთან, ჩამოაყალიბოს პოზიცია და თუკი რაიმე ფორუმზე მისი დასწრება არის აუცილებელი, სავალდებულო, საჭირო. რასაკვირველია, მთავრობაც არ უნდა იყოს წინააღმდეგი და ამ შემთხვევაში, მთავრობამ დაშვება გააკეთა...
მაგრამ, ვფიქრობ, არ გაითვალისწინა ის პოზიცია, რომელიც [პრეზიდენტის მიერ] კიდევ ერთხელ შეიძლება გაჟღერებულიყო სტრასბურგის ტრიბუნიდან, რომელიც აბსოლუტურად სიცრუეზეა აგებული და ეხება საქართველოს საგარეო კურსს, რომ თითქოსდა ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესს არათუ დღეს გადაუხვია, არამედ არასდროს ჰქონია გათვალისწინებული და მუდმივად არღვევდა კონსტიტუციის იმ მოთხოვნას, რომელიც თვითონ "ქართული ოცნების" ინიციატივით იქნა შეტანილი მასში“, - ვოლსკიმ ასევე თქვა, რომ პრეზიდენტი „რადიკალური ოპოზიციის“ მესიჯებს იმეორებს და არა აქვს მიზნად დასახული „მოქმედებდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".
31 მარტს, პრეზიდენტის გამოსვლა „ოცნების“ მიმართ იმდენად მწვავე იყო, რომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მას მართლაც შეექმნა ხელოვნური ბარიერი, რათა იგივე, ამჯერად, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არ გაემეორებინა.
ასევე ნახეთ სამი შესაძლებლობა - რა შეუძლია, რას გეგმავს და რას მოელიან პრეზიდენტისგანსაქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს სწორედ 31 მარტს, პარლამენტში მწვავე გამოსვლის დროს შეატყობინა, რომ მიიღო მიწვევა „ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლიდან არ მომხდარა“. სალომე ზურაბიშვილმა ახსნა, რომ მიწვევა პირადად პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან მიიღო, რომელსაც მანამდე ის, 15 მარტს, ბრიუსელში შეხვდა.
„18 აპრილს ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
საერთაშორისო ვიზიტები ძველი სადავო თემაა პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ მთავრობას შორის.
სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე აცხადებდა, რომ მთავრობა უარს ეუბნებოდა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ვიზიტების დაგეგმვა საკუთარი გზებით უწევდა.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე ასევე ნახეთ ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ უთხრეს ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი„პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში ნამდვილად იქნებოდა დადებითი მუხტის მიმცემი [ევროინტეგრაციის პროცესისთვის], ჩვენს შანსებს გაზრდიდა და შეარბილებდა ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომელიც ჩამოყალიბდა ევროპარლამენტში, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკის შედეგად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. თუმცა ის ასევე ფიქრობს, რომ პრობლემა გამოუსწორებელი არ არის და ევროპარლამენტის მხრიდან „გამწვავება ნამდვილად არ მოხდება“:
„მათ [ევროპარლამენტში] კარგად იციან, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაძაბულობაა და ურთიერთბრალდებებიც ხშირად არის... პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ვიზიტი მთავრობამ შეაფერხა, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა საპირისპიროს იტყვის, მთავრობის პოზიციას გაიმეორებს და საბოლოოდ ამ საკითხს ევროპარლამენტში მისაღებ ახსნას მოუძებნიან“.
ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ახლახან თქვა, რომ მასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს და არ ელაპარაკება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავის მხრივ განმარტა, რომ კომუნიკაცია „შესანიშნავია“ და მის ადმინისტრაციას აქვს „ყოველდღიური თუ არა, ძალიან ხშირი კომუნიკაცია“ და ეს კონსტიტუციის ფარგლებში ხდება.
„ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის არა აქვს. მაგრამ მე არ მაქვს იმის დრო, რომ ადამიანებს შევხვდე სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ... დღევანდელი ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ საქმეზე ვლაპარაკობთ, საერთო მიზანზე ვსაუბრობთ“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 10 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უსწრებდა ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების აშშ-ის მიერ სანქცირება „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო.