„მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის რუსული გეგმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით კიევის ნამდვილ მიზანს კიშინიოვის რუსეთთან სასტიკ კონფრონტაციაში ჩათრევა წარმოადგენს“, - განაცხადა მოსალოდნელი რუსული საფრთხის შესახებ კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
კიშინიოვისგან მეტ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს დესტაბილიზაციის გეგმის კონტექსტში ნახსენები რუსეთის ტრადიციული მოკავშირე სერბეთი, რომლის რამდენიმე მოქალაქეს, კერძოდ, საფეხბურთო კლუბ „პარტიზანის“ ქომაგთა ჯგუფს, მოლდოვამ თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე - რუსული სცენარის „პირველი მსხვერპლი“
13 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული რუსული გეგმა ითვალისწინებს მოლდოვის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას მძევლების აყვანის თანხლებით, რაც ოპოზიციის საპროტესტო აქციებით უნდა შეინიღბოს. იგულისხმება პრორუსული ოპოზიციური პარტია „შორის“ მიერ ორგანიზებული პერმანენტული ანტისამთავრობო აქციები, რომლის ჩატარებასაც სანდუს ოპონენტები კვირას, 19 თებერვალს გეგმავენ.
რუსული სცენარის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, ძალადობრივ ქმედებებში უნდა ჩაერთონ ასევე „სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი, სამხედრო გამოცდილების მქონე დივერსანტები და საზღვარგარეთიდან შემოგზავნილი პირები“. ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა მაია სანდუმ, 13 თებერვლის ბრიფინგზე დაასახელა ასევე მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეების შესაგზავნად საჭირო ინსტრუქციები.
მოლდოვის ლიდერს არ უთქვამს, თუ კონკრეტულად რას ავალებს ეს ინსტრუქციები ზემოხსენებული ქვეყნების მოქალაქეებს. მაგრამ პრეზიდენტი სანდუ რუსეთიდან მომდინარე ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს.
„სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მცდელობა გასულ შემოდგომაზეც იყო, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურების ოპერატიული მოქმედებების წყალობით, დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. შემოდგომაზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ენერგეტიკული კრიზისი, რომელსაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება და ძალადობრივი ქმედებები უნდა გამოეწვია“, - აღნიშნა 13 თებერვალს მაია სანდუმ.
სანდუს ამ განცხადების დასრულებისთანავე მოლდოვის შესაბამისი სამსახურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. რამდენიმე საათში, 13 თებერვლის საღამოს, მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა ბელგრადის საფეხბურთო კლუბ „პარტიზანის“ 12 ქომაგს, რომლებიც ტირასპოლის „შერიფთან“ უეფას საკონფერენციო ლიგის მატჩზე დასასწრებად მიეშურებოდნენ.
ფეხბურთის ქომაგები უკან გააბრუნეს. მოლდოვის სასაზღვრო სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ უცხოეთის რამდენიმე მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი იმ მოტივით ეთქვათ, რომ არ აკმაყოფილებდნენ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებს.
„მათ ვერ დაასაბუთეს მოლდოვაში გამგზავრების მიზანი და არ ჰქონდათ ამ მხრივ საჭირო დოკუმენტები“, - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის ცნობაში.
მალე ამას მოჰყვა საფეხბურთო კლუბ „პარტიზანის“ ხელმძღვანელობის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოლდოვის საფეხბურთო ასოციაციამ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გადაწყვიტა, რომ მაყურებლის გარეშე ჩატარდეს ბელგრადის „პარტიზანსა“ და ტირასპოლის „შერიფს“ შორის 16 თებერვალს დანიშნული მატჩი.
მაგრამ ბელგრადი კიშინიოვისგან მოითხოვს დამატებითი ინფორმაციის მიღებას თავისი იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ კავშირში უნდა ყოფილიყვნენ მოლდოვის მადესტაბილიზებელ ქმედებებში.
„ჩვენ მოლდოვის მხარეს ვთხოვეთ ამ საკითხზე მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაციის მოწოდება. აქამდე მოლდოვის რესპუბლიკას ჩვენთვის არ მოუწოდებია არანაირი ცნობა“, - განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა.
და ვიდრე ბელგრადი კიშინიოვისგან განმარტებებს ითხოვდა, მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის დეპუტატმა, ანდრიან კენტოპარმა, ფეხბურთის სერბ ქომაგთა ქვეყანაში არშესვლის მიზეზად დაასახელა უსაფრთხოების სამსახურების ხელთ არსებული ცნობა, რომლის თანახმად, გულშემატკივრებს შორის, შესაძლოა, დივერსანტებიც ყოფილიყვნენ.
სეპარატისტული დნესტრისპირეთის წამყვანი საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ მოლდოვის იურისდიქციის ქვეშაა და რეგულარულად მონაწილეობს მოლდოვის საფეხბურთო ჩემპიონატში. ასეთი „ლოიალობა“ პრაგმატულია - დნესტრისპირეთის გუნდს გზა აქვს გახსნილი საერთაშორისო ასპარეზობებისკენ, სადაც „შერიფი“, უეფას წესების თანახმად, მოლდოვური, სამფეროვანი დროშით, მონაწილეობს და მოიხსენიება კიდეც მოლდოვურ და არა - დნესტრისპირეთის საფეხბურთო კლუბად.
კიევს სურს, რომ კიშინიოვმა მეტი ყურადღება მიაქციოს დნესტრისპირეთს
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროები ამბობენ, რომ გასულ კვირაში, ევროკავშირის სამიტის დარბაზში მოლდოვასთან მიმართებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დამსწრეების გაკვირვება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ თავყრილობაზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე იშვიათად ლაპარაკობენ, ზელენსკის გამოსვლის შემდეგ დისკუსიაში გამოსვლა არავის უცდია.
წყაროს შეფასებით, ზელენსკის ამ განცხადებით სურდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს პოზიციების გაძლიერება და იმის ჩვენება, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში ისინი „ერთ ნავში უნდა ისხდნენ“.
ზოგიერთი ანონიმი ევროპელი ოფიციალური მოხელე აღნიშნავს, რომ უკრაინის აზრით, მოლდოვა არ უთმობს სათანადო ყურადღებას სეპარატისტულ დნესტრისპირეთს, უკრაინის მოსაზღვრე ანკლავს, სადაც რუსეთს დაძაბულობის სერიოზული ესკალაცია შეუძლია.
„კიევში აშკარად იმედგაცრუებული არიან იმით, რომ მოლდოვის რესპუბლიკა დღემდე ხუჭავს თვალს დნესტრისპირეთში შექმნილ ვითარებაზე, რისი ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - უთხრა წყარომ რადიო თავისუფლებას.
რუსეთიდან მომდინარე დესტაბილიზაციის გეგმაზე კომენტარები გაკეთდა მოლდოვის სტრატეგიულ მეზობელ რუმინეთში. ამ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დანკუმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოლდოვის რესპუბლიკას რუსეთის მხრიდან უშუალო საფრთხე არ ემუქრება. მაია სანდუს განცხადება კი ახსნა მოლდოვის ქალი პრეზიდენტის სურვილით, რომ საზოგადოების სიმპათია დაუბრუნოს მისი ლიდერობით მოქმედ პროევროპულ პარტიას.
მოსკოვის მიერ მოლდოვის დესტაბილიზაციის სავარაუდო სცენარის შესახებ დამოუკიდებელი წყაროებისგან დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს აშშ, მაგრამ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მეზობელი ქვეყნების მიმართ მსგავსი შეთქმულება „არ სცილდება რუსეთის ქმედებათა ფარგლებს“ და, შესაბამისად, „მხარს ვუჭერთ მოლდოვის ხელისუფლებას და ხალხს“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.
- 13 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი ძირგამომთხრელი და მადესტაბილიზებელი ქმედებებით მიზნად ისახავს მოლდოვის ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლას, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მოლდოვის რესპუბლიკის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.
- მოსკოვიდან მომდინარე დესტაბილიზაციის საფრთხეზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოლდოვის ხელისუფლება გასულ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააფრთხილა.
- უკრაინის სპეცსამსახურებისგან მიღებული რუსული გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას მძევლების აყვანის თანხლებით, რაც ოპოზიციის საპროტესტო აქციებით იქნება შენიღბული.
- სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში უნდა ჩაერთონ ასევე „სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი, სამხედრო გამოცდილების მქონე დივერსანტები და საზღვარგარეთიდან შემოგზავნილი პირები“. როგორც სანდუ აცხადებს, სპეცსამსახურებს, კერძოდ, აღმოჩენილი აქვთ მოლდოვის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეების შესაგზავნად საჭირო ინსტრუქციები.
- 13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოუწოდა ქვეყნის პარლამენტს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტები, რომლებიც ქვეყნის უშიშროების სამსახურსა და პროკურატურას მოლდოვის წინაშე არსებული საფრთხეების გასამკლავებლად გადამჭრელი ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
- ასეთი ზომების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მოლდოვის პრორუსული საპარლამენტო პარტიები და ცალკეული პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც მაია სანდუ მოლდოვის „პოლიციურ სახელმწიფოდ“ გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულეს და კვირას, 17 თებერვალს, პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს.