ბრალდებების გაძლიერება დროში დაემთხვა ვაშინგტონის მიერ პარტნიორი ქვეყნების გაფრთხილებას, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი ცდილობს „გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე“ მთელ მსოფლიოში.
არ არსებობს რუსეთის ქართულ არჩევნებში ჩარევის არცერთი მაგალითი - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი ჩაერია.
ხელისუფლების ბრალდებების მოსმენა საქართველოში მოუწევს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ბიუროში - ელჩ ერინ მაქიის. ის თბილისს 25 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად ეწვია.
ოპოზიციური პოლიტიკოსები და ექსპერტები საერთაშორისო პარტნიორების მორიგ და მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ლაპარაკობენ და სავარაუდო მიზეზებს შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ასახელებენ.
„შეკრული წრე“
საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მეორე პირი - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლაპარაკობს „შეკრულ წრეზე“, რომლის მიხედვითაც საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება ხდება და ამ კონტექსტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა [USAID] და ევროკავშირს ასახელებს. „შეკრულ წრეში“ ის სამ კომპონენტს გამოყოფს:
- დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ.
- მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება.
- მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს.
ანგოლაში ვიზიტისას, 24 ოქტომბერს, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქტივისტებისთვის „ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის“ და ამ დროს ახსენა „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ (EED).
„ერთის მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და, მეორეს მხრივ, ევროკავშირის ფული, მისი დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ფულს, აი, ეს ფული საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში“, - პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ EED-ი საქართველოში „ფარულად მოღვაწეობს“ და ფაქტები, გზადაგზა, ხელისუფლებისთვისაც შემთხვევით ხდება ცნობილი.
ევროკავშირმა მაშინ მადლობა გადაუხადა პროცესში მონაწილე ორ ორგანიზაციას - „ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის“ (EED), რომელმაც თანხა გამოყო და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია), რომელმაც ეს თანხა ხელისუფლებას გადასცა.
შალვა პაპუაშვილი ასევე ახსენებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID], რომელიც, მისი თქმით, ხშირად ეხვევა სკანდალებში.
პარლამენტის თავმჯდომარე, ერთი მხრივ, ამბობს, რომ USAID-ში „რამდენიმე ჩინოვნიკი... ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში“ და, მეორე მხრივ, უთითებს, რომ USAID-ი საქართველოში არჩევნების პროცესში ერეოდა.
„2020 წლის არჩევნებში USAID-ი ერეოდა იმით, რომ მისი დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებდა ყალბ შედეგებს პარალელური დათვლისას“, ხოლო „თავად USAID-ის ჩინოვნიკებმა ეს იცოდნენ და უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას“.
USAID-ის წინააღმდეგ ბრალდებებს წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ოქტომბრის დასაწყისში მორიგი გამოძიების დაწყება საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გამართულ „ტრენინგების საქმეზე“.
გამოძიება დასრულებული არ არის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რამდენიმე კვირაა იმეორებს, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის „პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.
ასევე ნახეთ კობახიძე განმარტებას ითხოვს აშშ-სგან „რევოლუციის მოწყობაზე“ ტრენინგის დაფინანსებისთვის
„შეკრული წრის“ ერთ-ერთ კომპონენტად შალვა პაპუაშვილმა სწორედ ტრენინგები დაასახელა.
ოქტომბრის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.
ასევე ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა USAID-ის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებასრით ხსნიან ბრალდებებს ხელისუფლების ოპონენტები?
„ასეთი აბსურდები როგორ შეიძლება გაჟღერდეს იმ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის პირიდან, რომელიც დღე-დღეზე ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თუკი სასამართლოს დასკვნის გარეშე პარლამენტის თავმჯდომარე მსგავს აბსურდს ამბობს, უნდათ კი ევროკავშირი ["ქართულ ოცნებაში"]?! ეს არის მორიგი დემარში საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და მსგავს განცხადებებს 2024 წლის არჩევნებს უკავშირებს.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ქართულ ოცნებას" აშკარად გაუჩნდა შიში, რადგან სრულად პროპორციული სისტემისა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ხედავს საფრთხეს, რომ ვერ აიღებს ხმების 50%-ს. ამიტომ აქვს ორი მიზანი - სრული დისკრედიტაცია, ერთი მხრივ - ოპონენტების და, მეორე მხრივ - დასავლეთის. "ქართულ ოცნებას" წინასწარ ეშინია არჩევნების შედეგებზე დასავლეთის პოზიციისა. სურთ, რომ წინასწარ გააჩინონ უნდობლობა. ეს არის არჩევნების გაყალბების წინასწარი დაბევება“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
მისი შეფასებით, სწორედ „USAID-ის და ზოგადად - ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებაა, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, რომ საქართველო დღემდე არსებობს, როგორც სახელმწიფო“ და „არ დარჩენილა საქართველოში სახელმწიფოს განვითარების, საზოგადოების განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების არცერთი სფერო, სადაც USAID-ს მილიონები არ ჰქონდეს ჩადებული“.
„ხელისუფლება განვითარებულ საზოგადოებაში ხედავს საფრთხეს და USAID-თან თუ ევროკავშირთან დაპირისპირებით, ხელისუფლება საზოგადოების განვითარების ფანჯარასაც ხურავს“, - ამბობს ლაგაზიძე.
„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ შალვა პაპუაშვილმა თუ "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებმა, შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევაში რჩება საქართველოს მეგობრად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „რეფორმების ჯგუფის“ აპარატის ხელმძღვანელმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ, რომელიც აშშ-ში იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური კოალიციის დელეგაციასთან ერთად.
„მაგალითად, USAID-ი აირჩიეს იმიტომ, რომ USAID-ი აპირებს ყველაზე მეტი დამკვირვებლის გამოგზავნას მომავალ არჩევნებზე. მთავარი ამოცანა გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნაა. სწორედ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მიაქვს "ქართულ ოცნებას" იერიში. მანამდე IRI-ის დაუპირისპირდნენ... ეს არის პრევენცია, რომ ხელი შეეშალოთ დამკვირვებლებს და მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთოდ უარი უთხრან ჩამოსვლაზე, ისე სწრაფი ტემპით ვითარდება "ქართული ოცნების" ანტიამერიკული კამპანია“, - სერგო ჩიხლაძე ასევე გვეუბნება, რომ სადამკვირვებლო მისიის შესახებ ვაშინგტონში USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროშიც ისაუბრეს და გამოხატეს სურვილი, რომ 2024 წლის საარჩევნო პროცესს მისია გაზაფხულიდან დააკვირდეს.
USAID-ის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან
USAID-ი საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან და, მათივე თანახმად, 40-მდე სხვადასხვა მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს. პროექტებზე 1,9 მილიარდი დოლარია დახარჯული. ეს ამერიკელი ხალხის, გადასახადის გადამხდელთა ფულია. მიმდინარე პროგრამების საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ფული ხმარდება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, რეგიონის გაძლიერებისა და სხვა მიმართულებების პროექტებს.
„USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კანონის უზენაესობას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს - მედეგად გაუმკლავდეს კრემლის გავლენას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“, - წერია USAID-ის საქართველოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
ხელისუფლების ბრალდებების ფონზე, 25 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ - საქართველოში ჩამოვიდა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში - ელჩი ერინ მაქიი. ის ხელმძღვანელობს აშშ-ის დელეგაციას, რომელიც თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს.
ეს ვიზიტი „კიდევ უფრო გაამყარებს USAID-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება“, - წერია USAID/საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
- ამჯერად, ელჩი მაქიის მონაწილეობით დაიგეგმა განათლების სფეროში ახალი პროგრამის ოფიციალური გახსნა. ბიუჯეტი 14 მილიონ დოლარს შეადგენს. USAID-ის თანახმად, „ეს პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას“.
- ერინ მაქიი საქართველოს 2022 წელსაც ესტუმრა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ლაპარაკობდა არაერთ ახალ პროგრამაზე, მათ შორის - მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, რომელებისთვისაც მილიონობით დოლარი გამოიყო.
ასევე ნახეთ ერინ მაქიი (USAID): “ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, დაცული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი”
2021 წლის 21 მაისს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას - „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“. მაშინ ითქვა, რომ USAID-ი საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.
საგრანტო შეთანხმებას მაშინ „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ პროგრამა მიზნად ისახავს „მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას“.
25 ოქტომბერს, ერინ მაქიი კასპში შეხვდა ბიზნესმენებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„USAID-ის პარტნიორობა საქართველოსთან ხელს უწყობს ადგილობრივი თემების გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც საქართველოს მოსახლეობას უქმნის უფრო სტაბილურ, უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალს“, - წერია USAID/საქართველოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.