Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიმართვის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის გაჭიანურებას ასახელებს


ორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილი ვიზიტის გადადების საკითხზე განცხადებას აქვეყნებს. ის ევროპარლამენტის წინაშე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ასახელებს.

„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზურაბიშვილმა 31 მარტს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის დროს, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ 18 აპრილს აპირებდა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას. მან გაიხსენა, რომ 2010 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით არ გამოსულა.

XS
SM
MD
LG