Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურსკის ოლქში აფხაზი და ოსი მოხალისეები გადაისროლეს


კადრი ბატალიონ "სარმატის“ ტელეგრამში გავრცელებული ვიდეოდან
კადრი ბატალიონ "სარმატის“ ტელეგრამში გავრცელებული ვიდეოდან

კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა სახმელეთო ბრძოლა მიმდინარეობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „გრძელდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მცდელობა“, გადაისროლეს აფხაზი და ოსი მოხალისეები.

„უმაღლესმა მთავარსარდალმა (ვლადიმირ პუტინი - რედ.) კურსკის ოლქის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ჩვენ სახმობად დიდი დროა არაა საჭირო, გამოვცხადდით დასახმარებლად“, - ნათქვამია „დონბასის ველური დივიზიის“ შეტყობინებაში. მისი მეთაური აფხაზი მებრძოლი ახრა ავიძბაა.

"ბატალიონ „სარმატის" პირადი შემადგენლობა, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის "დონბასის ველური დივიზიის" ნაწილი, გადავიდა კურსკის ოლქში საბრძოლო შეხების ხაზზე მტრის სამხედრო ფორმირებების გასანადგურებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - ნათქვამია ოსური ბატალიონის ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციაში. დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.

2023 წლის ნოემბერში ახრა ავიძბამ „დონბასის ველური ბატალიონის“ შექმნის შესახებ განაცხადა. „ჩვენ გავფართოვდით, „პიატნაშკა“ ერთი დანაყოფია. ხალხი რომ არ შევზღუდოთ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „დონბასის ველური დივიზია“, რომელშიც სხვა დანაყოფებიც შედიან“, - თქვა მან.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 2023 წელს ამბობდა, რომ დე ფაქტო სამხრეთი ოსეთიდან 1100 მოხალისე მონაწილეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კურსკის ოლქის სუჯის და კორენევსკის რაიონებში. ეს ტერიტორია უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

რუსეთმა 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

7 აგვისტოდან კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი პუტინს დაჰპირდა, რომ ოპერაცია უკრაინის ძალების „სრული განადგურებით" დასრულდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ოფიციალურად არაფერს ამბობენ.

ამასთან, 8 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მედიამ კურსკის ოპერაციაზე მინიშნებად შეაფასა.

კერძოდ, სირსკიმ გამოაქვეყნა რამდენიმე სამხედროსთან ერთად ტყის ბილიკზე გადაღებული ფოტო, წარწერით, რომ გამსვლელ რაიონში მუშაობს. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა" წერს, ასე უწოდებენ ადგილს, საიდანაც ქვედანაყოფები შეტევაზე გადასვლას იწყებენ.

8 აგვისტოს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლექსანდრ სირსკისგან მიიღო სამი „შედეგიანი მოხსენება, სწორედ ისეთი, როგორიც სახელმწიფოს ახლა სჭირდება“. ზელენსკის დეტალები არ დაუკონკრეტებია და არც კურსკის ოლქი არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ უკრაინის მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა.

The Insider-ი სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გარღვევის დროს შეძლეს თერთმეტი დასახლებული პუნქტის აღება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა The Washington Post-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს.

  • ახრა ავიძბა 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასში საომარ მოქმედებებში. მას „დნრ-ის" გმირის სტატუსი აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა 2021 წლის იანვრის ბოლოდან ძებნილად გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, "საერთაშორისო ბრიგადა პიატნაშკას".
  • ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას გადადგომით დასრულდა. ახრა ავიძბას ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მისი ბიძაშვილის, „კანონიერი ქურდის“, ალხაზ (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა გახდა.
  • 2020 წლის ივნისში, ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. იმავე წლის 9 ნოემბერს, მან განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ და მიზეზად „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა“ დაასახელა.
  • 2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
  • 2022 წლის სექტემბერში ავიძბა ირწმუნებოდა, რომ არ გაუშვეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით მან მოსკოვში ჩასვლა შეძლო, სადაც შეხვდა პარტიის - „სამართლიანი რუსეთი - უფლებისთვის“ - ლიდერს, სერგეი მირონოვს და სიტყვით გამოვიდა კონცერტზე სახელწოდებით: „ჩვენებს არ ვტოვებთ“. 29 სექტემბერს ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG