„აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“, - უთხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას. შეკითხვები უპასუხოდ დარჩა შს სამინისტროსა და რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საიდანაც საგარეო უწყებასთან გადაგვამისამართეს.
რუსეთის მოქალაქეები ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში წინაპრების საფლავების მოსანახულებლად შემოვიდნენ. უკვე მრავალი წელია, საქართველოს მოქალაქეები ვერ გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ თუნდაც აღდგომის დღესასწაულზე, მიცვალებულთა ხსენების დღეს ოჯახის წევრთა საფლავებზე სანთლები დაანთონ.
თრუსოს ხეობაში ოსების ჯგუფის შემოშვება, ერთი შეხედვით, წმინდა ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, უკავშირდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსაც.
ცალმხრივად და არა პირველად
„რატომ ვართ ჩვენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში?... რატომ ხდება, რომ რუსეთს ყველაფრის საშუალება აქვს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ჩვენს ქვეყანაში "საზღვრის" გადაკვეთის საშუალება არა გვაქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლია ჩლაჩიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დევნილი, რომელიც უკვე 15 წელია ამაოდ ცდილობს - აღდგომა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინაპართა საფლავები მოინახულოს. მისი მამა ოკუპირებული სოფლის, ვანათის სასაფლაოზეა დაკრძალული.
„მეტყველების უნარი დავკარგე, რაც წავიკითხე ეს ინფორმაცია... ძალიან მეწყინა. 15 წელია გამოდევნილი ვართ სამაჩაბლოდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან, ფრონეს ხეობიდან და ამდენი ხნის განმავლობაში, ერგნეთის შეხვედრებზე, ჟენევის შეხვედრებზე ვაყენებთ საკითხს, რომ წელიწადში ერთხელ, მათი ბადრაგის თანხლებით მაინც გადაგვიშვან, გამოგვყვნენ“, - ამბობს ლია ჩლაჩიძე.
ოჯახის წევრთა და წინაპრების საფლავებისა და სალოცავების მონახულების პრობლემის მოგვარება ვერც ჟენევის მოლაპარაკებებზე მოხერხდა და ვერც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. არაერთხელ ითქვა, რომ ამ საკითხის გადაჭრის სანაცვლოდ, საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დემარკაციასაც ითხოვდა.
სალოცავების მონახულება "ისტორიულ სამშობლოში" და "პირადი კონტაქტები კომპეტენტური ორგანოებისა და სამღვდელოების წარმომადგენლებთან"
რუსეთის მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით:
- საქართველოში, თრუსოს ხეობაში, რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოვიდა 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი [თარიღი არ არის დაკონკრეტებული];
- ჯგუფში იყვნენ როგორც ხანში შესული ადამიანები, ასევე ახალგაზრდები;
- მათ მოინახულეს წინაპართა საფლავები და უძველესი სალოცავები „ისტორიულ სამშობლოში“;
- თრუსოს ხეობისკენ მიმავალ გზაზე, ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა;
- მომლოცველებმა ღამე სოფელ კობში გაათიეს, მომდევნო დღეს კი თრუსოს ხეობისკენ დაიძრნენ;
- შემდეგ ღამე სოფელ ტეფში, კარვებსა და ავტომობილებში გაათიეს და მომდევნო დღეს ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდნენ.
რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში მოყვანილია როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ასევე თრუსოს ხეობაში გადმოსულთა კომენტარები. ხაზგასმულია, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ ბევრი მსურველი გამოჩნდა.
რაც შეეხება ვიზიტის შეთანხმებას, რუსეთის მედია წერს:
- ჯგუფის ვიზიტი 2 თვის განმავლობაში თანხმდებოდა და ჩართული იყვნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მოქმედი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია და ქართული მხარე;
- ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გამოყენებულ იქნა პირადი კონტაქტები „საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და სამღვდელოების წარმომადგენლებთან“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოსებს „ისტორიული სამშობლოს“ მონახულებაში დაეხმარა.
ასევე ნახეთ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა თრუსოს ხეობაში წინაპართა საფლავები მოინახულეს
რა ნოტა მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ? რას ითხოვდა რუსული მხარე?
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
დასმული შეკითხვები რუსეთის ფედერაციიდან გადმოსულთა დახვედრის დროს მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ უპასუხოდ დატოვეს შს სამინისტროში.
რუსული პორტალი ОсНова წერს, რომ, ამ ბოლო ვიზიტისას, ჯგუფს გადაადგილებისას „ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები“ არ ახლდნენ.
რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თემა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხებაო და არ დააზუსტეს, საერთოდ იციან თუ არა თრუსოს ხეობაში რუსეთის მოქალაქეების ორგანიზებული გადმოსვლის შესახებ.
რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება საპატრიარქოსგან - იმის გასარკვევად, სასულიერო პირებიდან ვინ და რა ფორმით იყო ჩართული ვიზიტის დაგეგმვაში.
- ОсНова-ს ცნობით, მომლოცველთა ჯგუფის პირველი ასეთი ვიზიტი 2021 წელს შედგა, რა დროსაც - მათ ქართული პოლიცია და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ახლდნენ.
- ამავე წყაროს ცნობით, მეორე ვიზიტი, 2022 წელს, უამინდობის გამო, ნახევარ გზაზე შეწყდა.
ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელთა ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმაც ახსენა, 2022 წლის სექტემბერში, როცა საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ მიდგომას" იწონებდა.
„ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2021-2022 წლებში ერთობლივი ძალისხმევით ჩრდილოეთ ოსეთიდან მომლოცველთა ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა, გამგზავრებულიყო საქართველოს ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობაში მდებარე საგვარეულო სამარხების მოსანახულებლად. ეს ადასტურებს მოსკოვისა და თბილისის უნარს, კეთილი ნების სულისკვეთებით ურთიერთგაგებას მიაღწიონ ასეთ მგრძნობიარე საკითხებზეც კი“, - თქვა მაშინ გონჩარმა.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო უწყება ირწმუნება, რომ საქართველოს ოკუპირებული აქვს ყაზბეგის რაიონი
საფრთხეები
ტერიტორიას, რომელიც რუსეთიდან გადმოსულმა ჯგუფმა მოინახულა, ოსები საკუთარ ტერიტორიად თვლიან. თრუსოს ხეობის სოფლებში, რომლებიც ამჟამად მეტწილად დაცლილია, მართლაც არის ოსების ნასახლარები, მაგრამ ეს საქართველოს ძირძველი ტერიტორიაა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არათუ მხოლოდ თრუსოს ხეობა, არამედ მთელი „ყაზბეგის რაიონი“ [სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი] მათი ძირძველი ტერიტორიაა და „ფაქტობრივად ოკუპირებულია საქართველოს მიერ“.
- 2019 წელს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ „ადრე თუ გვიან, ეს მიწები დაუბრუნდება ოსეთს და იქ ოსები იცხოვრებენ“.
- 2018 წელს, „ანტისაოკუპაციო მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია თრუსოს ხეობაში, სოფელ კობის სასაფლაოზე აღმოჩენილი ხელყუმბარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშის შესახებ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მიიჩნევდნენ, რომ თრუსოს ხეობაში პროვოკაცია მზადდებოდა.
სამართალდამცველებმა მაშინ ე.წ. დროშის აღმოჩენა არ დაადასტურეს; მაგრამ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სოფელ კობში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად იპოვეს ხელყუმბარა, რომელიც „არ იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი“. ხელყუმბარა დაილუქა და საქმეც აღიძრა, მათ შორის - მკვლელობის მომზადების მუხლით. 14 სექტემბერს შს სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხი, როგორ დასრულდა და რა შედეგი მოჰყვა 5 წლის წინანდელ ამ გამოძიებას.
ასევე ნახეთ რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსგან “პრაგმატული მიდგომის“ გაგრძელებას მოელისჰუმანიტარული საკითხების დაკმაყოფილების მომხრეა კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, თუმცა გვეუბნება, რომ ამჟამინდელ, მეტად დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, და მით უფრო - ცალმხრივი დათმობით, უსაფრთხოების საკითხის სასწორზე დადება არ ღირს.
„ძალიან მაღალია რისკები. გამორიცხული არ არის პროვოკაციები იმ მიზნის მისაღწევად, რასაც მერე დაერქმევა, რომ სამხრეთ ოსეთმა ისტორიული მიწები დაიბრუნა. ამან შეიძლება მთელი ყაზბეგის რაიონი მოწყვიტოს საქართველოს კონტროლს... ამის გამო იყო, რომ ხელისუფლების სტრუქტურები მკაცრად ცდილობდნენ სიტუაციის გაკონტროლებას... პროვოკაციების რისკს ვქმნით ასეთი ჯგუფების შემოშვებით“, - ამბობს ბენდიანიშვილი და ამატებს, რომ „პირველი ჯგუფის შემოყვანა საპატრიარქოს შუამდგომლობით მოხდა“.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც 2012-2014 წლებში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ საფლავებისა და სალოცავების მონახულების უფლებისთვის ოსებს მისთვისაც არაერთხელ მიუმართავთ - თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი სტრუქტურები უარზე იყვნენ.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო, ეს უარი მას იმთავითვე არასწორად მიაჩნდა და ახლაც ასე ფიქრობს - უკრაინაში რუსეთის ომისა და საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ბოლო დროს გაჩენილი შეკითხვების მიუხედავად.
„ჰუმანიტარული საკითხები უნდა გამოვყოთ გეოპოლიტიკიდან და მაშინ გეოპოლიტიკა უფრო გაშიშვლდება. როგორც კი შენ ამ ჰუმანიზმის "ტანსაცმელს" მოაცლი და დატოვებ შიშველ რუსულ იმპერიალიზმს, აჯობებს... დღეს ის სპეკულირებს - იქ საფლავებიო, იქ ადამიანები, იქ ადამიანის უფლებებიო და მალავს თავის იმპერიალისტურ განწყობებს ამ საკითხების უკან“, - გვეუბნება ზაქარეიშვილი, რომლის შეფასებითაც - სწორედ ჰუმანიტარულ საკითხებზე უარის თქმის გამო „ჩაჯდნენ ისინი [ოსები] რუსულ ნარატივში“ და მკაცრ პოლიტიკას ის ძირითადად სააკაშვილის ხელისუფლებას მიაწერს.
მაგრამ, ადამიანური ფაქტორი ერთია და სახელმწიფოს უსაფრთხოება - მეორე და რადგან „რუსეთი ერთადერთი მტერი სახელმწიფოა საქართველოსთვის“, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თრუსოს ხეობაში, საქართველოს ძირძველ მიწაზე - „უსაფრთხოების ზომები გაათმაგებული უნდა იყოს“.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სადეპუტატო წერილით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. „სრულ კატასტროფაში ვართ“, - წერს ის ფეისბუკპოსტში.
„თრუსოს ხეობაზე პრეტენზიები არ ახალია“ და „ამ ფონზე რუსეთის საგარეო შვეიცარიის სექციასთან ერთად ჩვენს საგარეოს და ეკლესიასთან ერთად პილგრიმაჟს აწყობს თურმე "სამშობლოში". წლებია ოკუპირებულ რეგიონებში წინაპრების საფლავებზე ვერ გადის ჩვენი ხალხი“, - წერს დეპუტატი.