Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის დასკვნა გაფართოებაზე - რას ველით, როდის?


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

როდის გამოაქვეყნებენ მოხსენებებს?

ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება გაფართოების შესახებ, წესით, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს თარიღი საბოლოო არ არის - თავდაპირველად ის შემოდგომის დასაწყისში უნდა გამოქვეყნებულიყო, შემდეგ ოქტომბრის ბოლოს და თანდათან ნოემბერში გადაინაცვლა. თუმცა, ამჯერად ეს ვადა ჭკუასთან ახლოს მოჩანს.

ერთი მიზეზი, რატომ გადაიწია თარიღმა, ისაა, რომ ჯერ არ სურდათ მოხსენებები 26-27 ოქტომბრის ევროკავშირის სამიტის წინ გამოქვეყნებულიყო, რადგან ეს ყურადღებას გადაიტანდა სხვა თემებისგან, მაგალითად, ბიუჯეტის და მიგრაციიის საკითხებისგან, რომელთა განხილვასაც აპირებენ ევროკავშირის ლიდერები.

ამავე დროს, გაფართოების პაკეტი უზარმაზარია, უნდა შეაფასონ 10 ქვეყანა - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთი მაკედონია, ანუ მართლაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

ამავე დროს, მოხსენება თან დროულად უნდა მომზადდეს, რადგან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ, დოკუმენტების შესწავლა უნდა მოასწრონ.

გადაწყვეტილებს კი ჯერ 12 დეკემბერს, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭო მიიღებს, ორი დღის შემდეგ კი - ევროკავშირის სამიტი.

ამგვარად, 8 ნოემბერი რეალურ თარიღად მოჩანს, ჯერჯერობით მაინც.

რა ეწერება მოხსენებებში?

მთავარი შეკითხვა სწორედ ესაა. ტექსტი ახლა იწერება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებებს 8 ნოემბრის წინა დღეებში ან თავად ამ დღეს მიიღებენ.

ამ საქმეში კი კომისიის ბევრი სამსახური და კომისარი მონაწილეობს. ჩემი შთაბეჭდილებით, რომელიც ამ პერიოდში სხვადასხვა წყაროსთან საუბრის შემდეგ ჩამომიყალიბდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას დადებით რეკომენდაციებს მისცემენ.

ხშირად ახსენებენ, რომ ეს პროცესი დამსახურებებს ეფუძნება. ეს მართლაც ასე, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. საბოლოოდ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ყოველთვის ასეთად დარჩება, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ევროკავშირში დამსახურებებზე.

ამის საუკეთესო მაგალითია შარშან ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. ამ ქვეყანამ ევროკომისიის მიერ მანამდე დაწესებული 14 რეკომენდაციიდან ბოლომდე არც ერთი არ შეასრულა, თუმცა, საბოლოოდ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. იფიქრეს, რომ „პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაეგზავნათ სარაევოსა და დასავლეთ ბალკანეთში.

ან, შარშანდელი გადაწყვეტილება ავიღოთ, რომლის მიხედვითაც მოლდოვას და უკრაინას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს. ეს გადაწყვეტილებაც დამსახურებებს კი არ ეფუძნებოდა, არამედ გამოწვეული იყო რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებით უკრაინაში. ამგვარად, ამ ტრიოს შეიძლება ყველა რეკომენდაცია არც ახლა შეუსრულებია, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა პოლიტიკური ფაქტორებიც: ევროკავშირი გაფართოების გზას ადგას, მომავალ წელს კი ევროპარლამენტის არჩევნებია, რაც მთელ ყურადღებას თავისკენ წაიღებს. ბრიუსელი მიიჩნევს, რომ ამ ტრიოს ხელის წაშველება სჭირდება და მათი ბოლომდე დაყოფაც არ ჩანს მიზანშეწონილად.

რაც შეეხება საქართველოს: კანდიდატის სტატუსს შეიძლება დათქმები ახლდეს თან და თბილისს მოსთხოვონ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შემდეგ ეტაპზე - ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასასვლელად.

ასე რომ, ეს პროცესიც მრავალგვარად შეიძლება განვითარდეს.

არსებობს ალტერნატიული სცენარი?

არ არის გამორიცხული.

ამას წინათ მოვისმინე, რომ ევროკომისიამ შესაძლოა განსხვავებული სცენარი განიხილოს: შეიძლება მკაფიო რეკომენდაციები არ გასცენ, ზოგადი სურათი აღწერონ და შემდეგი ნაბიჯები ბუნდოვანი დატოვონ.

საქმე ისაა, რომ საბოლოოდ ევროკომისია კი არ წყვეტს, თუ ვის მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს ან ვისთან დაიწყებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ, არამედ ამას ევროპის საბჭო აკეთებს, 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობით.

გვაქვს პრეცედენტი, როდესაც საბჭოს კომისიის რეკომენდაციაზე უარყოფითი პასუხი გაუცია. მაგალითად, კომისიამ ჯერ კიდევ 2009 წელს გასცა რეკომენდაცია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო და ამ რეკომენდაციას შემდეგ ყოველ წელს იმეორებდა. საბოლოოდ კი წევრი ქვეყნები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ 2020 წელს შეთანხმდნენ [როდესაც საბერძნეთმა აღარ დაბლოკა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შემდეგ, მოლაპარაკებები კი მხოლოდ 2022 წელს დაიწყო, როდესაც ბულგარეთთან უთანხმოება მოიხსნა დღის წესრიგიდან].

რას იზამს საბჭო დეკემბერში?

სავარაუდოდ, დიდი ვაჭრობა გაჩაღდება ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ბრიუსელში დეკემბერში სულ ასეა ხოლმე, რადგან საშობაო არდადეგებამდე ბევრი სხვადასხვა საკითხის გადაჭრა უნდა მოესწროს - არა მხოლოდ გაფართოების თემებისა.

ქვეყნების უმეტესობა მოხარული იქნება, თუ მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყება გაფართოების შესახებ. ვაჭრობაც აქ დაიწყება. უნგრეთმა, რომლის გულის მოგებასაც საქართველო დიდი ხანია ცდილობს, შეიძლება განაცხადოს, რომ კვლავაც უკმაყოფილოა უკრაინაში ეთნიკური უნგრელების მიმართ დამოკიდებულებით და კიევს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ საქართველოც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

ვეტოს უფლება ყველა ქვეყანას აქვს, ამიტომ ეს quid pro quo-ს თამაში იქნება. ხატოვნად რომ ვთქვათ: ან ყველა ერთად ახტება, ან კი - არავინ. ეს იმასაც კი ნიშნავს, რომ დეკემბერში დასაშვებია ასეთი სცენარიც ვიხილოთ - არავინ არაფერს იღებს. არც კანდიდატის სტატუსს, არც მოლაპარაკებების დაწყებას.

არ გყოფნით სირთულეები? აი, კიდევ ერთი დავამატოთ - მსმენია, რომ რამდენიმე ქვეყანამ - ავსტრიამ, სლოვენიამ და ხორვატიამ - შეიძლება მოითხოვოს მოლაპარაკებების დაწყება ბოსნიასთან. აქაც იგივე ვითარებაა, რაც შარშან იყო სარაევოსთან დაკავშირებით: იტყვიან, რომ საჭიროა აღმოსავლეთით გაფართოებასთან ერთად პარალელურად დასავლეთი ბალკანეთიც დაფარონ. სხვა ქვეყნები ამის წინააღმდეგნი არიან და ამტკიცებენ, რომ ბოსნიას 2022 წელს კანდიდატის სტატუსიც არ ეკუთვნოდა, ეს ნაბიჯი უკვე მეტისმეტია.

მოკლედ, ბრიუსელში უზარმაზარი ფაზლი უნდა ააწყონ, ვიდრე ერთმანეთს საშობაო საჩუქრებს გადასცემენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ თავსატეხი შეიძლება საერთოდ ამოუხსნელი დარჩეს და თუ მას დაასრულებენ, ეს პოლიტიკურ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული და არა დამსახურებებზე ან რეკომენდაციების სრულად შესრულებაზე.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG