Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

სტრასბურგში ვიზიტის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც ის აცხადებს, წერილობითი თანხმობა გასცა პრეზიდენტის ვიზიტზე და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაცია ასახელებს თარიღებს, როდესაც მათ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.

„საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა",
- ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილი ვიზიტის გადადების საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა. მან ევროპარლამენტის წინაშე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.

ზურაბიშვილმა 31 მარტს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის დროს, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ 18 აპრილს აპირებდა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას. მან გაიხსენა, რომ 2010 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით არ გამოსულა.

XS
SM
MD
LG