"მილევადი რეჟიმების საქციელია" - ნიკა მელიაზე თავდასხმა სამტრედიაში

ნიკა მელიას 11 აგვისტოს სამტრედიაში დაესხნენ თავს.

ოპოზიციური ცენტრის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის სამტრედიაში ჟურნალისტებს ელაპარაკებოდა. მანამდე, კოალიციის ახალი ოფისის გახსნას სამი ტელევიზია ესწრებოდა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი დავით კობიძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ თავდამსხმელი - ახალგაზრდა კაცი - ნიკა მელიას სწრაფად და მოულოდნელად მიუახლოვდა და გამეტებით ჩაარტყა მუშტი სახეში.

„ამის შემდეგ ის ადამიანი გაიქცა რესტორნისკენ, რომელიც მოპირდაპირე მხარეს იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანამდე ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსს აგინებდა, მაგრამ ეს [პოლიტიკოსებს] არ გაუგიათ, იქ ბევრი ხალხი იდგა“, - დავით კობიძე ასევე გვეუბნება, რომ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ვიდრე იქ იმყოფებოდა, პოლიცია არ მისულა.

„ადგილობრივებმა, იქ შეკრებილმა ადამიანებმა, თქვეს, ის [საბა ნიკოლეიშვილი] „ოცნების“ მხარდამჭერია“, - გვეუბნება დავით კობიძე.

Your browser doesn’t support HTML5

თავდასხმა ნიკა მელიაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმე 11 აგვისტოს აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად.

ამ მუხლში ლაპარაკია ცემაზე ან სხვაგვარ ძალადობაზე. მინიმალური სასჯელი ჯარიმას, ხოლო მაქსიმალური - ერთ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმა ხელისუფლების დაგეგმილია და ე.წ. ტიტუშკების [მოძალადე ჯგუფების] შესრულებული.

„მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა. ნიკა მელიას თავს რომ დაესხნენ, ამით სამტრედიელებს ხვალიდან ხელფასი და შემოსავალი მოემატებათ, თუ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება?! რამე გაიაფდება და შეღავათი მიეცემა ხალხს?!" - დაწერა სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც აპრილში "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.

„ქართული ოცნების თავდასხმა, ძალადობაა თითოეულ მოქალაქეზე, ვისაც სურს ცვლილება“, - წერს ნიკა მელია თავის ფეისბუკზე, ინციდენტის მეორე დღეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლება ახალისებს ძალადობს, ქაოსსა და უსამართლობას. მანამდე მან თავდასხმის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი ძალადობა მილევადი რეჟიმების საქციელია“, „ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ“.

„ქართულ ოცნების“ ხელისუფლება ირწმუნება, რომ სიმშვიდე, პირველ ყოვლისა, მათ ინტერესებში შედის და მელიაზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, მმართველი ძალისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ძალადობას მიუღებელს უწოდებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძეც და ვარაუდობს, რომ მელიაზე თავდასხმა არის პირდაპირ შიდაპარტიული დაპირისპირება. კალაძის თქმით, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია, კატეგორიულად მიუღებელია“. აქვე კალაძე იხსენებს, როგორ დაარტყა მუშტი ალექსანდრე ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, „აგენტების კანონის“ განხილვისას პარლამენტში და კვლავ იმეორებს, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და არეულობა სურს.

30 აპრილს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს. იმ დღეებში მას ორჯერ სცემეს. პირველად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან - ელისაშვილი მოტეხილი ნეკნით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

„მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენი აქტივისტების წარმომადგენლებს და მომხრეებს, ნებისმიერს, თქვენი ყველა ხელის გაქნევა „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერის თუ წარმომადგენლის წინააღმდეგ, ემსახურება „ნაცების“ საქმეს", - თქვა 12 აგვისტოს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და დაამატა, რომ თუ "მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ".

დაუსჯელობის წახალისება

ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მწვავედ რეაგირებენ, როდესაც, მაგალითად, „აგენტების კანონის“ თანაავტორ რომელიმე დეპუტატს მოქალაქეები სიტყვიერად უპირისპირდებიან.

პარლამენტი "ველური ვერბალური ქმედებებისგან დამცავ მექანიზმებს" შეიმუშავებს, - თქვა პარლამენტარმა ელისო ბოლქვაძემ მას შედეგ, რაც თავად გახდა საჯარო კრიტიკის ობიექტი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ახლო წარსულში ისიც არაერთხელ უთქვამთ, რომ „ძალადობა შობს ძალადობას“.

  • 31 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დადის ქუჩაში რამდენიმე ნიღბიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისების კედლებზე უხამსობებს წერენ და იგინებიან, კვერცხებს ესვრიან შენობებს, მათ შორის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ოფისებს.
  • ფეისბუკზე ვიდეოს თან ახლავს დიმიტრი სამხარაძის სიტყვებიც - ის იმუქრება, რომ ოპონენტებს კრიტიკას მტკივნეულად დაუბრუნებენ: „ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ!“

ნიკა მელიაზე თავდასხმამ ბევრს გაახსენა თავდასხმათა სერია, როცა „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსა თუ აქტივისტებს საკუთარ სახლებთან ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

თავდამსხმელების ერთი ნაწილი კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეომასალებში, თუმცა მედიისთვის არ არის ცნობილი არცერთი დამნაშავის დაკავების შემთხვევა.

ეს საკითხი 12 აგვისტოს შს სამინისტროშიც მოვიკითხეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ასევე დაუსჯელად ჩაიარა სატელეფონო ტერორმა, როცა უცნობები ურეკავდნენ და აგინებდნენ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებსა და მათ ხნიერ მშობლებს თუ არასრულწლოვან შვილებსაც.

სტუდენტური მოძრაობის დამფუძნებელსა და აქტივისტს, ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 7 ივნისს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. თავდამსხმელთა პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

„არც ერთი დაკავებული; არც ერთი იდენტიფიცირებული; არც ერთი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საქმის მსვლელობისას რეალური შედეგის დადგომას მოემსახურებოდა...დამკვეთზე კითხვის ნიშნები ამოწურულია - ივანიშვილის პრემიერის პერსონალური ანგარიშსწორება სტუდენტური მოძრაობის დამფუძნებელსა და თსუ-ის სტუდენტზე“, - წერია სტუდენტური მოძრაობის, „თავისუფლებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ მარნეულში თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, გიორგი მუმლაძეს

"ჩემზე თავდამსხმელებმა თავად ატვირთეს თავდასხმის ვიდეო, თუმცა გამოძიებამ, რა თქმა უნდა, არ გაარკვია ვიდეოს ამტვირთავის აიპი მისამართი. ჩვენი გამოკვლევით, ეს დიტო სამხარაძემ გააკეთა, ანუ მან ატვირთა ჩემი თავდასხმის ვიდეო, რომელიც თავდამსხმელებმა გადაიღეს", - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი მუმლაძე, რომელსაც 9 მაისს დაესხნენ თავს და 10 მაისს თავდამსხმელები ისევ დახვდნენ.

ის დაზარალებულად ცნეს 9-ში მომხდარის გამო, მაგრამ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. ხოლო 10 მაისს, როგორც მუმლაძე ამბობს, გამოაშკარავების მიზნით დაედევნნენ თავდამსხმელებს, მაგრამ "პოლიციამ გადაარჩინა ისინი, ანუ კოორდინირებულად მოქმედებდნენ".

შედეგად, ადმინისტრაციული წესით, ისევ მუმლაძეს დაედო ბრალი და, წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მარნეულის სასამართლოში 20 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს მაგისტრატი მოსამართლის მიერ.

ასევე ნახეთ დაკავების დროს ნაცემი დავით ქაცარავა სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

ნიკა მელიაზე თავდასხმის ინციდენტს ოპოზიციური კოალიციისთვის ხელი არ შეუშლია, გაეგრძელებინა რეგიონებში საარჩევნო ოფისების გახსნა და ამომრჩევლებთან შეხვედრა. „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ 12 აგვისტოს საარჩევნო ოფისები გახსნა რაჭა-ლეჩხუმში. პროცესში მონაწილეობდა ნიკა მელიაც.