"ოცნება" და ორბანი ბრიუსელის წინააღმდეგ - პაპუაშვილის დელეგაცია ბუდაპეშტში

შალვა პაპუაშვილი და ვიქტორ ორბანი 27 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს. მათი საერთო მოწინააღმდეგე - ბრიუსელია.

„ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგაცია ორბანთან ერთად ბუდაპეშტიდან აკრიტიკებს ბრიუსელს. უნგრეთი აცხადებს, რომ არ აღასრულებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.

„ჩვენ შევძლებთ, რომ გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ბრიუსელიდან ინერგება, როცა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას“, - დელეგაციის ხელმძღვანელი, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ორდღიანი ვიზიტიდან ბრუნდება რწმენით, რომ საქართველომ უნდა იმეგობროს მხოლოდ „ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ხალხთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან”.

შალვა პაპუაშვილის დელეგაციას, ბუდაპეშტში დაეწია ორი ხმაურიანი ამბავი - ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან.

„ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა”, - ესეც შალვა პაპუაშვილის სიტყვებია, საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების მესიჯის [„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”] ინტერპრეტაციით.

ძმური კავშირი

„უნგრეთის მსგავსად, საქართველოც განიცდის წნეხს ბრიუსელელი ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც დამორჩილებას მოითხოვენ. არჩევნების შემდეგ, გაწევრიანების პროცესი გაიყინა; ბრიუსელმა და სოროსის ქსელმა დაიწყეს თავდასხმა პატრიოტ მთავრობაზე. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მოსწრაფებებში”, - დაწერა უნგრეთის პოპულისტმა ლიდერმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, 27 იანვარს, როცა მან შალვა პაპუაშვილს უმასპინძლა.

ბრიუსელთან დაპირისპირებული ორბანი, რომელსაც ლოიალური დამოკიდებულება აქვს კრემლთან და მხარს უჭერს ლუკაშენკას მმართველობას ბელარუსში, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერადაც მყისიერად ესტუმრა საქართველოს, 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ბუდაპეშტში ორბანთან შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ასევე X-ზე დაწერა, რომ „საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები სცდება პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას და ასახავს ძმური კავშირის ძლიერ განცდას“.

27 იანვარს პაპუაშვილის დელეგაცია შეხვდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერს და ხელი მოაწერეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულებას - „კავშირის შემდგომი განმტკიცების“ მიზნით.

სწორედ იმ დღეს, როდესაც პაპუაშვილი ორბანს ხვდებოდა, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს წინასწარგამოცხადებული გადაწყვეტილება, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლა აუკრძალონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, კვალიფიციური უმრავლესობით დამტკიცებულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა. ხოლო ახლა ბუდაპეშტის გეგმაა, რომ - არც შეასრულოს იგი.

ასევე ნახეთ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ - ევროკავშირის საბჭო

„უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან - სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა თვლის, რომ საქართველოს მომავალი იქ [საქართველოში] უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს თუ არა“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ. მისი კომენტარი თავდაპირველად უნგრულმა Infostart-მა გამოაქვეყნა.

„უნგრეთი საქართველოს გვერდით დგას და ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟზე უარს ამბობს”, - ეს უკვე ბალაჟ ორბანის სიტყვებია, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დირექტორისა და პარლამენტის წევრის, რომელიც ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ დელეგაციას.

და რა შეუძლია უნგრეთს ამ მხრივ?

„რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უნგრეთს შეუძლია თავის ტერიტორიაზე კვლავ უვიზოდ დაუშვას სამსახურებრივი თუ დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, მაგრამ ამ პირების ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში გადაადგილება რისკების შემცველი იქნება.

„თუკი ასეთი პირი უნგრეთის ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში გადავა, მისი ყოფნა არალეგალურად ჩაითვლება და შესაძლოა პრობლემები შეექმნას მიგრაციის სამსახურთან. ეს არ დაიმალება. იქ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება არსებობს, და თუკი დიპლომატიური პასპორტის მფლობელი უნგრეთში შევა, შენგენის ყველა ქვეყნის სასაზღვრო სამსახურს ეცოდინება ამის შესახებ. ვთქვათ, საფრანგეთში ან გერმანიაში თუ გადავა, ადგილზეც შეიძლება დაინტერესდნენ - რატომ არ არის პასპორტში ვიზა. რისკია ეს, დიდი რისკია”, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ ამ ვითარებაში ყველაზე იოლი გამოსავალი იქნება, თუკი დიპლომატიური პასპორტების თითოეულ მფლობელს უნგრეთი სამოგზაურო ვიზებს მისცემს.

„ჩვენი მიზანი არ არის დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. მიზანი იყო, დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა, ევროკავშირში მოგზაურობისთვის“, - უთხრა 28 იანვარს ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

27 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებსაც შეეხება.

„ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების ერთგულებას. სამწუხაროდ, ბევრ მაგალითს ვხედავთ ბოლო პერიოდში, როდესაც პასპორტის მიღმა, სინამდვილეში, არანაირი ევროპული ღირებულებები აღარ ჩანს“, - განაცხადა უნგრეთში მყოფმა შალვა პაპუაშვილმა, 27 იანვარს.

უნგრეთი - პირველი ქვეყანა „ოცნების“ პარლამენტისთვის

უნგრეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ესტუმრა და ამას შალვა პაპუაშვილი X-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ განცხადებაშიც იმაზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნგრეთი ყველაზე მეტად უჭერს მხარს ევროინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას.

ოთხი წლის წინ - პირველი იყო სტრასბურგი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იყო, საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი შედგა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] ზამთრის სესიაზე.

PACE-ს წლევანდელი ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე კი, ევროპელმა დეპუტატებმა „ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს და 29 იანვარს გადაწყდება - შეუჩერებენ თუ არა უფლებამოსილებას: თეა წულუკიანს, მარიამ ლაშხს, გივი მიქანაძესა და ეკა სეფაშვილს - დელეგაციის ძირითადი შემადგენლობიდან და ასევე - დელეგაციის სათადარიგო წევრებს.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს.

„ამიტომ კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები“, - წერია ანგარიშში.

„დიალოგის შენარჩუნებისადმი ღიაობის ნიშნად“, ასამბლეა 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას ხელახლა განიხილავს.

ამასთან, დოკუმენტის პროექტში წერია, რომ ასამბლეა მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეასრულოს რიგი პირობები, მათ შორის, დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თვეებში გამოცხადებულ, ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ასევე ნახეთ რა მოელის PACE-ში "ქართულ ოცნებას" - "დიპ სტეიტი" და ხმაურიანი დახვედრა სტრასბურგში

დღევანდელ ვითარებაში, როცა საერთაშორისო პარტნიორებთან თბილისის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია და „ქართულ ოცნებას“ ევროპასა და აშშ-ში თითქმის აღარავინ ხვდება, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, უნგრეთში ჩასვლა წარმოადგენს შესაძლებლობას „ოცნებისთვის“ - მომხრეებს იზოლაციის შიში გაუქროს; თანაც ორი ქვეყნის მიზნები მსგავსია.

„ორბანს უნდა, რომ ევროკავშირმა არ ჩაიხედოს უნგრეთის საქმეებში, რადგან - მისი ხელისუფლება მართავს სასამართლოს, უნგრეთში უკვე მოშლილია ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ წინ აღუდგნენ კორუფციას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ამის გამო, უკვე რამდენი წელია, უნგრეთს გაყინული აქვს დახმარება ევროკავშირის ფონდებიდან. რადგან ორბანი პოპულისტია, ყველაფერს ბრიუსელს აბრალებს - იმათ უნდათ ქალი ქალს აღარ ჰგავდეს, კაცი კაცს და ამიტომ გვსჯიანო... ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდი და ზუსტად ასევე ხდება საქართველოში“, - გოგოლაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან სიახლოვე ხელს აძლევს ორბანის მთავრობასაც, რადგან თანამოაზრეების შემოკრებით, ბრიუსელთან ბრძოლის დემონსტრირება უადვილდება.

28 იანვარს შეხვედრისას, უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა შალვა პაპუაშვილთან აღნიშნა, რომ საქართველო უნგრეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიის რეგიონში და, რომ ორივე ქვეყანამ შეძლო ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება.

უნგრეთში ყოფნის დროს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ „2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის“.

„ოცნების“ მიერ დაპაუზებული ევროინტეგრაცია მისაღებია უნგრეთისთვის.

2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ეტაპის [გაწევრიანების მოლაპარაკებები] 4 წლით გადავადების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ქუჩაში გამოსული ხალხი უკანონოდ დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. უკვე ორი თვეზე მეტია, ევროინტეგრაციის მომხრეები ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველის გამზირს.