„ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება“, - წერია „ქართული ოცნების“ 20 აგვისტოს განცხადებაში.
„ოცნება“ ასევე აცხადებს, რომ „სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ“.
პოლიტიკური ოპონენტებისა და ექსპერტების შეფასებით, „ოცნებამ“ 20 აგვისტოს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების, ავტოკრატიის რელსებზე გადასვლისა და ქვეყანაში თავისუფალი აზრის სრულად ჩახშობის გეგმა გამოაქვეყნა. ბევრმა ეს საარჩევნო პროგრამადაც აღიქვა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთითა და GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლების თანახმად, „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას [მინიმუმ 113 მანდატი] ვერ აგროვებს.
#1 – "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გასაუქმებლად
განცხადების პირველ პუნქტში „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში - დაიწყება სამართლებრივი პროცესი, „რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.
ოპონენტების დასჯას „ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს; ხოლო "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას", როგორც წესი, თითქმის ყველა იმ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას არქმევს, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში და რომლიც, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაკვეთილი ბოლო კვლებით, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ლახავს.
20 აგვისტოს სოციალურ ქსელებში არაერთი შეკითხვა დაისვა და მათ შორის - როგორ აპირებს „ქართული ოცნება“, გააქროს ამდენი საპარლამენტო პარტია, რომელსაც ხალხი არჩევნებზე ნდობას გამოუცხადებს?
ბევრისთვის ეს რეალობა პოლარიზაციის კიდევ უფრო სახიფათო გაღრმავებას ნიშნავს.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება უნდა„ქართული ოცნების“ ახალ განცხადებაში ჩამოთვლილი მიზნები და, მათ შორის, პარტიების აკრძალვა, ექსპერტების შეფასებით, შედეგზე გათვლილი არ არის.
„ეს არის თავიდან ბოლომდე დემაგოგიაზე და პროპაგანდაზე აწყობილი პროცესი. ეს არის რიტორიკა, მაგრამ ძალიან საშიში რიტორიკა, რომელიც ავტორიტარიზმისა და დიქტატის განმტკიცებაზე მიუთითებს. სრული ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება სურთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკის ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია და იქვე განმარტავს, რომ „კონკურენცია და პლურალიზმი [დემოკრატიის] მთავარი პირობაა“, „ხოლო ავტორიტარიზმი კონკურენციისგან სრულად არის დაცლილი“.
პარტიების გაქრობის განაცხადს არჩილ გამზარდია განიხილავს მთლიანობად - "აგენტების კანონთან" ერთად, რომელიც, მისი თქმით, გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს.
"მაგალითად, რუსეთში არჩევნებში ყოველთვის რამდენიმე პარტია ან საპრეზიდენტო კანდიდატი მონაწილეობს, ზოგჯერ შვიდი და რვაც, მაგრამ - ფორმალურად. არცერთს არა აქვს კონკურენციის შესაძლებლობა და, ასე ვთქვათ, იციან თავიანთი ადგილი. თანამედროვე ავტორიტარიზმში ხელისუფლებას ოპონენტების სუსტი კონკურენციის დისკომფორტიც არ უნდა... ახლა „ქართული ოცნება“ ყველანაირი დისკომფორტის მოიხსნას ცდილობს“, - ამბობს არჩილ გამზარდია.
რას ამბობს კანონმდებლობა?
კონსტიტუციის თანახმად, „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით".
საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
- რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
- ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
„ქართული ოცნება“ ისედაც მუდმივად იმეორებს და ბოლო განცხადებაშიც არის ხაზგასმული, რომ „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ "მთლიანად გარედან იმართება და სახელმწიფოს გამუდმებული მტრობით არის დაკავებული“ და „დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ“.
ბრალდებათა მთავარი აქცენტი კეთდება 2008 წლის ომზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ არა რუსეთის წინასწარ გამიზნულ დანაშაულად, არამედ დასავლური ძალების დაკვეთად თვლის და ამ გარემოებების გამოძიების პირობაც უკვე დადო.
„არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ქვია“, - ეს ციტატაც „ქართული ოცნების“ განცხადებიდან არის.
ასევე ნახეთ აგვისტოს ომის მე-16 წელი: "ოცნების" მიზანია გაასამართლოს საქართველოს ხელისუფლება და იპოვოს მისი დამკვეთები
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტიების გასაქრობად „ქართულ ოცნებას“ სულაც არ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებელია მიმართონ პარლამენტის წევრებმა ან მთავრობამ, ხოლო „საკონსტიტუციო სასამართლოში [„ქართული ოცნება“] აკონტროლებს მოსამართლეთა შესაბამის რაოდენობას“.
„ქართული ოცნების ამოცანაა რაღაცნაირად დაასაბუთოს, რისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. იმას ხომ არ იტყვის, განუსაზღვრელი ძალაუფლებისთვის მჭირდებაო. მას უნდა, აჩვენოს ამომრჩეველს, რომ რაღაც რაციონალური უდევს მის ამ მოთხოვნას საფუძვლად...
ვფიქრობ, ამომრჩეველი მშვენივრად ხვდება ან მიხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ განუსაზღვრელი ძალაუფლებისა და საწინააღმდეგო აზრის ჩახშობისთვის სჭირდება“, - ეუბნება ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას.
თავად „ოცნება“ ამ საკითხთან მიმართებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნას „გარე ფაქტორის გათვალისწინებით“ ხსნის:
- „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ეს არიან ის ძალები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას ახორციელებდნენ“.
- „ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახოთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა“.
„ქართული ოცნების“ მიერ გახმაურებული გეგმა, ოპოზიციის შეფასებით, ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების გეგმაა.
„მათ [„ქართული ოცნებას“] მთავარი ამბავი არ ესმით. პარტიები, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, არ არის საბუთები, წესდება და იუსტიციაში გატარებული და რეგისტრირებული დოკუმენტაცია, ეს არის იდეა, ხალხი, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, განვითარებისთვის, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ხალხისთვის დოვლათის მოტანისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის“, - უპასუხა „ქართული ოცნების“ ინიციატივას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ოცნება“ ისედაც რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ბელარუსის ბანაკშია და „სამწუხაროდ, აქეთ მიაქანებენ ქართულ სახელმწიფოს“, მაგრამ „[26 ოქტომბრის არჩევნებზე] დასრულდება მათი ხელისუფლებაში ყოფნა“.
#2 - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვისთვის
განცხადების მეორე პუნქტში „ქართული ოცნება“ იმ საკითხებს უბრუნდება, რომლებითაც გაზაფხულზე საქართველოს რეგიონები შემოიარა და საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში ხალხს სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობით აღჭურვას სთხოვდა.
საკონსტიტუციო უმრავლესობას „ქართული ოცნება“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტის დასამტკიცებლად ითხოვს და 20 აგვისტოს განცხადებაში ჩამოთვლის ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფრთხეებს, რომელთა განეიტრალების საჭიროებასაც, როგორც აცხადებს, კონსტიტუციის დონეზე ხედავს:
- „მისი [ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის] ერთადერთი მიზანი ღირსებისგან, მორალისგან და ყოველგვარი იდენტობისგან ადამიანის სრული დაცლაა“.
- „ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი“.
- „ადამიანმა არ უნდა იცოდეს საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მას არ უნდა ჰქონდეს ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა“.
- „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამოცანა ყველაზე დაბალი რანგის მონის გამოყვანაა, რომელიც მანიპულირებას იოლად დაექვემდებარება“.
ასევე ნახეთ თბილისსა და მოსკოვში სინქრონულად გმობენ ე.წ. ლგბტ პროპაგანდას პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე
„კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა“, - წერია ასევე „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
გაზაფხულზე, ქალაქ-ქალაქ სიარულის დროს, „ქართული ოცნება“ ცდილობდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ საქართველოს დიდი საფრთხე ელოდება და საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში დაიკარგოს სქესის გაგება, ქალისა და კაცის, დედისა და მამის ცნებები და ბოლოს - ქართველობაც.
საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ „ოცნების“ მესიჯები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და კრემლის პროპაგანდისტებისგან ეცნობათ.
მშობელი #1 - მშობელი #2, ბავშვებისთვის სქესის გადაკეთების დასავლური ტენდენცია - ადრე მსგავს სპეციფიკურ ტერმინებს საქართველოში მხოლოდ პრორუსული ძალები იყენებდნენ და ყველაფერს დასავლეთს აბრალებდნენ.
ასევე ნახეთ "როცა უნდა ეწოდოს არა ქალი და კაცი, არამედ მშობელი“ - რაზე ელაპარაკება "ოცნება" ხალხს რეგიონებშივახუშტი მენაბდის განმარტებით, „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არც ამ შემთხვევაშია აუცილებელი, რადგან ყველაფერი, რაც კონსტიტუციური კანონის პროექტში წერია, „ჩვეულებრივი კანონითაც რომ მიიღოს, საკონსტიტუციო სასამართლო მაინც არ გაუუქმებს“, რადგან „საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი დალაგებული და მოგვარებული აქვს“.
#3 - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში
განცხადების მე-3 პუნქტში „ქართული ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ეხება და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ამ შემთხვევისთვის წინასწარ ითხოვს.
„მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიკურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად“, - წერია განცხადების ტექსტში და იქვე ლაპარაკია „ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებზე“, რომ ისინი „გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან“.
ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ამგვარად წამოწევაში არჩილ გამზარდია უპირატესად დევნილთა მგრძნობელობაზე გათვლილ „ფსევდოიმედებსა და ილუზიებს“ ხედავს.
„აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც ისეთი თემებია, რაც შვილთაშვილის დონეზეც არანაკლებ მტკივნეულია. მაგრამ ეს [„ქართული ოცნების“ დაპირებები] არის რიტორიკა და მეტი არაფერი“, - გვეუბნება არჩილ გამზარდია.
ვახუშტი მენაბდისთვის ეს პუნქტი „აბსოლუტურად ილუზორულია".
„ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ ვითომ ძალიან ახლოსაა ამ პრობლემის გადაჭრა და ამიტომ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების შერიგებისა და დეოკუპაციის დასრულების კონტურებიც კი არ ჩანს. ამიტომ ეს საკითხი სრულიად თითიდან გამოწოვილი მგონია“, - გვეუბნება მენაბდე.
ბოლო დროს „ქართული ოცნება“ ხშირად ლაპარაკობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებზე 2030 წლისთვის. მოსკოვიდან კი მას უპასუხებენ, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიაა.
„მათ (საქართველოს) 30 წელია, სურთ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, ეს ვის უკვირს?!" - თქვა ოკუპირებულ აფხაზეთში ახლახან „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშნულმა სერგეი შამბამ 2024 წლის მაისში, როცა იქ ცდილობდნენ გაეშიფრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაპირება 2030 წლისთვის საქართველოს გაერთიანების შესახებ.
„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს.
#4 - ?
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მეოთხე მიზანს თვის ბოლომდე ვერ დაასახელებს, რადგან „ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება“, მაგრამ მაინც ამბობს, რომ - ამ საკითხის „კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს“.
რა შეიძლება იყოს ეს საკითხი?
სოციალური ქსელების დისკუსიებში ჩართულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს ბოლო მიზანი შესაძლოა კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმებას გულისხმობდეს.
„ალბათ, იგულისხმება, მაგრამ ჯერ არ ამბობენ, რომ კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს ის მუხლი, რომელიც ჩვენს ხალხს გარანტიას აძლევს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა. “ქართული ოცნება” პირდაპირ რუსეთის დავალებით მოქმედებს”, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი - რომან გოცირიძე, რომელიც "ოცნების" 4-პუნქტიან გეგმას საარჩევნო პროგრამად მიიჩნევს და "ღალატის პროგრამას" უწოდებს.
78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
78-ე მუხლის დარღვევისთვის „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პრეზიდენტი ზურაბიშვილი და საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან. „აგენტების კანონის“ დამტკიცების გამო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი არაერთი სარჩელი შეეხება კონსტიტუციის სხვა მუხლებსაც.
ვახუშტი მენაბდეს ეეჭვება, რომ "ქართული ოცნების" განცხადების მე-4 პუნქტი კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას უკავშირდებოდეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში - ასეთი დაპირება ხელსაყრელი არ იქნება მმართველი პარტიისთვის.