Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო უწყება ირწმუნება, რომ საქართველოს ოკუპირებული აქვს ყაზბეგის რაიონი


საქართველო, თრუსოს ხეობა. 2021 წელი
საქართველო, თრუსოს ხეობა. 2021 წელი

ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება ირწმუნება, რომ „ძირძველი ოსური მიწები საქართველოს ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს“. საუბარი ეხება ნაწილობრივ ყაზბეგის რაიონს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

დე ფაქტო უწყება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურება „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს 95-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

ცხინვალში არ ეთანხმებიან რეზოლუციაში გამოთქმულ ფორმულირებას, რომლის თანახმად, "სამხრეთი ოსეთი" საქართველოს ოკუპირებული ნაწილია.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, საქართველოს ტერიტორიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს ძირძველი ოსური მიწები - ე.წ. ყაზბეგის რაიონი, სადაც მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ მიწებიდან გამოდევნილ ოს მოსახლეობას ეკრძალება საკუთარი სახლების, წინაპრების საფლავების მონახულება, რაზეც საქართველოს ხელმძღვანელობა და მისი დასავლელი მეგობრები გაეროში არანაირ კომენტარს არ აკეთებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადრე იუწყებოდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობამ ვერ შეძლო საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობა მოენახულებინა. განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ მშობლიურ სოფლებში შესასვლელი დაუკეტა.

ამასთან, გასული წლის ნოემბერში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ონლაინ მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ზოგმა მცხოვრებმა საქართველოში მდებარე საგვარეულო საფლავები მოინახულა.

მიმდინარე წლის თებერვალში ჩრდილოეთ ოსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, „დარიალისა“ და „ყაზბეგის“, წარმომადგენლებმა კვლავ განაცხადეს, რომ შეუძლებელია რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად თრუსოს და გუდოს ხეობებში, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში მოხვედრა.

1990 წლამდე სამხრეთ ოსეთი საქართველოს სსრ-ს ავტონომიური ოლქი იყო. 1992 წლიდან არსებობდა, როგორც არაღიარებული სახელმწიფო. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, ის რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. 2009 წელს საქართველოში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.

რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუის, ნაურუს და სირიის გარდა, მსოფლიოს ყველა სახელმწიფო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG