სხვა ბევრი საზეიმო ასაკში შესულ სამხედრო ორგანიზაციას არა აქვს. კი, ნატოს წევრი 32 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ორი დღით შეიკრიბებიან, პირველად ისტორიაში შვედეთი მიიღებს მონაწილეობას, როგორც სრულფასოვანი წევრი, მაგრამ ჰორიზონტზე მაინც ღრუბლები მოჩანს.
მინისტერიალს სამი თვის შემდეგ მოჰყვება ნატოს უმნიშვნელოვანესი სამიტი ვაშინგტონში და შეიძლება ითქვას, რომ საიუბილეო შეკრება სამიტისათვის მზადებასაც წარმოადგენს. განსახილველი საკითხები იგივე იქნება - ომი უკრაინაში, რის გაკეთება შეუძლია ნატოს კიევის დასახმარებლად, რა გზა უნდა განვლოს უკრაინამ ნატოში გასაწევრიანებლად და, ბოლოს, ვინ უნდა შეცვალოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ალიანსის ათწლიანი მართვის შემდეგ, წლის ბოლოს დატოვებს თანამდებობას.
საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, თუმცა არაერთი საკითხი უნდა გადაიჭრას დიდ შეკრებამდე, რომელიც 9-11 ივლისს ჩატარდება ამერიკის დედაქალაქში.
ყველაზე სასწრაფო კი უკრაინის სამხედრო დახმარებაა. აშშ-ის მიერ გამოყოფილი 60 მილიარდამდე დოლარი ჯერაც კონგრესშია გაჩხერილი და კიევის ევროპელი მეგობრები ცდილობენ მოაგროვონ, რისი მოგროვებაც შეუძლიათ, რათა ხელი შეუწყონ უკრაინას. ჩქარობენ, რადგან ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი შეტევას დაიწყებს. თუმცა, წლის დასაწყისთან შედარებით განწყობა ცოტა გამოსწორდა. „პირქუში ვითარებაა, მაგრამ არა კატასტროფული. რუსეთი ცოტათი კი მიიწევს წინ, მაგრამ ნელა“, - მითხრა ნატოს დიპლომატმა.
ასევე ნახეთ აშშ-ის კონგრესში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე კენჭისყრა აპრილის შუა რიცხვებამდე ნაკლებად მოსალოდნელია - მედიაუკრაინისათვის ჭურვების მიწოდების საკითხი ჯერ შორსაა გადაჭრისგან, თუმცა ამ მხრივ წინსვლა არის. ალიანსის წევრები ჭურვებს თავადაც აწარმოებენ და მათ მესამე ქვეყნებსაც უკვეთავენ. საკმარისი რაოდენობისაგან ჯერ ძალიან შორს არიან, თუმცა პროგნოზი დადებითია. მთავარი პრობლემა ახლა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების გადაცემაა. ჭურვებისაგან განსხვავებით, რაკეტებს ვერც სხვა ქვეყნებს დაუკვეთენ და მათ ვერც სწრაფად დაამზადებენ, რადგან ტექნიკურად ეს რთული საქმეა.
ამ საკითხის გადაჭრის ერთი ვერსია იენს სტოლტენბერგმა წამოაყენა მინისტერიალის დაწყების წინ. მისი შეთავაზებაა, რომ ნატომ, როგორც ორგანიზაციამ, გამოუყოს 5-წლიანი სამხედრო დახმარების პაკეტი 100 მილიარდ დოლარამდე. ხარჯს კი წევრი სახელმწიფოები იმავე პრინციპით გაინაწილებდნენ, რითაც ნატოს საერთო ბიუჯეტი დგება. საკითხავი ახლა ისაა, დაეთანხმება თუ არა ამ მიდგომას ყველა წევრი სამიტის დაწყებამდე.
ასევე ნახეთ ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის „სანდო, პროგნოზირებადი“ მხარდაჭერისთვისგენერალური მდივნის წინადადება არის ნაწილი იმისა, რასაც ნატოს ოფიციალური პირები "უკრაინის დახმარების ინსტიტუციონალიზაციას" უწოდებენ. არსებითად, ეს არის ნატოს მცდელობა, თავის თავზე აიღოს უკრაინის დასახმარებლად განხორციელებული ცალკეული ინიციატივები. აი, მაგალითად, უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფი (ასევე ცნობილია, როგორც რამშტაინის ფორმატი), რომელსაც ახლა შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს და აერთიანებს 50 ქვეყანას, რომლებიც იკრიბებიან თითქმის ყოველთვიურად, რათა უკრაინას იარაღი მიაწოდონ. ან F-16 კოალიცია, ნატოს ათეულობით მოკავშირის ჯგუფი, რომელიც გამანადგურებლების უკრაინელ პილოტებს ამზადებს.
ნატო ასევე ცდილობს, რომ გადაიბაროს უკრაინელთა სხვადასხვა საწვრთნელი მისია, რომლებიც ინდივიდუალურმა წევრმა სახელმწიფოებმა წამოიწყეს, მაგრამ აქ წინაღობებს აწყდება. რამდენიმე წყარომ მითხრა, რომ ამის წინააღმდეგ უნგრეთი გამოდის. გეგმავდნენ, რომ მინისტერიალამდე მოემზადებინათ უკრაინის მისიის მანდატის მონახაზი, მაგრამ მიიჩნიეს, რომ ჯერ დისკუსიების ჩატარება იყო საჭირო.
რა შეიძლება ითქვას უკრაინის ნატოსთან დაახლოებაზე? შარშან ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმებაზე, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო გაწევრიანებამდე სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო რეფორმის ჩასატარებლად. თუმცა, ამის შემდეგ საქმე წინ არ დაძრულა. არც გაწევრიანების კონკრეტული გზა არსებობს და არც ვადები. მხოლოდ წინადადებაა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინას ალიანსში მიიწვევენ, „როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“.
ვილნიუსის შემდეგ ნატოს ამ მხრივ აღარაფერი გაუკეთებია. ზოგ ქვეყანას, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგიდან, სურს, რომ გასცდნენ „ვილნიუსის წინადადებას“, თუმცა სხვები თავს იკავებენ. თავად პირობებიც არ გახლავთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ზოგი მათგანი გაზომვადია - ანტიკორუფციული და უსაფრთხოების სექტორების რეფორმის იმპლემენტაცია. თუმცა, მთავარი საკითხი მაინც ომთანაა დაკავშირებული. სიმართლე ისაა, რომ ალიანსის წევრების უმეტესობას არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩართვა და ამიტომ უკრაინა წევრობას ვერ მიიღებს, სანამ ომი არ დასრულდება.
შესაბამისად, საკითხავი ისაა, რას შესთავაზებს ნატო უკრაინას ვაშინგტონში? ნაწილობრივი წევრობის რამე ფორმას, რომელიც მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გავრცელდება, რომლებსაც კიევი აკონტროლებს? როგორ მიიღებს კიევი ასეთ შეთავაზებას, რაც დე ფაქტო ქვეყნის დაყოფას ნიშნავს? საერთოდაც, რამდენად დათანხმდება ალიანსის 32-ვე წევრი ასეთ რამეს? ახლა მხოლოდ ის გვესმის, რომ „ვაშინგტონის სამიტის წინა დღეები უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ვილნიუსამდე იყო. პოზიციებიც უფრო ხისტი გახდა“. საქმე ნელა იძვრის, რადგან აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ნატოს წევრ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და თან ისე მოჩანს, თითქოს ზოგადად შემცირდა მხარდაჭერა უკრაინის საომარი მცდელობების მიმართ.
ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: ფხენიანისა და თეირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას სერიოზული გლობალური შედეგები აქვსბოლო საკითხი სტოლტენბერგის შემცვლელის პოვნაა. წესით, ეს საქმე აპრილამდე უნდა დასრულებულიყო, როდესაც დიდმა ოთხეულმა - აშშ-მა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი ნიდერლანდის პრემიერ მარკ რუტეს. ამ კანდიდატურას სხვა წევრებიც უჭერენ მხარს, მათ შორის, ესტონეთი და პოლონეთი. თუმცა, ჯერჯერობით ამის წინააღმდეგია რუმინეთი, რომლის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისიც რუტეს კონკურენტია. უნგრეთი რუტეს კატეგორიული წინააღმდეგია. თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია თურქეთს. ეს საკითხი ბრიუსელის დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ელიან, რომ რამდენიმე მინისტრი მაინც ამაზე ილაპარაკებს და მხარს დაუჭერს ჰოლანდიელს. კულუარებში დიდი ვაჭრობა გაიმართება.
არ გაგიკვირდეთ, თუ ეს ყველაფერი ზაფხულამდე გაიჭიმება და ვაჭრობა შეიძლება თავად სამიტზეც გაგრძელდეს. ნატო ასაკში შედის და საკითხავია, შეძლებს თუ არა ძველებურად გადალახოს მის წინ დაგებული ბარიერები.