Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როცა უნდა ეწოდოს არა ქალი და კაცი, არამედ მშობელი“ - რაზე ელაპარაკება "ოცნება" ხალხს რეგიონებში


ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა. 2024 წლის 22 აპრილი, ქუთაისი
ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა. 2024 წლის 22 აპრილი, ქუთაისი

ქალაქ-ქალაქ სიარულით, „ქართული ოცნება“ ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ საქართველოს დიდი საფრთხე ელოდება და საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, შესაძლოა ქვეყანაში დაიკარგოს სქესის გაგება, ქალისა და კაცის, დედისა და მამის ცნებები და ბოლოს ქართველობაც.

საქართველოს ქალაქებში „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო საკონსტიტუციო კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვის სამმა დღემ აჩვენა, რომ ცვლილებების გატანის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ინიციატივის აღსრულებას პრობლემები შეხვდება.

დეპუტატები ვერ პასუხობდნენ აუდიტორიის შეკითხვების ერთ ნაწილს - მაგალითად, როგორ უნდა გააკონტროლონ ადამიანები ანდა ვინ უნდა ამოჭრას კონკრეტული პასაჟები ფილმებიდან.

ქუთაისში, ამბროლაურსა და ოზურგეთში შეკრებილებმა ძირითადად მსგავსი შეკითხვები დასვეს.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისის თეატრში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ „საზოგადოების დაკვეთას“ ასრულებენ და „ორ ფეხზე მყარად მდგომ კანონს“ ქმნიან. თუმცა საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში გამართული დისკუსიები დამკვირვებლებს პროცესის სრულ აბსურდულობასა და ხელოვნურობაზე მიუთითებს.

საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში ჩართვაზე უარის თქმის გამო, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „ლგბტ პროპაგანდის“ მხარდამჭერებს ეძახის. ოპოზიციაში კი, საკონსტიტუციო განხილვების პროცესს რუსული სტილის წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებენ.

რას ეუბნება „ოცნება“ ხალხს?

„ვიღაცამ რომ გითხრათ - რასაც გვეტყვიან, ისე გავაკეთოთ და 2030-ში იქნებით ევროკავშირის წევრები ან რასაც გვეტყვიან, ისე არ გავაკეთოთ, ჩვენი ინდივიდუალურობა შევინარჩუნოთ და ვიქნებით 2035-ში, ვთქვათ - რომელს აირჩევთ?! 35-ს, ხომ?! აი, ასე, შეიძლება რაღაცეები გაგვიჭირდეს, ცოტა გვიან მივაღწიოთ შედეგს, მაგრამ ასე მივდივართ ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვით“, - მიმართა 22 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელსაც არცთუ მქუხარე ტაში დაუკრეს.

მდინარაძე ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებს „ნელ-ნელა აიძულებენ, ერთსქესიანთა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონონ“, გამონაკლისი არც საქართველოა და, რომ დამცავი მექანიზმების გარეშე, საქართველოს, შესაძლოა - ინცესტის ნორმალიზებაც მოახვიონ თავს.

„გავრცელებულია უკვე ტენდენცია, როდესაც მიმართვა ქალბატონებო და ბატონებო ითვლება დისკრიმინაციულად... არის არაერთი ავიახაზები, რომელიც, როდესაც საზღვარგარეთ გაფრინდებით, მოგმართავენ არა როგორც ქალბატონებო და ბატონებო, არამედ როგორც ძვირფასო მგზავრებო. ეს შემთხვევითი არ არის ისევე, როგორც ქალის, კაცის მიმართვა გადახედილია და არის მიდგომები, როცა უნდა ეწოდოს არა ქალი და კაცი, არამედ მშობელი“, - ეს სიტყვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის. 23 აპრილს, ამბროლაურში, აუდიტორიას მან ისიც უთხრა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ ლობისტები, პარლამენტში, კულუარულადაც მოქმედებენ.

„იყო შემოთავაზება, სკოლებში და ბაღებში დანერგილიყო სწავლება ბავშვებისთვის, რომ არსებობს მიდგომები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიჭი ან გოგო ბიჭად ან გოგოდ გაჩნდა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს - ეს გენეტიკა და ყველაფერი თვითაღქმაზეა დამოკიდებული.

ჩვენი კატეგორიული მიდგომა იყო, რომ ეს არის დაუშვებელი და ჩვენ ასეთ ინიციატივას არ დავუჭერდით მხარს. თუმცა ამის საზოგადოებრივად აფიშირება ასე არ მომხდარა ჩვენი მხრიდან, არის საკითხები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა განიხილება“, - ოხანაშვილი არ აკონკრეტებს - ვისგან მოდიოდა შეთავაზება.

მამუკა მდინარაძემ ამავე შეხვედრაზე თქვა, რომ „ვერც დედის დაძახებას და ვერც მამის დაძახებას ვერ აუკრძალავს ვერასდროს ვერავის და ეს იქნება კონსტიტუციით გათვალისწინებული“.

პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაადანაშაულა „ოცნების“ განაყოფი პარტიის - „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა. მისი მსჯელობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს ეყრდნობა, რასაც ხელისუფლებამ მანამდეც ათასგვარი ინტერპრეტაცია დაურთო, აშშ-ის ელჩის განმარტებების მიუხედავად.

„როცა სახელმწიფო დეპარტამენტში მსგავსი რამე ხდება, მეორე დღეს ამას მოჰყვება ასეულმილიონობით და მილიარდობით გრანტები, ზუსტად იგივე ანტიღირებულებების დასანერგად მთელს მსოფლიოში... მარტო გრანტები არ არის, მერე იწყება ზეწოლა ცალკეულ ხელისუფლებებზე, იწყება პირდაპირი მოთხოვნები და იძულებული ხდებიან სხვადასხვა ქვეყნები, რომ დაემორჩილონ ამას და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ გვჭირდება ჩვენ კონსტიტუციით განვამტკიცოთ ჩვენი ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა“, - სუბარი „ლგბტ პროპაგანდას“ „აგენტების კანონთან“ აკავშირებს:

„ამაზე არიან მომართული ენჯეოებიც, მათი მხარდამჭერი თუ აგენტურა პარტიებიც, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან იმ მეორე კანონის მიღებას ასე მძაფრად, რასაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ჰქვია“.

საყოველთაო სახალხო განხილვების ერთთვიანი პროცესი ქუთაისიდან, 22 აპრილს დაიწყო. 23 აპრილს მორიგი რაუნდი რაჭაში, ამბროლაურში შედგა. 24 აპრილს შეხვედრა გაიმართა ოზურგეთში.

განიხილება ორი კანონპროექტი, რომლებითაც „ქართული ოცნება“ „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვას ცდილობს: კანონპროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც 8 პუნქტს აერთიანებს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი „ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების“ გაძლიერებაა.

ხელისუფლება ოპოზიციას ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებს ეძახის და ამით ხსნის უარს - საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში მათ ჩართვაზე.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია რეგიონებში ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატად წარადგინეს, რომელიც მათთან ერთად განხილვების პროცესში მონაწილეობს და სრულად უჭერს მხარს „ლგბტ პროპაგანდასთან“ ბრძოლის აუცილებლობას. ინჯიას ერთადერთი პრეტენზია აქვს - სურს, რომ „ოჯახური ღირებულებების“ მაგივრად კანონში „ქართული ღირებულებები“ ჩაიწეროს.

"რუსული კანონის ნაირსახეობა"

"ლგბტ პროპაგანდის" არარსებული საფრთხეების ფონზე, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ცვლილებებს „აბსურდულს“ უწოდებენ ოპოზიციაში.

ევროოპტიმისტების დეპუტატი, რომან გოცირიძე გვეუბნება, რომ „ლგბტ პროპაგანდასთან“ ბრძოლის ეგიდით - „ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია თვეებით ადრე დაიწყო.

წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ [განხილვების] ამ ხანგრძლივპერიოდიან პროცედურებს. თორემ ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა [113 ხმა] არა აქვს „ოცნებას“ და მაინც ვერ დაამტკიცებს...

მათი მიზანია წინასაარჩევნოდ გაუჩნდეთ სალაპარაკო, იარონ ამ მიზეზით რეგიონებში... ეს არის ასევე რუსული კანონის ერთ-ერთი ნაირსახეობა - პირდაპირ პუტინის საარჩევნო პროპაგანდისტულ ხაზს იმეორებენ. პუტინის ხაზია: ე.წ. აგენტების კანონი, გარყვნილი ევროპისგან თავის დაცვა, ვითომ ტრადიციების დაცვა და სხვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი გოცირიძე.

ის ასევე შენიშნავს, რომ განხილვის პროცესმა „კომიკური სახე მიიღო“:

„კარგად დასცინეს ქუთაისში - რა ცნობა უნდა მიიტანოს ადამიანმა, რომ ის არ არის განსხვავებული ორიენტაციის?! ან ჭორები ვინ უნდა დაამტკიცოს - არის თუ არა განსხვავებული ორიენტაციის?! ხალხი ძალიან კარგად გრძნობს, რომ ეს არის ამავე დროს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის ერთ-ერთი ხერხი ხელისუფლების მხრიდან“.

მშობელი 1 - მშობელი 2, ბავშვებისთვის სქესის გადაკეთების დასავლური ტენდენცია - კრემლის რიტორიკიდან ცნობილი ფრაზების გამოყენება ყოველ ჯერზე ხმაურიან დისკუსიებს იწვევს საქართველოში.

თუკი უწინ საქართველოში ასეთი ტერმინოლოგიით მხოლოდ ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები გამოირჩეოდნენ - ბოლო დროს, მსგავსი ფრაზებით ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოდიან.

რა აჩვენა განხილვის პროცესმა?

განხილვებზე შეკრებილთა შორის - საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირებიც იყვნენ.

ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ აუდიტორია საგანგებოდ იყო შერჩეული და შეკითხვებიც წინასწარ იყო მომზადებული; თუმცა, შეხვედრებზე, „ლგბტ პროპაგანდასთან“ ბრძოლის მიმართ აღფრთოვანება ცოტამ თუ გამოხატა. რამდენიმე გამონაკლისს შორის იყო ხარაგაულის მერი - კობა ლურსმანაშვილი, შეურაცხმყოფელი შეფასებებით.

აუდიტორიის ერთი ნაწილი, ქუთაისში და ამბროლაურში - კანონპროექტებში „ხვრელებს“ ეძებდა და იმის დადგენას ცდილობდა, როგორ გააკონტროლებს ხელისუფლება ადამიანებს, მათ ქცევას, ნაწარმოებებს, ფილმებს.

აღმოჩნდა, რომ ბევრ რამეზე პასუხი არ არის.

„მთავარი გამოწვევა იქნება - პრაქტიკაში როგორ აღსრულდება ეს ყველაფერი. ბევრი ტურბულენტობა იქნება აქ. გამორიცხულია, მარტივად არ იქნება. კი ჩამოვწერთ ახლა ლამაზად, ყველა დაგვეთანხმება, დიდი ნაწილი ტაშსაც დაგვიკრავს, მაგრამ როგორ მოხდება აღსრულება - ეს იქნება მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევა“, - თქვა თავად მდინარაძემ და პირობა დადო, რომ კანონებში უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება.

ყველგან და მათ შორის - ოზურგეთში, 24 აპრილს გამართულ შეხვედრაზე გამეორდა შეკითხვა - ცვლილებების მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულების შესახებ.

"ისინი მიესალმებიან, თუმცა ვერ მოგატყუებთ, რომ დეტალურად გავლილი გვაქვს. არა მხოლო საპატრიარქოსთან, ყველა ძირითად კონფესიასთან ვაპირებთ ამ თემების გავლას. ბუნებრივი ამბავია, რომ საპატრიარქოს პოზიცია ჩვენთვის ცნობილია - ისინი მიესალმებიან ამ ცვლილებებს, მეტიც - სიხარულით უჭერენ მხარს", - უპასუხა შეკითხვას მამუკა მდინარაძემ.

რა ამოიჭრება ფილმებიდან?

ფილმები უნდა აიკრძალოს?! ჩათვალეთ, რომ ვერანაირ ევროპულ ფილმს და ვერანაირ ჰოლივუდის ფილმს ჩვენ ვერ ვნახავთ... ეს არ იქნება მთლად მარტივი საკითხი“, - ქუთაისში, აუდიტორიიდან დაისვა შეკითხვა ლგბტ თემატიკის შემცველი ფილმების სამომავლო ბედთან დაკავშირებით.

„ქართულ ოცნებას“ ზუსტი პასუხი არ აქვს.

ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ფილმები ვერ აიკრძალება, მაგრამ „შემფასებელი იქნება შესაბამისი სამსახური“ [არ სახელდება რომელი] და შემდეგ საკითხი სასამართლოს გზით გადაწყდება.

მამუკა მდინარაძის განცხადება ფილმებიდან სცენების ამოჭრაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:14 0:00

„ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ფილმებიდან კონკრეტული ადგილებიც ამოიჭრება:

„შეიძლება გააკეთო იმგვარი აკრძალვა, რომ ეს ნაწილი [ლგბტ თემატიკის - რ.თ.] იყოს ამოღებული. ჩვენ ამას რომ ვსწავლობდით, მე პირადად მაშინ გავიგე ბევრი ძალიან ცნობილი ფილმის შესახებ, რომელშიც თურმე იმ პერიოდში ნახევარი საათით მეტი იყო... 2-საათიანი ფილმი რომ გვაქვს ნანახი, თურმე ორსაათნახევრიანი იყო და ასეთი რაღაცეების ამოღების გამო გახდა 2-საათიანი.

ასეთი რაღაცეები ამოიღეს, რადგან თავის დროზე ვერ გაბედეს, ახლა ნელ-ნელა ჩაამატებენ... რეალურად, ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ კანონის დონეზე, რომ ასეთი ნაწილები იქნას ამოჭრილი, რაც მხოლოდ პროპაგანდა და პოპულარიზაცია იქნება“, - მდინარაძე არ აკონკრეტებს, რომელი ფილმებიდან, როდის და სად ამოიჭრა „პროპაგანდისტული“ ფრაგმენტები.

ფილმებს „ჩეხავდნენ“ საბჭოთა კავშირში და დღეს - რუსეთში.

ჩამჭრელი შეკითხვა

მამუკა მდინარაძემ „ჩამჭრელი“ უწოდა შეკითხვას, რომელიც 22 აპრილს ქუთაისში დაისვა.

კაცი დაინტერესდა - როგორ უნდა შემოწმდეს ადამიანების სექსუალური ორიენტაცია თანამდებობებზე დანიშვნის წინ, როცა მათ, ზოგჯერ ჭორის დონეზე, ლგბტ თემის წარმომადგენლებად მიიჩნევენ.

„ექსპერტები ჩავუტაროთ თუ როგორ იქნება?!" - ამ შეკითხვის პასუხად მდინარაძემ განმარტა, რომ მათ „არ უნდა შევეხოთ, რა თანამდებობაც არ უნდა იყოს“, მაგრამ „როგორცკი გადაწყვეტს ეს ადამიანი, რომ თავისი ცხოვრების განსხვავებული წესი თავს მოახვიოს“, „აქ ირთვება კანონიც და ჩვენი სწორი მორალური დამოკიდებულებაც“.

აუდიტორია, ქუთაისში და ბათუმში, დაინტერესდა - როგორ გააკონტროლებენ ადამიანს, რომელიც, ვთქვათ, ბავშვს აიყვანს და შემდეგ თავის ცხოვრებას იმავე სქესის ადამიანს დაუკავშირებს. პასუხია, რომ - ასეთი ფაქტები სოციალური სამსახურების ჩართვით, შესაძლოა სასამართლომ მოგვიანებითაც განიხილოს.

აუდიტორიაში ცვლილებების საჭიროების მიმართ გარკვეული სკეპტიციზმიც იგრძნობოდა.

აუდიტორიიდან სამივე ქალაქში იკითხეს - ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ხომ არ უნდა ჩავატაროთო?!

"ოცნება" პასუხობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რეფერენდუმს საქართველო ვერ ჩაატარებს, პლებისციტის ჩატარება კი შესაძლებელია - მაგრამ, ჩანს, რომ ეს ხელიუსუფლების გეგმებში არ შედის.

„როგორ მიმდინარეობს ევროპელ კოლეგებთან მუშაობა და შეფასებებთან რისკი ხომ არ გვაქვს? ერთია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია [ცვლილებები - რ.თ.] და მეორეა, რომ [ევროკავშირში] ინტეგრაციაზე მივიდეთ ბოლომდე, რაც იგივე კონსტიტუციური ვალდებულებაა“, - ეს შეკითხვა „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში დაუსვეს.

მმართველი პარტიის პოზიცია ამ კუთხით ნათელია - თუკი ამ კანონების მიღება ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ ჩაითვლება, მათ მიღებაზე უარს მაინც არ იტყვიან.

ფარსი, გარყვნილი ევროპა

გენდერის მკვლევარს ეკა აღდგომელაშვილს არ გამოჰპარვია, რომ განხილვების დროს, აუდიტორიის ერთი ნაწილი „შეწუხებული იყო იქ ყოფნით“ და „ზოგი სახეზე ხელს იფარებდა, დამალვას ცდილობდა“.

დასმული შეკითხვები კი, მას პროცესის აბსურდულობაზე მიუთითებს და ადასტურებს იმ ვარაუდსაც, რომ ჩაფიქრებული საკანონმდებლო ცვლილებები - ლგბტ თემის უფლებებს კიდევ უფრო შეზღუდავს.

ღირსებით ევროპაშიო - რომ აქვთ ამოჩემებული - შეუძლებელია უკუღმართი ნაბიჯებით წინ მიდიოდეს ქვეყანა, არათუ ევროპისკენ... რისთვის იცლიან ნაცვლად იმისა, რომ დაკავებულები იყვნენ [ევროკომისიის] იმ რეკომენდაციების შესრულებით, რაც სასამართლოს გათავისუფლებას უკავშირდება, რაც კორუფციის დაძლევას უკავშირდება და რაც გვჭირდება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წავიწიოთ წინ“, - ეკატერინე აღდგომელაშვილის შეფასებით, ხელისუფლება „უზნეობით არის დაკავებული“ და აფართოებს სივრცეს სიძულვილისთვის:

„ეს ხელისუფლება მთელი თავისი მმართველობის მანძილზე აღვივებს სიძულვილს ცალკეული ჯგუფების მიმართ... დღეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებას აქვს დრო, იაროს ქალაქ-ქალაქ და გაავრცელოს ეს ჰომოფობიური ნარატივი - საზოგადოების ერთი ნაწილისგან ის ქმნის ხელოვნურ საფრთხეს ქვეყნისთვის... ჩანდა შეხვედრებზეც, რომ ადამიანებს უჩნდებათ ეს ხელოვნურობის შეგრძნება. ადამიანებს უჩნდებათ კითხვა - რამდენად რელევანტურია ამ საკითხის წინ წამოწევა“.

გენდერის მკვლევარს, ეკატერინე აღდგომელაშვილს ბოლო 10 წლის მანძილზე ტრენინგები აქვს ჩატარებული 1000-ზე მეტი საჯარო მოხელისთვის, მათ შორის - პოლიციელებისთვის, პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, გამომძიებლებისთვის. უკვირს, „როგორ შეუძლიათ [ხელისუფლებაში - რ.თ.] ერთი მხრივ - თვლიდნენ, რომ ეს საჭიროა საჯარო მოხელეებისთვის, ხოლო მეორე მხრივ - იაფფასიანი კამპანიით ცდილობდნენ გავიდნენ ფონს“.

„თავისთავად ის, რომ ლგბტ თემთან დაკავშირებულ საკითხებს ასე სამასხარაოდ ხდიან - ესეც გასაბრაზებელია და არც ამის დაიგნორება შეიძლება.... მეორე მხრივ, მართლა დადგმულ სპექტაკლს ჰგავს [ეს განხილვები] - როცა დასმა, რომელიც სცენაზეა, იმანაც იცის, რომ აბსურდს თამაშობს და იტყუება... და დარბაზმაც იცის, რომ სცენაზე მდგომი იტყუება... შეთანხმებული, გათამაშებული ფარსია“, - ეუბნება ეკატერინე აღდგომელაშვილი რადიო თავისუფლებას.

აღდგომელაშვილი შიშობს, რომ ხელისუფლება აღარ აპირებს ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას და წინასწარ ამზადებს დასაყრდენს იმის სათქმელად, რომ "აი, ჩვენ იმის გამო არ გვიღებენ [ევროკავშირში], რომ „ტრადიციების დაცვაზე“ ვაკეთებდით აქცენტს და გარყვნილმა ევროპამ არ მოინდომა ჩვენი შეშვება ევროკავშირში".

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა საყოველთაო სახალხო განხილვას განაგრძობს და საქართველოს შემოვლას ერთ თვეში აპირებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG