Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საქართველო უპარტნიორო ქვეყანაა” - იუჯინ კოგანი ისრაელზე, ყარაბაღსა და პოლიტიკის ქართულ თამაშებზე


ვენის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი იუჯინ კოგანი
ვენის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი იუჯინ კოგანი

„საქართველო მზად არაა თავი დაიცვას, თუ მოსკოვში გადაწყვეტენ, რომ კიდევ შემოიჭრან. და ეს ძალიან დიდი სისუსტეა - რომელიც წლების წინ უნდა მოგვარებულიყო და დღემდე მოუგვარებელი რჩება... თქვენი დღევანდელი მთავრობა… აკეთებს მხოლოდ იმას, რაც დაეხმარებათ სკამებზე ჩაბღაუჭებაში... ვფიქრობ, საქართველოში საკუთარი თავისთვის რთული შეკითხვების დასმით თავს არ იწუხებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვენის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი იუჯინ კოგანი, რომელიც ბოლო 10 წელია საქართველოში ცხოვორობს. კოგანს ვაჟა თავბერიძე რეგიონში საქართველოს როლზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყარაბაღზე და ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ახალ ომზე ესაუბრა.

უპირველეს ყოვლისა, პასუხი მოეთხოვება ისრაელის დღევანდელ მთავრობას და პირადად ბენიამინ ნეთანიაჰუს

რადიო თავისუფლება: ისრაელში და ახლა უკვე ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენების თქვენეული შეფასებით დავიწყოთ. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე?

იუჯინ კოგანი: 6-თვიანი სამზადისი მაინც სჭირდებოდა იმას, რაც ჰამასმა ჩაიდინა გასულ კვირას - ეს იყო კარგად ორკესტრირებული, კარგად კოორდინირებული თავდასხმა - ვფიქრობ, თვითონაც კი სახტად დარჩნენ, ისე „კარგად“ გამოუვიდათ ყველაფერი, ისე მარტივად გაარღვიეს ისრაელის თავდაცვის ხაზი და ასეთ მოკლე დროში ამდენი ებრაელი ამოხოცეს. ეს შოკი იყო ისრაელისთვის და, რა თქმა უნდა, დაისმება კითხვა - ვისი ბრალია ეს ჩავარდნა? პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ? მე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, პასუხი მოეთხოვება ისრაელის დღევანდელ მთავრობას და პირადად ბენიამინ ნეთანიაჰუს. სწორედ მისი მთავრობაში დაბრუნების შემდეგ დაიწყო, ერთი მხრივ, განუწყვეტელი სახალხო დემონსტრაციები, მეორე მხრივ კი, შეიარაღებული ძალების ხარისხი და მზადყოფნა მკვეთრად გაუარესდა. და ჰამასმა, თავისთავად ცხადია, ამ ყველაფრით ისარგებლა.

რადიო თავისუფლება: რის მიღწევაზეა გათვლილი ისრაელის საპასუხო ქმედებები?

იუჯინ კოგანი: ოპერაციას უკიდურესად ართულებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ღაზის სექტორში ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთანაა შეზრდილი, არამედ ისიც, რომ მათ ჯერ კიდევ ტყვედ ჰყავთ 150 მდე [ბოლო ცნობებით მთლიანობაში 199 ტყვე რ.თ] ისრაელის მოქალაქე, რომელთა ცოცხლად დახსნა ტყვეობიდან აუცილებელია.

რადიო თავისუფლება: და როგორ ფიქრობთ, იმის მიხედვით, რასაც ჯერჯერობით ვხედავთ, მოახერხებენ ორივე ამოცანის შესრულებას?

იუჯინ კოგანი: ვფიქრობ, სულ მცირე, ამ პირველი კვირის განმავლობაში ღაზის სექტორი განუწყვეტლად დაიბომბება. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ჰამასის ინფრასტრუქტურასთან ერთად, ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. პრობლემა იმაშია, რომ...

რადიო თავისუფლება: არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ მოსახლეობაც.

იუჯინ კოგანი: სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. ეს ერთი დიდი ჰიდრაა - საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჰამასი საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ფარად იყენებს. იმედია, ეს არ ავიწყდებათ მათ, ვინც დღეს ისრაელისკენ იშვერს თითს. ნურც იმას დაივიწყებენ, რომ სწორედ ჰამასის ქმედებებმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მათ მიერ ჩადენილმა სიმხეცემ, რასაც სამი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რადიო თავისუფლება: არის კიდევ ერთი ასპექტი. და მოდით, პირდაპირ გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, იმ პალესტინელების ოჯახები, რომლებიც ისრაელის საპასუხო დაბომბვას ემსხვერპლნენ, ის მშობლები, ვინც შვილები დაკარგეს, ვის დაადანაშაულებენ ამ ყველაფერში - ჰამასს თუ ისრაელს? რას იფიქრებენ ისინი - რომ ეს დამსახურებული საზღაური იყო ჰამასის ქმედებების პასუხად თუ ისრაელისკენ გაიშვერენ თითს და კიდევ უფრო მეტი სიძულვილით აღივსებიან?

იუჯინ კოგანი: მგონია, რომ ორივე მხარეს დაადანაშაულებენ.

Რთულია, ხელი ჩამოსართმევად გაუწოდო მას, ვინც შენთვის თითების მოჭმას აპირებს.

რადიო თავისუფლება: მოდით, გავიხსენოთ გოლდა მეირის ის ცნობილი ფრაზაც: რომ არაბებთან მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც მათში საკუთარი შვილების სიყვარული უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ებრაელების სიძულვილი. თუ სწორად მახსოვს, ასეა, თუ არა, შემისწორეთ. რამდენად შორს ვართ დღეს ამ დღისგან?

იუჯინ კოგანი: როდესაც საქმე ღაზის სექტორს ეხება, ვფიქრობ, შორს ვართ, ძალიან, ძალიან შორს ამ დღისგან. რასაც დღეს ვხედავთ, არის ის, რომ ისრაელის მთავრობა საკუთარი შეცდომის შედეგებს იმკის: მათ ჩათვალეს, რომ ჰამასთან მოლაპარაკება შეიძლებოდა, რომ შეძლებდნენ, ჰამასი პარტნიორად ექციათ, რომ ეკონომიკური კავშირები, ვაჭრობა და ა.შ. მშვიდობისკენ წაგვიყვანდა... ახლა კი ალბათ უკვე ყველამ ფართოდ გაახილა თვალები და დაინახა, რომ არა, ჰამასი პარტნიორად ვერ იქცევა, ეს შეუძლებელი თუ არა, ძალიან, ძალიან რთულია. რთულია მამაცი გამომეტყველებით გაუწოდო ხელი ჩამოსართმევად მას, ვინც შენთვის თითების მოჭმას აპირებს.

რადიო თავისუფლება: გარე აქტორებზეც გადავიდეთ - ვინ რა მოიგო ან წააგო ამ ყველაფრით?

იუჯინ კოგანი: ყველა გაიძახის, ირანიო, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ირანი ხეირობს ამ ყველაფრით. ხეირობს ჰეზბოლაც, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი არ ჩქარობენ კონფლიქტში ჩართვას, რადგან იციან, რომ ლიბანშიც მათ მიმართ თითქმის ამოიწურა მოთმინების ფიალა და მოსახლეობის რისხვა შეიძლება დაატყდეთ თავს. ამიტომ ჰეზბოლა მაქსიმალურად ფრთხილ თამაშს თამაშობს. ქაღალდზე ბენეფიციარად მოჩანს სირიაც - ოღონდ ბაშარ ასადს ჯერ კიდევ იმდენი პრობლემა აქვს სახლში, შინა ფრონტზე, რომ მეეჭვება მოიცალოს იმის გასარკვევად, რა ხდება ღაზის ქუჩებში. ეგვიპტე, ყატარი და თურქეთი ტრადიციულად ეცდებიან, მხარეებს შორის მედიატორის მანტია მოისხან.

რადიო თავისუფლება: რუსეთზე რას იტყოდით? კონფლიქტში ჩართვას არ ვგულისხმობ - აწყობს თუ არა რუსეთს ყურადღების უკრაინიდან ისრაელზე გადატანა?

იუჯინ კოგანი: არ მგონია, რომ აშშ, ნატო ანაც ევროკავშირი ღაზის კონფლიქტის გამო უკრაინის მიმართ ნაკლებ ყურადღებას გამოიჩენენ. ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც შესაძლოა მოვლენათა მსგავს განვითარებას მოასწავებდეს. კიდეც რომ მოხდეს - და კიდევ გავიმეორებ, ძალიან მეეჭვება - ეს მოკლევადიანი პროცესი იქნება, დროებითი.

რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი ბერკეტი რჩება კავკასიის რეგიონში

რადიო თავისუფლება: ჩვენი რეგიონისკენ გადავინაცვლოთ - ისრაელის მოვლენებმა თითქოს რაღაცნაირად გადაფარა ყარაბაღის ახალი, ერთდღიანი ომი - ან, უფრო სწორად, სამხედრო ულტიმატუმი, რის შედეგადაც ბაქომ ყარაბაღი ჯერ დე ფაქტო დაიბრუნა, შემდეგ კი ერევანმაც აღიარა ეს რეგიონი აზერბაიჯანის ტერიტორიად. რას ცვლის ეს სამხრეთ კავკასიაში, გეოპოლიტიკის გადმოსახედიდან?

იუჯინ კოგანი: მე თავს შევიკავებდი ხელაღებით დასკვნების კეთებისგან. ერთი წყება სტატიები წავიკითხე, სადაც თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ეს ქვეთავი უკვე დაიხურა: რუსეთი გააძევეს! თურქეთი და აზერბაიჯანი ზეიმობენ, სომხეთის საქმე კი გათავებულია! ამ მოსაზრებების მქონეთ შევახსენებდი, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი ბერკეტი რჩება რეგიონში: იქნება ეს ეკონომიკური კავშირები, პოლიტიკური გავლენა თუ რუსეთის სამხედრო ბაზა და სამშვიდობოები სომხეთში. ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსეთი მორჩა, გააძევეს, ვშიშობ, ეს უფრო სასურველის რეალობად გასაღებას ჰგავს. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში, როგორ გამოიყენებს რუსეთი ამ ბერკეტებს და მერე უფრო შეგვეძლება იმის მტკიცება, რჩება რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში თუ გადის.

რადიო თავისუფლება: იმის იმედი მაინც თუ შეიძლება გვქონდეს, რომ ეთნიკური სიძულვილი დაიძლევა და რეგიონში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც, მშვიდობა დაისადგურებს?

იუჯინ კოგანი: ვშიშობ, ესეც ნაჩქარევი დასკვნაა. მანამდე მაინც, სანამ გადაუჭრელი რჩება ისეთი უკიდურესად ჩახლართული საკითხი, როგორიც ზანგეზურის დერეფანია. ესაა საკითხი, რომელზეც კომპრომისზე წასვლა არც ერთ მხარეს არ სურს. სომხეთისთვის აქ დათმობა წარმოუდგენელია, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა, ალიევი და ერდოღანი კი არაფრის დათმობას არ აპირებენ. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს წინადადება, რომ თბილისი იქცეს მოლაპარაკებების პლაცდარმად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნაადრევი და მეტიც, გულუბრყვილოა. ეს არის ჟესტი, რომელსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს. რადგან ბაქოშიც და ერევანშიც ამ საკითხში დიდი აქტორების მონაწილეობა ურჩევნიათ - ევროპის, ამერიკის, თუნდაც რუსეთის. ამ გადმოსახედიდან საქართველო ქვემსუბუქი წონის მოკრივედ აღიქმება, ე.წ. ბუმბულის წონად (featherweight).

საქართველო ქვემსუბუქი წონის მოკრივედ აღიქმება, ე.წ. ბუმბულის წონად

რადიო თავისუფლება: გადავინაცვლოთ საქართველოზეც - უკვე ათი წელია, აქ ცხოვრობთ. როგორ ართმევს დღეს საქართველო თავს ამ „სახიფათო წყლებში“ ნავიგაციას?

იუჯინ კოგანი: საქართველოს ერთი დიდი სუსტი წერტილი აქვს, მთავარი სუსტი წერტილი - ესაა ქვეყანა, რომელსაც რეგიონში რეალური პარტნიორი არ ჰყავს. როდესაც პარტნიორები არ გყავს, გიწევს, უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინო. თურქეთს საქართველოს ნამდვილ პარტნიორად ვერ ჩავთვლით, სხვა კი არავინაა, ვისაც რეგიონში შეუძლია დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. აზერბაიჯანი... აზერბაიჯანი მეგობარია და არა პარტნიორი, განსაკუთრებით სამხედრო გადმოსახედიდან. ამერიკელები შორს არიან და თანდათან კიდევ უფრო შორდებიან რეგიონს. ევროპისთვის საქართველო შავი ზღვის ქვეყანა კია, მაგრამ ის აღიქმება ქვეყნად, რომელიც „შავი ზღვის გაღმაა“, ანუ რეალური ინტერესების სფეროს გადაღმა. შევადაროთ საქართველოს მდგომარეობა თუნდაც იმავე მოლდოვას - მოლდოვას ზურგს უმაგრებს რუმინეთი, შესაბამისად, შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყნის იმედი ჰქონდეს. საქართველო ზედმეტად შორსაა ევროპისა და ევროკავშირისთვის.

რადიო თავისუფლება: სამაგიეროდ, ახლოსაა თურქეთთან, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა. და აქ მინდა გავიხსენო თქვენი ბოლოდროინდელი ნარკვევი თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სადაც წერთ: „პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ თურქეთი, თბილისსა და ანკარას შორის მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, კონფლიქტში არ ჩაერთვება საქართველოს გამოსახსნელად, თუ მოსკოვში გადაწყვეტენ, რომ დროა, საქართველოზე პირდაპირი კონტროლი დაამყარონ. მეტიც, თუ ერთ დღეს, სამომავლოდ, პუტინი და ერდოღანი გადაწყვეტენ, საქართველო თავიანთი გავლენის სფეროებად დაყონ, საერთაშორისო საზოგადოება კი შეშფოთდება, მაგრამ შექმნილ კონფლიქტში სამხედრო გზით ჩართვისგან თავს შეიკავებს“. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო სცენარი?

იუჯინ კოგანი: ამ მომენტისთვის ეს არარეალურად მოჩანს, მაგრამ როდესაც საქმე ერდოღანთან გაქვს, ვერაფერს გამორიცხავ. აიღეთ ასეთი სცენარი: 5-6 წელიწადში, დასავლეთთან გაუცხოებულ და დაპირისპირებულ ერდოღანს პუტინი სოჭში იწვევს, „ოჯახურ გარემოში“ სასადილოდ, შემდეგ კი სთავაზობს საქართველოს, ამ უცნაური მიწის, რომელსაც გეოგრაფიულ მდებარეობასთან შეუსაბამო დასავლური მისწრაფებები „აწუხებს“, განაწილებას - თურქეთის მიმდებარე ტერიტორიები თურქეთს, დანარჩენი საქართველო კი რუსეთის პროტექტორატი გახდება, როგორც „ადრე, იმ ძველ დროს“ იყო. დიახ, ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია, მაგრამ წარმოუდგენელი სულაც არ არის.

რადიო თავისუფლება: საინტერესო თეორიაა. საქართველოში ალბათ იტყოდნენ, რომ ეს „ჰო მაგრამ” მიდგომაა, ე.წ. whataboutism-ია და რომ თქვენ რუსეთს, შემდგარ აგრესორსა და ოკუპანტს, უთანაბრებთ თურქეთს, რომელსაც პოტენციურ აგრესორად ხატავთ. სამართლიანია ეს შედარება-გათანაბრება?

იუჯინ კოგანი: ვფიქრობ, რომ საკმაოდ სამართლიანია - არ დაგვავიწყდეს, რომ რიგი ტერიტორიები, რომელიც სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ საქართველოს მიეკუთვნებოდა, დღეს თურქეთს ეკუთვნის. და დიახ, გეთანხმებით, რომ ეს წარსულია, „ის ძველი დროა“, მაგრამ თუ მართლა გავლენის სფეროებად დანაწილებაზე მივა საქმე, მაშინ ვფიქრობ, თურქეთს საქართველოს ერთი მესამედი დარჩება, ორ მესამედს კი რუსეთი წაიღებს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ეს არ დააყენებს მათ თანაბარ პირობებში, თუკი ეს დაგამშვიდებთ.

რადიო თავისუფლება: სიმართლე გითხრათ, არა - არაა მაინდამაინც შვებისმომგვრელი ფიქრი. და რატომ წავა თურქეთი ამაზე? მეორე რუსეთად და საერთაშორისო პარიად ქცევაზე? იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ნატოს წევრი ქვეყანაა და ამის გამო ნატოში თავზე ხელს არ გადაუსვამდნენ.

იუჯინ კოგანი: ჯერ კიდევ არის ნატოს წევრი, მე ასე ვიტყოდი. უკანასკნელი 6-7 წლის მანძილზე თურქეთი თანდათან შორდება დასავლეთს და დასავლურ განწყობებს და სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს, იზრდება ერდოღანსა და პუტინს შორის პირადი კავშირის წონაც. ასე რომ, თუ პუტინი მსგავს მაცდურ წინადადებას გაუკეთებს, ერდოღანი მინიმუმ დაფიქრდება ამაზე.

პრაგმატული პოლიტიკის გასატარებლად, სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს რიგ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს, რომელთაც დღეს საქართველო ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს

რადიო თავისუფლება: ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ისევ მინდა თავდაპირველ შეკითხვას მივუბრუნდეთ საქართველოზე - რას ფიქრობთ საქართველოს ამ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკაზე, როგორც ამას მთავრობა ნათლავს? პრაგმატიზმთან გვაქვს საქმე თუ თავის მოკატუნებასთან?

იუჯინ კოგანი: რეალურად პრაგმატული პოლიტიკის გასატარებლად, სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს რიგ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს, რომელთაც დღეს საქართველო ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს. მათგან პირველია სამხედრო თავდაცვის უნარი - უნდა გყავდეთ ჯარი, რომელსაც შეუძლია და სურს ქვეყნის დასაცავად იბრძოლოს, მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კი ე.წ. საშინაო ფრონტია, რომელიც ამ ჯარს ზურგს უნდა უმაგრებდეს. მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი კომპონენტის არსებობის შემთხვევაში ჩნდება რეალური წინააღმდეგობის გაწევის შანსი პოტენციური აგრესორისთვის, რაც ვნახეთ კიდეც უკრაინაში. ახლა, დღეს საქართველოს მიზერულად მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს და არც რეალური საშინაო ფრონტი არსებობს მათთვის ზურგის გასამაგრებლად. ანუ, საქართველო მზად არაა თავი დაიცვას, თუ მოსკოვში გადაწყვეტენ, რომ კიდევ შემოიჭრან. და ეს ძალიან დიდი სისუსტეა - რომელიც წლების წინ უნდა მოგვარებულიყო და დღემდე მოუგვარებელი რჩება. დღეს საქართველოს უნდა ჰყავდეს 20-დან 30 000-მდე მუდმივი არმია და, სულ მცირე, 150 000 რეზერვისტი, მაგრამ ჰყავს 0 და მეტიც, დღეისთვის ძნელი წარმოსადგენია ის დასანახი მომავალი, როდესაც საქართველოს მსგავსი კონტინგენტი ეყოლება. ამავდროულად, მსოფლიო ერთ ადგილზე არ დგას, არ ელოდება საქართველოს, სანამ ეს უკანასკნელი გონს მოეგება, ბევრი რამ იცვლება, იცვლება სწრაფად, და ვინც ამ ცვლილებებს მომზადებული არ დაუხვდება, დიდი ალბათობით, დაისჯება. ის პოლიტიკა, რასაც დღეს საქართველო აწარმოებს, ეს ნავიგაცია - ეს სუსტი აქტორის პოლიტიკაა. ეს სუსტების „ნავიგაციაა“ - გასაკეთებლის გაკეთების ნაცვლად, იმედი გქონდეს, რომ ბედი გაგიღიმებს და გადარჩები. საქართველოს რომ სურვილი ჰქონოდა, უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, სულ მცირე, აშშ-სთან უფრო ღრმა სამხედრო ურთიერთობაზე იმუშავებდა. რამდენიმე წლის წინ მიდიოდა დისკუსია საერთო სამხედრო აეროდრომის მშენებლობაზე საქართველოში - ეს ამერიკელების ინტერესებშიც შედიოდა და ისინი რესურსებს არ დაიზარებდნენ ამისთვის, შესაბამისად, გაიზრდებოდა მათი სტრატეგიული ინტერესებიც საქართველოში. მაგრამ საქართველომ ჯერ თქვა - კი, გავაკეთოთ, შემდეგ კი ყოყმანი დაიწყო და მგონი, საბოლოოდ გადაიფიქრა კიდეც. საიმედო პარტნიორები ასე არ იქცევიან - თუ ამერიკელების აქ ყოფნა გინდათ, რათა რუსეთისგან უფრო დაცულები იყოთ, მაშინ თქვენც უნდა გაიღოთ რამე, და სჯობს, მოლაპარაკებებში პირდაპირ და გულწრფელად თქვათ, რისი გაღება შეგიძლიათ და რისი მიღება გსურთ სანაცვლოდ. ამის ნაცვლად, პოლიტიკა იქცა პოლიტიკის თამაშად, და როგორც ხშირად ხდება აქ, საქმეს სერიოზულად არავინ მიუდგა, არავინ შეიწუხა თავი, ჩამოეწერა შესაძლო დადებითი და უარყოფითი მხარეები, რისკები და პოტენციური სიკეთეები. ჯერ იტყვიან - კი, გავაკეთოთ. მერე, როდესაც საქმე გაკეთებაზე მიდგება, ჭოჭმანობენ და ამბობენ - არა, სჯობს მოვიცადოთ. ამერიკელებთან საქმე ასე არ კეთდება. მე რასაც ვხედავ, თქვენი დღევანდელი მთავრობა არაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მეტიც, ისინი საერთოდ არაფერს აკეთებენ, აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც დაეხმარებათ სკამებზე ჩაბღაუჭებაში. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ორი წელია „ტ*აკებზე სხედან“ და მხოლოდ მომავალი არჩევნები აფიქრებთ. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ის, რასაც სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ჰქვია.

რადიო თავისუფლება: ის ბანაკი, რომელშიც დღეს თავი ამოყო საქართველომ - მოსკოვის არგაღიზიანების პოლიტიკა, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, გულითადი მეგობრობა ევროკავშირის პარიად ქცეულ ორბანთან - რა რისკები, ანაც სიკეთეები ახლავს თან ამ ბანაკში ყოფნას?

იუჯინ კოგანი: აქაც, ისევე როგორც ზემოთ, სანამ რამეს გააკეთებდნენ, ქართველებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან შეკითხვა - რას აძლევს ეს საქართველოს და რას - ჩინეთს? რას აძლევს საქართველოს და რას - რუსეთს? რას მოიტანს ეს ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით? ვფიქრობ, საქართველოში საკუთარი თავისთვის რთული შეკითხვების დასმით თავს არ იწუხებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

ამით რუსები ფაქტობრივად გეუბნებიან: არანაირი ანაკლიის პორტი საქართველოსთვის, არც ახლა და არც მომავალში.  

რადიო თავისუფლება: ერთი ასეთი რთული კითხვა, რომელიც საქართველოს მოუწევს საკუთარ თავს დაუსვას, ალბათ არის რუსების გეგმები ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით და რას უქადის ეს საქართველოს.

იუჯინ კოგანი: ვფიქრობ, პირველი, რაც უნდა იკითხოთ, არის - რას უქადის ეს დღეისთვის მხოლოდ ქაღალდზე არსებულ ანაკლიის პორტს? ჩემი აზრით, ამით რუსები ფაქტობრივად გეუბნებიან: არანაირი ანაკლიის პორტი საქართველოსთვის, არც ახლა და არც მომავალში.

რადიო თავისუფლება: ასევე, რას მოასწავებს ეს საქართველოს ამბიციებისთვის - ახლო იქნება თუ შორეულ მომავალში - აფხაზეთი დაიბრუნოს? ის, რომ რუსებს სამხედრო ბაზასთან ერთად სამხედრო პორტიც ექნებათ აფხაზეთში?

იუჯინ კოგანი: ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის ეს უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, უფრო ოცნებაა, ვიდრე რეალური მიზანი. ასეთი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს სიტუაციის განსჯას „მძიმე რეალიზმის” გადმოსახედიდან, რასაც, ვშიშობ, ქართველ პოლიტიკოსებში ძნელად თუ იპოვით. რუსეთი ჭეშმარიტად ხისტი რეალიზმის მიმდევარი ძალაა, ისინი არაფერს მოგცემენ, თუ არ დაათმობინებ, და ამ შემთხვევაშიც ბოლომდე ეცდებიან რაიმეს მაინც წაეპოტინონ და შეინარჩუნონ. არის ასეთი ცნობილი რუსული გამოთქმა - რაც ჩვენია, ჩვენია, აი, რაც თქვენია...

რადიო თავისუფლება: იმაზე მოვილაპარაკებთ.

იუჯინ კოგანი: სწორედ ასეა. ასე რომ, მთელი ეს [აფხაზეთთან] „ერთად ვიყოთ“, ეს სცენარი, რომელსაც მგონი უკვე ათწლეულებია, ებღაუჭებით, ვშიშობ, ერთობ არარეალური სცენარია. აი, შერიგების სამინისტრო გაქვთ, ხომ? მათთან კითხვა მექნებოდა - სარკეში ჩაიხედონ და საკუთარ თავს გულახდილად ჰკითხონ - უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რისი მიღწევა მოახერხეს შერიგების მხრივ? ჩემი აზრით, ვერც ვერაფრის. დიდი, მსუქანი ნული. ვხედავთ, რომ აფხაზეთი სულ უფრო და უფრო შორდება საქართველოს, რომ მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, საქართველოსთან საქმე დაიჭირონ. მეორე მხრივ, ცხინვალში საერთოდ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება და რუსეთის ფედერაციის წიაღში ყოფნა სურთ. ასე რომ, როდესაც თქვენი პრემიერი ამბობს - რომ ჩვენ ამ ტერიტორიების დაბრუნების გზას ვადგავართო, მიჭირს ეს სერიოზულად აღვიქვა. დაიკარგე აქედან! გაიღვიძე და გაიაზრე, რომ აგებ, და თანაც, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც აგებ.

საქართველომ ვითარებას  თვალებში უნდა შეხედოს - რომ აგებთ, თან მწარედ აგებთ და რაღაცეები უნდა შეცვალოთ, თუ არ გინდათ საბოლოოდაც წააგოთ. 

რადიო თავისუფლება: და ამ გააზრების შემდეგ რა მოდის? შეგუება თუ იმის გაცნობიერება, რომ ტერიტორიების დასაბრუნებლად შესაძლოა ომი მოგიწიოს?

იუჯინ კოგანი: რატომ შეგუება? შეხედეთ აზერბაიჯანს - აზერბაიჯანი არასდროს შეგუებია წაგებას, 30 წლის წინანდელ იმ მწარე მარცხს. 30 წლის განმავლობაში მოთმინებით შრომობდნენ იმის დასაბრუნებლად, რაც დაკარგეს. თქვენც ასევე მოგიწევთ მოთმინება და შრომა - წლების განმავლობაში. მაგრამ, ვიმეორებ, თუკი რაიმეს დაბრუნებაზეა საუბარი, მაშინ ძლიერი, კარგად მომზადებული შეიარაღებული ძალებია საჭირო. რაც ნიშნავს ამ ყველაფერში დიდი რესურსის - როგორც ფინანსების, ასევე ადამიანური რესურსის ჩადებას. და პირველი ნაბიჯი კი ამ გზაზე იქნებოდა იმ არასახარბიელო მდგომარეობის გააზრება, რომელშიც ახლა იმყოფებით, საქართველომ ვითარებას თვალებში უნდა შეხედოს - რომ აგებთ, თან მწარედ აგებთ და რაღაცები უნდა შეცვალოთ, თუ არ გინდათ საბოლოოდაც წააგოთ. უნდა დასხდეთ და ჩამოწეროთ pros და cons - დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგორც აწმყოსთვის, ასევე მომავლისთვის

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG