უკვე მეოთხე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების შეტევა გრძელდება.
პირველად ექვს აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ უკრაინულმა ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ქალაქ სუმის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და კურსკის რეგიონში შეიჭრნენ.
ცხრა აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას და 25-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ. ურთიერთგამომრიცხავი ცნობების ფონზე, ამას ადასტურებენ რუსი სამხედრო ბლოგერები, ადგილობრივი ჩინოვნიკები და ღია წყაროებზე დაფუძნებული გამოძიება.
სატელიტური სურათებიდან და ღია წყაროებზე მომუშავე, უკრაინის არმიასთან დაკავშირებული ორგანიზაცია Deep State-ის ცნობებიდან ირკვევა, რომ უკრაინელთა გარკვეული ჯგუფები საზღვარს უკვე 90 კილომეტრით გასცდნენ - ოღონდ ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ ისინი ამხელა ტერიტორიას აკონტროლებენ.
ჯარისკაცების სწრაფი პროგრესის პარალელურად, ოფიციალური კიევი სამი დღე დუმდა, ვიდრე რვა აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ თქვა, რომ დროა, რუსებმა საკუთარ თავზე იგრძნონ რა არის ომი:
„რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და თავად უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა“, - განაცხადა მან საღამოს მიმართვაში.
უკვე მეოთხე დღეა, კურსკიდან წამოსულ ცნობებს მედია განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ვინაიდან რუსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ წყაროებს წვდომა შეზღუდული აქვთ, ამბების ნამდვილობის გადამოწმების გზად ღია მონაცემები ან რამდენიმე წყაროს შეჯერებაღა რჩება.
ამის გამო ჯერჯერობით რთულია იმის თქმაც, თუ რა ძალებით არიან უკრაინელები შეჭრილი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე.
გადამოწმებად ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯერ იმას თუ ვიტყვით, რომ სახმელეთო ძალასთან ერთად, კურსკში შესულია ჯავშანტექნიკა ტანკების ჩათვლით, რომელმაც რუსეთის ბარიერების გადალახვა განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეძლო.
შვიდ აგვისტოს, როცა ვლადიმირ პუტინმა კურსკში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის პროვოკაცია“ უწოდა, რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა, თანამოქალაქეების დამშვიდება სცადა და თქვა, რომ მათმა დანაყოფებმა შეაჩერეს დაახლოებით ათასი უკრაინელი ჯარისკაცის წინსვლა.
ორი დღის შემდეგ, გერასიმოვის განცხადების არცერთი ნაწილი არ ჩანს სანდო. ფაქტია, რომ გუშინწინდელს მერე უკრაინელების წინსვლა გრძელდება და სავარაუდოა, რომ კურსკში შეჭრილთა რაოდენობა ათასს აჭარბებს. მათ უჩვეულოდ დიდ რაოდენობაზე მიუთითებენ სხვა რუსული უწყებები, სამხედრო ბლოგერები და ადგილობრივებიც.
„დარწმუნებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპერაციული დაგეგმარება ოსტატურად იყო აღსრულებული, რამდენადაც მტერმა არა მხოლოდ ვერ შეძლო სათანადო ზომის სწრაფი რეაგირების ძალების შეკრება, არამედ უკრაინელების მანევრირების მიზანი სწორად ვერ შეაფასა, მიუხედავად დაზვერვის ფართო შესაძლებლობებისა ფრონტის ხაზზეც და უკრაინის ტერიტორიის შიგნითაც“, - წერს უკრაინელი სამხედრო ბლოგერი ფსევდონიმით Tatariam და რუსების კრახს მათ რიგებში ძალაუფლების ზედმეტ ცენტრალიზაციას მიაწერს.
უკრაინელების კურსკში შეჭრის შემდეგ სამხედრო ხელმძღვანელობას მწვავედ აკრიტიკებდნენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც. ისინი ამბობენ, რომ რუსულ ჯარს უკრაინელების სწრაფი წინსვლის თავიდან არიდება უნდა შესძლებოდა, რამდენადაც მათ ჰქონდათ ინფორმაცია გასული რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინელების საზღვართან მობილიზების შესახებ.
შედეგად კი რუსებმა უკრაინელების 2022 წლის კონტრშეტევის შემდეგ ყველაზე დიდი შოკური თერაპია მიიღეს.
თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთისთვის არ ყოფილა სიურპრიზი - როგორც ირკვევა, მოსალოდნელი შეტევის შესახებ ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმაც.
მოგვიანებით კი გამოჩნდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელები სწორედ დასავლეთის, მათ შორის აშშ-ისა და გერმანიის მიერ მიწოდებულ იარაღს და ტექნიკას იყენებენ.
უკრაინელებისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ამ საკითხზე დასავლეთის წინააღმდეგობა გამქრალია. თუ ომის საწყის ეტაპზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობა იყო, რომ უკრაინას დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა გამოეყენებინა, ახლა ამერიკელი, გერმანელი და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათი იარაღი უკვე უკრაინელებისაა და ისინი განკარგავენ.
ასევე ნახეთ კურსკის ოლქში აფხაზი და ოსი მოხალისეები გადაისროლესრა იქნება შემდეგ?
მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია. უკრაინელების კურსკზე თავდასხმა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, ანალიტიკოსები ჯერ კიდევ იმტვრევენ თავს, რა შეიძლება იყოს შეჭრის მთავარი მიზანი.
უკრაინელებმა რუსების გაკვირვება ნამდვილად შეძლეს, თუმცა საამისოდ, დიდ რისკზე მიდიან.
„თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლი შეეცდება, დაიბრუნოს რუსული ტერიტორია კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინელებმა დაიკავეს, და შეაჩეროს უკრაინელების სხვა მოქმედებები რუსეთის ტერიტორიის შიგნით უფრო შორ მანძილზე.
უკრაინელების მნიშვნელოვანი წინსვლა სტრატეგიული დარტყმა იქნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ათწლეულოვან მცდელობაზე, გაიმყაროს რუსეთის სტაბილურობასთან, უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ აღმავლობასთან დაკავშირებული მემკვიდრეობა“, - წერს ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ომის სწავლების ინსტიტუტი“ (ISW).
მოწინააღმდეგის მიწაზე რომ ტერიტორიის შენარჩუნება ჭირს, ეს უკრაინელებმა რუსების მაგალითიდან კარგად იციან. ამ ფონზე მით უმეტეს საინტერესოა, მაგრამ მაინც გაუგებარი, რას გეგმავენ ისინი - რამდენად შორს აპირებენ წასვლას ან რამდენ ხანს იმედოვნებენ რუსული ტერიტორიის ოკუპაციას.
მართალია, ჯერჯერობით, უკრაინელი ჯარისკაცები საკმაოდ სუსტ წინააღმდეგობას წააწყდნენ, თუმცა წინსვლასთან ერთად, ბუნებრივად გაიწელება მათი მომარაგების ხაზები. ამის გამოსავალი გაფართოებაშია, რისი უარყოფითი შედეგიც ტემპის შენელება იქნება. ადრე თუ გვიან უკრაინელები რთული დილემის წინაშე აღმოჩნდებიან - გადაიტანონ თუ არა კურსკისკენ საჰაერო თავდაცვის ძვირფასი საშუალებები, რომლებიც არც ისე ბევრი აქვთ, ან წინ მიმავალი ძალა სათანადო დაზღვევის გარეშე დატოვონ.
გარდა ამისა, დრომ უნდა გვიჩვენოს, რას გააკეთებენ უკრაინელები, როცა რუსები ტერიტორიის დაბრუნებას შეეცდებიან - იქვე იბრძოლებენ თუ უკან დაიხევენ. პირველი შემთხვევა მეტ დანაკარგებს უდრის, მეორე შემთხვევაში კი - რთული გასაგები იქნება, რა იყო ასეთი სარისკო ოპერაციის აზრი.
ყურადღების გადატანის მცდელობა?
ერთ-ერთი ვერსია, რის გამოც შესაძლოა, უკრაინელებმა ასე გარისკეს, სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე გართულებული მდგომარეობაა.
აპრილის შემდეგ რუსები ქალაქ პოკროვსკისკენ მიიწევენ, ექვსი აგვისტოს ცნობებით კი, მიადგნენ სოფელ ვოზვიჟენკას, რომელიც ხუთ კილომეტრშია საკვანძო მნიშვნელობის 23-ე გზატკეცილთან.
გზატკეცილი, რომელიც პოკროვსკიდან იღებს სათავეს, ჯერ აღმოსავლეთით, შემდეგ კი ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კოსტიანტინივკისკენ მიდის. კოსტიანტინივკა უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომლის გავლითაც უკრაინული ჯარები მარაგდებიან.
„უკრაინული ძალებისთვის ზოგადი სიტუაცია არასახარბიელოა, - უთხრა რადიო თავისუფლებას ივან სტუპაკმა, უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა და დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა პოკროვსკზე საუბრისას, - თუ გზას გაჭრი, [უკრაინული] ძალები დაიტანჯებიან. ამით ომი არ დასრულდება, მაგრამ კარგიც არ იქნება“.
მისი თქმით, რუსებს სურთ, მომარაგების წერტილის დაკავებით უკრაინელები ერთმანეთისგან გათიშონ, რაც, ბუნებრივია, რუსებს საქმეს გაუმარტივებს:
„დაყავი მტერი და მერე ეცადე, ნაწილ-ნაწილ გაანადგურო, ნაბიჯ-ნაბიჯ. ასე ხომ ბევრად ადვილია“, - ამბობს ივან სტუპაკი.
მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსების შეკავება უჭირთ, „ჯარისკაცების დეფიციტია“ - მობილიზაციის კანონის დაგვიანების გამო, გადაღლილი უკრაინელები უკვე დიდი ხანია, როტაციის მოლოდინში არიან. შესაბამისად, ერთი შეხედვით, უკრაინელებს არც საიმისოდ საკმარისი რეზერვისტები ჰყავთ, რომ კურსკის ფლანგი გაამაგრონ.
ამდენად, უკრაინელებისთვის კარგ ამბად შეიძლება ჩაითვალოს ის, თუ რუსები ნახავენ, რომ საკუთარი ტერიტორიის დაცვა უჭირთ და, შესაბამისად, იძულებულნი იქნებიან, ყურადღება თავდასხმის ნაცვლად, თავდაცვაზე გადართონ. თუმცა ამ ეტაპზე არ ჩანს მტკიცებულება, რომ რუსები თავიანთი მიწის დასაცავად უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტს ასუსტებენ.