"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გიორგი მუმლაძემ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მუმლაძის თქმით, ეს ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის, თავდამსხმელები კი ნიღბებით იყვნენ. ცემის შემდეგ მათ მუმლაძეს ტელეფონი წაართვეს და თან წაიღეს.
„ჩემს საცხოვრებელ სახლთან, დაახლოებით 40 მეტრში, მითვალთვალებდა „ტოიოტა ქამრი”, ჩაბურული. დავიწყე ვიდეოს გადაღება, გაიწია მანქანა და გადმოხტა ოთხი დაკუნთული, ნიღბიანი ტიპი და დამიწყეს ჩხუბი, შემომახიეს ტანსაცმელი, დაეტაკნენ ჩემს ტელეფონს და წაიღეს.
ჩემს შვილებთან ერთად ვსეირნობდი ხუთი წუთის წინ ზუსტად იმ ტერიტორიაზე. მყავს ორი წლის და შვიდი თვის შვილები. ორი წლის შვილი თან დამყვება ყველგან. გამიმართლა, რომ მასთან ერთად არ ვიყავი, ალბათ, მასზეც იძალადებდნენ.
ეს იყო სუსის მანქანა. ოთხი ნიღბიანი ადამიანი მელოდებოდა. ფერმა მაქვს აქ და ვმუშაობ სოფელში", - ამბობს გიორგი მუმლაძე.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს იმის გარკვევას, დაიწყო თუ არა მომხდარ ფაქტზე გამოძიება.
გიორგი მუმლაძე ერთადერთი არ არის, ვისაც ბოლო დღეებში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიო შენგელიას.
ფიზიკური ანგარიშსწორების პარალელურად, თბილისში სიძულვილის კამპანიის ფარგლებში გამოჩნდა პოსტერები და წარწერები ჟურნალისტების და აქტივისტების სახლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან.
ფორუმი