არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა ხუთი პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსი და ერთი ორგანიზაცია.
სანქციები პირველ რიგში ეხება ევგენია გუცულს, გაგაუზიის ოლქის გუბერნატორს.
გაგაუზია ავტონომიური ტერიტორიული ერთეულია სამხრეთ მოლდოვაში, სადაც ძირითადად გაგაუზები - თურქული წარმოშობის მართლმადიდებლები ცხოვრობენ. 1991 წლის შემდეგ, როცა მოლდოვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, გაგაუზიას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
ევგენია გუცული გაგაუზიის გუბერნატორი 2023 წლის ბოლოდანაა, როცა ადგილობრივ არჩევნებში მცირე სხვაობით გაიმარჯვა. თანამდებობის დაკავებიდან მალევე რუსეთში ჩავიდა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა, თუმცა თანხმობა კიშინიოვიდან და საამისო კონსტიტუციური მანდატი არ ჰქონია.
„ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ვაცნობე მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენზე შურს იძიებს ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულების გამო. რუსეთის ლიდერმა დადო პირობა, რომ გაგაუზიას და გაგაუზ ხალხს ჩვენი ლეგიტიმური უფლებების, ძალაუფლებისა და საერთაშორისო არენაზე პოზიციის დაცვაში დაეხმარება“, - დაწერა გუცულმა თავის ტელეგრამარხზე პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
2024 წლის 12 ივნისს ევგენია გუცულს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაუწესა სანქციები - გაუყინა აქტივები და თავის მოქალაქეებს მასთან საქმიანობა აუკრძალა. ევროკავშირის სანქციებიც მოიცავს აქტივების გაყინვას, პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების შეზღუდვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.
ბრიუსელმა სანქციები დაუწესა „ევრაზიას“ და მის დამფუძნებელს ნელი პარუტენკოს - ორგანიზაციას, რომელიც მოლდოვაში რუსულ ინტერესებს ლობირებს.
რადიო თავისუფლება აგვისტოში წერდა, თუ როგორ დაჰყავდა „ევრაზიას“ ასეულობით მოლდოველი ახალგაზრდა რუსეთში, ახალი თაობის რუსების და მოლდოველების „ხელახლა დამეგობრების“ მიზნით.
„ბევრმა ჩემმა თანატოლმა ისიამოვნა მოგზაურობით, რადგან, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, არავის არაფერი გადაახდევინეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არტემმა, „ევრაზიის“ ორგანიზებული ტურის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ევრაზიის“ ღონისძიებებზე წარსულში რუსი იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინიც გამოჩენილა.
ევგენია გუცულს და „ევრაზიას“ ისიც აქვთ საერთო, რომ ორივე დაკავშირებულია პრორუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსთან, ილან შორთან.
ილან შორი ჩართული იყო 2014 წლის მილიარდდოლარიან საბანკო თაღლითობაში. ახლა ის მოლდოვიდან გაქცეულია, დაბრუნების შემთხვევაში კი ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. 2023 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი პარტიაც აკრძალა.
„ევრაზიას“ ევროკავშირი ბრალს იმაშიც სდებს, რომ შორისგან და რუსეთისგან მომავალი ფული მათი გავლით ხვდებოდა გაგაუზიაში.
არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის მცდელობა
„მოლდოვა რუსეთიდან დესტაბილიზაციის უზარმაზარი, პირდაპირი მცდელობის მოწმეა, ისევე როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომიდან მომდინარე გამოწვევის“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა სანქციების გამოცხადების შემდეგ.
„ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების ყველანაირ მხარდაჭერას“, - დასძინა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, რომელსაც სულ მალე ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს.
სანქციების გამოცხადებამდე ოთხი დღით ადრე კიშინიოვში ჩასული იყო ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი. მან მოლდოველებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და გამოაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გადასცემს.
ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ ბრიუსელიდან გამოყოფილი სახსრები ახალი საავადმყოფოების, გზებისა და ხიდების აშენებას, ასევე სკოლების გარემონტებას და ენერგოსისტემის განვითარებას მოხმარდება.
იმავე დღეს მოლდოვის პოლიციამ ილან შორთან დაკავშირებული ჯგუფის ლიდერების სახლები გაჩხრიკა, სამი პირი კი სამი დღით დააკავა. ჩხრეკა 8 ოქტომბერს დაიწყო და 135 ადამიანს შეეხო.
მოლდოველი სამართალდამცველების თანახმად, საქმე ეხება რუსეთის მხრიდან 20 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების სქემას.
3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პოლიციის ინსპექციის და ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მხოლოდ სექტემბერში 130 ათასი მოლდოველის ანგარიშზე ჯამში 15 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა.
სამართალდამცველთა თქმით, სქემის უკან ილან შორი დგას - მოლდოვაში ფული მასთან დაკავშირებულ ხალხს შემოჰქონდაო.
„ჩვენ მოლდოვის რესპუბლიკისთვის უპრეცედენტო ფენომენს წავაწყდით - დაფინანსებასა და კორუფციას, რომელიც საარჩევნო პროცესისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად“, - თქვა პოლიციის ინსპექციის უფროსმა, ვიორელ ჩერნაუტეანუმ და დასძინა, რომ მოლდოვა „რუსეთიდან მომავალი პირდაპირი თავდასხმების“ სამიზნეა.
რუსეთიდან მოლდოვის არჩევნებში ჩარევის მცდელობას ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი „მეტაც“ ადასტურებს, რომელიც ფლობს ფეისბუკს, ინსტაგრამსა და უოთსაპს.
11 ოქტომბერს „მეტამ“ გამოაცხადა, რომ ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან მოხსნა ჯამში 50 ანგარიში, რომლებიც „კოორდინირებულ არაავთენტიკურ ქცევაში“ იყო შემჩნეული.
ამ ანგარიშების ძირითადი სამიზნე რუსულენოვანი მოლდოველები იყვნენ.
„მეტას“ თანახმად, ქსელი ძირითადად დნესტრისპირეთიდან იმართებოდა. მათ მიერ გავრცელებული მასალა ახალ ამბებს და გეოპოლიტიკურ მოვლენებს ეხებოდა და გამოირჩეოდა პრორუსული კომენტარებით. პოსტების ნაწილი ილან შორს და მის პარტიასაც ეხებოდა.
მოლდოვაში 20 ოქტომბერს ერთდროულად გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და პოლიტიკაში წასვლამდე მსოფლიო ბანკში მუშაობდა, მეორე ვადით ეცდება თანამდებობაზე დარჩენას.
მაია სანდუს მთავრობა მკვეთრად პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. მოლდოვა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს და 2024 წლის დასაწყისში ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებიც დაიწყო.
მისი მთავარი კონკურენტი ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოღლო იქნება, რომელიც სოციალისტურმა პარტიამ ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ნაცვლად წარადგინა.