საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უკრაინის საკითხებზე პრეზიდენტის მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან აქტივობები კითხვებს აჩენს. მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არ ჩანს, რა იყო პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შედეგები.
"ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, რომ მათი ნაბიჯები პოპულისტური ხომ არ იყო. ეს მომგებიანი თემაა მათი გადმოსახედიდან - ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა პოლიტიკოსი. მათი აზრით, ეს მომგებიანი იქნება... უკრაინის საკითხებზე წავიდა, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო? ხო უნდა გავაკეთოთ ანალიზი? შეხვდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვიზუალურად ეს შეხვედრები და შედეგი რა მივიღეთ? გუშინ რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შედეგების შესახებ მოისმინეთ?" - თქვა მდინარაძემ.
დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების მეორე დღეს, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მთავრობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შესაფასებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. "ქართული ოცნება" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრებზე გამოჩნდა ევროკავშირის ქვეყნების პოზიტიური სიგნალები საქართველოს მიმართ.