Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა თრუსოს ხეობაში წინაპართა საფლავები მოინახულეს


საფლავი თრუსოს ხეობაში, 2021 წლის ზაფხული
საფლავი თრუსოს ხეობაში, 2021 წლის ზაფხული

მომლოცველთა ჯგუფი ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში, თრუსოს ხეობაში, იმყოფებოდა, სადაც მოინახულეს წინაპრების საფლავები და უძველესი საკურთხეველი. ამის შესახებ სააგენტო "ტასს-ს" ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბაგირ მამიევმა განუცხადა. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასა და ქართულ მხარეს შორის ორთვიანი მუშაობის შედეგად.

„6 ოსური ოჯახის 23-მა წარმომადგენელმა სამშობლოში, საქართველოს თრუსოს ხეობაში, ყოფნა შეძლო. ვიზიტის კოორდინაცია დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, დმიტრი ტროფიმოვის მონაწილეობით. თრუსოს ხეობიდან წასულების მოთხოვნით, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მოხდა პირადი კონტაქტების გამოყენება საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და საქართველოს სამღვდელოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა მამიევმა.

ერთ-ერთი მომლოცველის, ელბრუს კალაგატის თქმით, ჯგუფში უფროსი თაობის ხალხი შედიოდა, რომელთა ბავშვობამაც ხეობაში განვლო, ასევე იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც პირველად იმყოფებოდნენ ისტორიულ სამშობლოში. მომლოცველებმა ღამე სოფელ კობში გაათიეს, მომდევნო დღეს კი თრუსოს ხეობისკენ დაიძრნენ. კალაგატიმ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც ილაპარაკა, მათ შორის მდინარის გადალახვაზე, წერს პორტალი „ОсНова“.

მან ქართველი მესაზღვრეების კეთილგანწყობაზეც ისაუბრა. კალაგატის თქმით, ჯგუფის წევრებმა მშვიდად გადალახეს სასაზღვრო ზონა და ხეობის მაღალმთიანი ნაწილისკენ დაიძრნენ. ღამე სოფელ ტეფში, კარვებსა და ავტომობილებში გაათიეს და მომდევნო დღეს ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდნენ.

„ჩვენი მოგზაურობის შემდეგ ბევრი მირეკავს და მეკითხება, როგორ შეიძლება წასვლა. მომზადებული უნდა იყო, რადგან მდინარეები ისე დიდდება, რომ შარშან ხიდიც წაიღო“, - დასძინა ელბრუს კალაგატიმ.

მანვე დასძინა, რომ მომლოცველთა სიაში შეჰყავთ ყველა, ვისაც წინაპრების საფლავების მონახულება და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა სურს.

ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა თრუსოს ხეობა პირველად 2021 წლის შემოდგომაზე მოინახულეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადების მიხედვით წერდა. ვებსაიტ „ОсНова-ს" ცნობით, მომლოცველებს ქართული პოლიცია და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ახლდნენ. გასული წლის ივნისში მეორე მოგზაურობა ოსური დღესასწაულის, უაცილის აღნიშვნას დაემთხვა. თუმცა წყალდიდობის და ხიდების ნგრევის გამო, მომლოცველებმა მოგზაურობის გაგრძელება გადაიფიქრეს და დაბრუნდნენ ჩრდილოეთ ოსეთში. მესამე მოგზაურობისას მომლოცველებმა წინაპრების საფლავები უშიშროების ძალების წარმომადგენლების თანხლების გარეშე მოინახულეს, წერს ოსური საინფორმაციო პორტალი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, თრუსოს ხეობის მონახულება ვერ შეძლეს - მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მშობლიურ სოფელში მისასვლელი გადაუკეტა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებდნენ, რომ „ძირძველი ოსური მიწები, ფაქტობრივად, ოკუპირებულია საქართველოს მიერ“. საუბარი იყო, კერძოდ, თრუსოს ხეობაზე.

XS
SM
MD
LG