პროევროპული პროტესტი და „ოცნების“ ბრალდებები USAID-ისა და მედიის წინააღმდეგ 2.0

პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

მედიაპლატფორმა Chai Khana [„ჩაიხანა“] ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დეზინფორმაციად აქციეს. ამ პროცესის სამიზნე მედიაპლატფორმის გარდა, კვლავ გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID.

17 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა მოიცავდა ინფორმაციას, რომლის შესახებაც საჯაროდ არასდროს არაფერი თქმულა და მხოლოდ სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა - Chai Khana-სა და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის წარმომადგენლებს შორის.

Chai Khana ადასტურებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ მოკლე ვიდეოების მომზადება მათ მართლაც დაუკვეთა USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამამ, ორწლიანი ურთიერთობის ფარგლებში, მაგრამ ეს თემა დეზინფორმაციის მიზნებისთვის იქნა გამოყენებული.

პროევროპული მზარდი საპროტესტო აქციები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველოში უკვე სამ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და არავის უკვირს საზოგადოების და, შესაბამისად - მედიის, ყურადღება ამ პროტესტის მიმართ - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

რა მოხდა?

„კითხვა მაქვს აქციებთან დაკავშირებით. USAID-ის მისია სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში - მათ აქვთ კონტრაქტი გაფორმებული მედიაპლატფორმა ჩაი ხანასთან, რომელიც ამზადებს მოკლე ვიდეოებს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, თუმცა ეს ვიდეოები არ ქვეყნდება, ბუნებრივია, USAID-ის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, სხვა პლატფორმების მოძიება ხდება. დონორის პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში თუ ხედავთ და რა ნაწილში?“ - ასეთი შეკითხვა დაუსვა „იმედის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს.

კობახიძემ „იმედის“ ნათქვამი უტყუარ ფაქტად მიიღო, არ დაინტერესდა - რა ვიდეოებზეა ლაპარაკი და არც სხვა დეტალებზე გაუმახვილებია ყურადღება. სწრაფადვე, თემა რევოლუციურ სცენარზე საუბრით განავრცო და ე.წ. აგენტების კანონსაც დაუკავშირა:

„რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხისმგებლობა არსებობს. როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა ჩვენ გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში მივიღეთ. მიზეზი, რის გამოც უპირისპირდებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, იყო სწორედ ეს. ვიღაცეებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაეფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში, აერიათ ეს ქვეყანა, რაც ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია“.

„იმედის“ ჟურნალისტს არ დაუსახელებია წყარო - თუ საიდან ფლობდა ინფორმაციას ორ მხარეს შორის კონტრაქტით განსაზღვრული ვიდეოების შესახებ, რომლებიც ჯერ არც კი დამზადებულა.

პრესკონფერენციის შემდეგ, ეს თემა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებს მოედო - „იმედისა“ თუ „პოს ტივის“ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა სიუჟეტების წყება - „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მტკიცებითი კომენტარებით - რომ USAID-ი საქართველოში არეულობასა და რევოლუციას უწყობს ხელს.

მათ ეთერში გასულ მასალებში სრულად იგნორირებულია Chai Khana-ს ვარაუდი, რომ დეზინფორმაციის ტალღას უკანონო მიყურადების გზით მოპოვებული ინფორმაცია უდევს საფუძვლად.

მედიაპლატფორმა Chai Khana ვარაუდობს, რომ USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის წარმომადგენელთან 16 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსი უკანონოდ, მიყურადების გზით იქნა მოპოვებული და შემდეგ გადაცემული - ტელეკომპანია „იმედისთვის“ და, რომ ასე გახდა მედიაპლატფორმა Chai Khana დეზინფორმაციის სამიზნე.

რა იწვევს მიყურადების ეჭვებს?

Chai Khana-ს დირექტორი, ლიკა ანთაძე განმარტავს, რომ USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მიერ დაკვეთილი ვიდეოპროდუქცია შეეხება საქართველოში მიმდინარე პროტესტს, რომელიც უკვე სამ კვირაზე მეტია - როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. თუმცა ჯერ ისევ გადასაწყვეტია - როგორც მათი ფორმის, ასევე განთავსების საკითხი.

სწორედ ამ დეტალებზე მსჯელობდნენ მხარეები ერთადერთი სატელეფონო საუბრის დროს, რომლის უკანონო მიყურადებაზეც გაუჩნდათ ეჭვი.

„შეუძლებელია ეს ინფორმაცია ვინმეს კიდევ ჰქონოდა - მოკლე იქნებოდა ვიდეოები თუ გრძელი. პროტესტზე ვიდეოები ახსენა „იმედის“ ჟურნალისტმა [თავის შეკითხვაში] და ზუსტად პროტესტზე ვიდეოებს განვიხილავდით ამ სატელეფონო საუბრის დროს. დროშიც ემთხვევა უცნაურად. ეს სატელეფონო საუბარი შედგა 16 დეკემბერს შუადღისას და 17 დეკემბერს დილით იყო პრესკონფერენცია, სადაც ასეთი დიალოგი შედგა [ირაკლი კობახიძესა და „იმედის“ ჟურნალისტს შორის ]“, - ეუბნება ლიკა ანთაძე რადიო თავისუფლებას.

ჩაიხანა უარყოფს „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მედიაპლატფორმამ უარი თქვა ვიდეომასალების გამოქვეყნებაზე.

ლიკა ანთაძე ამბობს, რომ პროდაქშენ-სერვისისთვის დაკვეთილი ვიდეოების მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნების ვალდებულება არა აქვთ, რადგან მედიაპლატფორმა საკუთარ ფორმატსა და სტილს იცავს, მაგრამ გადამჭრელი უარი არაფერზე თქმულა.

„მომსახურების შეთანხმების ფარგლებში, ზოგადად, ვიდეოებს ვამზადებთ დამკვეთის ხედვის შესაბამისად და მკაცრად ფორმატირებულ, „გაპრიალებულ“ ვიდეოებს Chai Khana, როგორც წესი, თავის პლატფორმაზე არ აქვეყნებს. რადგან [16 დეკემბერს] სატელეფონო საუბარი შეეხო იმასაც, რომ შესაძლოა ჩვენ გამოგვექვეყნებინა, ვთქვით, რომ მაშინ ნაკლებად „გაპრიალებული“ და ჩვენი სახასიათო ფორმატის შესაბამისი უნდა ყოფილიყო“, - ანთაძის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა ვერსია იმის შესახებაც, რომ ვიდეოები სხვა პლატფორმებზე გამოქვეყნებულიყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება სატელეფონო საუბრის დროს არ მიუღიათ და მსჯელობის გაგრძელება მეორე დღისთვის გადაწყვიტეს.

აპირებენ თუ არა სამართლებრივი დავის წამოწყებას შესაძლო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით?

Chai Khana არ გამორიცხავს და ამ საკითხზე ჯერ ისევ მსჯელობენ, მაგრამ საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ ნდობის ნაკლებობის გამო, პროცესის წამოწყებაში დიდ აზრს მაინცდამაინც ვერ ხედავენ.

„ირაკლი კობახიძემ [„იმედის“ ჟურნალისტის] შეკითხვაზე პასუხად ახსენა „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი 2024 წლის მაისში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. დღევანდელი მოვლენები ადასტურებს დამოუკიდებელი მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის განზრახვას და აღნიშნული კანონის მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენების მცდელობას“, - აცხადებენ „ჩაიხანაში“.

ხელისუფლების სამიზნე - კრიტიკული მედია, დონორები

„პირველივე დღიდან, როცა შარშან რუსული კანონი [ე.წ. აგენტების კანონი] პირველად შეიტანეს პარლამენტში და წელს დააგვირგვინეს - მიიღეს, ცალსახა იყო, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დამოუკიდებელი მედია იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნანა ბიგანიშვილი და „ჩაიხანასთან“ დაკავშირებულ ბოლო მაგალითსაც სწორედ საზოგადოების მთავარი მონაპოვრის - დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლად განიხილავს.

ბიგანიშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი საქართველო, ხალხის პროტესტის ძალით, დემოკრატიულ რელსებს არ დაუბრუნდება, - „ქართული ოცნება“ „რუსული კანონის“ სადამსჯელო მექანიზმს მთელი სიმძლავრით აამოქმედებს და თავისუფალი მედია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აღმოჩნდება.

„დონორების საშუალებით ვახერხებდით კრიტიკული მედიასაშუალებები, ონლაინპლატფორმები, რომ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. დონორების დაფინანსება გვაძლევდა გაძლიერების და გადარჩენის შესაძლებლობას ამ პოლარიზებულ მედიაგარემოში - რომ შეგვძლებოდა ხმის ამოღება და იმ კრიტიკული მასალების მომზადება, რაც მართლა აწუხებს საზოგადოებას“, - ნანა ბიგანიშვილი გვეუბნება ასევე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დონორების დაფინანსების სტიგმატიზებას, რათა მანამდე საამაყო დახმარების მიმართ საზოგადოების ნდობა შეირყეს.

ბიგანიშვილს, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტს, არ უკვირს Chai Khana-ს ეჭვები სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შესახებ, რადგან, როგორც გვეუბნება, ახლო წარსულში, სწორედ დაუცველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, მათ თავზე მოულოდნელად წამოადგა ასევე პროსახელისუფლო მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტი და სატელეფონო საუბარში ნახსენები შეკრების შესახებ უსვამდა შეკითხვებს.

„სტუდია მონიტორმა“, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებებმა არაერთი სიუჟეტი მიუძღვნეს საქართველოში მიმდინარე ხანგრძლივ და მასშტაბურ პროტესტს.

ასევე ნახეთ შეკრული წრე. "ოცნება" არა რუსეთს, არამედ დასავლეთს ადანაშაულებს ექსტრემიზმის დაფინანსებასა და არჩევნებში ჩარევაში
ასევე ნახეთ "ბაკურიანის ცნობილი შეხვედრა" - გადატრიალების დაგეგმვა თუ დემოკრატიის ანბანი?

„ქართული ოცნების“ ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით USAID-ში კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. ჯერჯერობით პასუხი არც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისგან მიგვიღია.

„რევოლუციის წაქეზების“ ბრალდებები მათთვის სიახლე არ არის და არც პირველი შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხდება.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სწორედ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში დაინახა „ოცნებამ“ ხელისუფლების „ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადება“ და 2023 წლის შემოდგომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა CANVAS-ის „ტრენინგების საქმის“ გამოძიებაც დაიწყო. ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ, სუსში იმეორებენ, რომ - საქმის გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. „კანვასის ტრენინგები“, როგორც დონორების მიმართ ბრალდება - ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვათაწყობაა.

CANVAS-ი - გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრია − მსოფლიოში ცნობილია წარმატებული არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

„დაუსაბუთებელი თავდასხმების მიუხედავად, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“ - აშშ-ის საელჩომ საგანგებო განცხადება, ხელისუფლების ბრალდებების ფონზე, შარშან ოქტომბერში გაავრცელა.

ასევე ნახეთ მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა

„[USAID-ი] მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი“ და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა“, - განაცხადა მაშინ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაქიიმ, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში თბილისში განათლების სფეროში 14 მლნ დოლარით დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის [5-წლიან] პროგრამას აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონი აშშ დოლარია.

USAID-ის პროგრამის მიზნების ჩამონათვალშია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, შესაძლებლობების განვითარებაში სამოქალაქო აქტორების დახმარება - ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებას, რომლებიც შემდეგ, ერთობლივი ძალით - თავიანთი სოფლისთვის თუ თემისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებენ.

სწორედ ასეთ ადამიანებსა და ინიციატივებზეა „ჩაიხანას“ მიერ გადაღებული არაერთი ვიდეო, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაკვეთით მომზადდა.

Chai Khana აცხადებს, რომ ამაყობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარსული, მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობებით.