Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ უთხრეს ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის და მთავრობის წევრები ფიქრობდნენ, რომ რეგიონში რთული მდგომარეობის დროს, მაშინ, როცა უკრაინაში ომია, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო. ასე განმარტა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტისთვის ოფიციალურ ვიზიტებზე უარის თქმის მიზეზი:

"მე არც მაშინ და არც ახლა, მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში, ეს იყო მთავარი არგუმენტი, მოტივაცია, უარი გვეთქვა მის ვიზიტზე.

კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან", - თქვა პრემიერმა.

მან ასევე ივარაუდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი, თუმცა, არ დაუზუსტებია, ვისგან.

"როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება", - თქვა ღარიბაშვილმა.

დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების მეორე დღეს, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მთავრობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შესაფასებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. "ქართული ოცნება" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრებზე გამოჩნდა ევროკავშირის ქვეყნების პოზიტიური სიგნალები საქართველოს მიმართ.

XS
SM
MD
LG