მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა „პრაგმატულ მიდგომას განაგრძობს“ ანტირუსულ სანქციებთან მიერთების საკითხში, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.
სააგენტო "რია ნოვოსტის" ჟურნალისტმა მას ჰკითხა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზი ხომ არ გახდა ის, რომ თბილისი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ მიუერთდა.
„მართებული იქნებოდა ამ კითხვის ბრიუსელისკენ მიმართვა, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებისკენ, რომლებმაც ივნისში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ შემოღებულ არალეგიტიმურ ანტირუსულ შეზღუდვებს, ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ხელმძღვანელობს ხალხის და ეროვნული ბიზნესის ფუნდამენტური ინტერესებითა და არა გარედან თავს მოხვეული კონფრონტაციული სქემებით“, - განაცხადა მან.
გონჩარმა ასევე ისაუბრა რუსულ-ქართულ დიალოგზე, რომელიც, მისი სიტყვებით, არ შეწყვეტილა, "მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული ყველა პოლიტიკური პერიპეტიისა“. მისი თქმით, თბილისთან ორმხრივი კომუნიკაციის მნიშვნელოვან არხად გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრების არაფორმალური მექანიზმი რჩება.
„ცნობილი საკარანტინე შეზღუდვების გათვალისწინებით, 2020 წლიდან კარასინსა და აბაშიძეს შორის შეხვედრები დისტანციურად მიმდინარეობდა. უკანასკნელი (ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით) 2021 წლის ნოემბერში ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება. მას შემდეგ კონტაქტი შენარჩუნებულია ტელეფონით. პრაქტიკულ სიბრტყეში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზების გათვალისწინებით, დადგება საკითხი მორიგი შეხვედრის პირისპირ რეჟიმში გამართვის შესახებაც“, - განაცხადა მან.
გონჩარის თქმით, განხორციელებულ შეთანხმებებს შორის არის „საზღვარზე რუსულ-ქართული უწყებათაშორისი კონსულტაციების რამდენიმე პირისპირ შეხვედრის გამართვა საქართველოს სამხედრო გზაზე საგუშაგოების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად“.
მანვე ისაუბრა საქართველოში ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელთა ვიზიტზე.
„ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2021-2022 წლებში ერთობლივი ძალისხმევით ჩრდილოეთ ოსეთიდან მომლოცველთა ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა, გამგზავრებულიყო საქართველოს ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობაში მდებარე საგვარეულო სამარხების მოსანახულებლად. ეს ადასტურებს მოსკოვისა და თბილისის უნარს, კეთილი ნების სულისკვეთებით ურთიერთგაგებას მიაღწიონ ასეთ მგრძნობიარე საკითხებზეც კი“, - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა.
საქართველოში ჩატარებული სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის კომენტირებისას, გონჩარმა თქვა, რომ „საქართველოს ნატოში შეთრევის კურსი“, „აშშ-სა და ალიანსის წევრების მონაწილეობით ქვეყნის თანამედროვე იარაღით გატენვა", „არა მხოლოდ რუსეთის და რეგიონში მისი მოკავშირეებისთვის არის გამოწვევა“, არამედ "სერიოზული საფრთხეა სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.
რუს ჩინოვნიკს დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინიციატივის შესახებაც ჰკითხეს. გონჩარი ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას".
ივნისში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ რეფერენდუმზე მუშაობა "სუფთა ფურცლიდან" დაიწყება.