„არც გაბრაზებული ვარ, არც შეურაცხყოფილი, უფრო ალბათ სევდაა ის, რასაც ვგრძნობ. სევდიანია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და მათ სისტემა აძლევს იმის საშუალებას, რომ ასე მოიქცნენ. რეალურად ამის მერე მივხვდი, რამდენზე არიან წამსვლელები. როცა იქ დგახარ, სადაც ნამდვილ ქვებს გესვრიან, მანდ ხვდები, როგორ საზოგადოებაში და როგორ ქვეყანაში ცხოვრობ”, - ასე აღწერს 16 წლის გიო დღეს, როდესაც მას და მის თანატოლებს 60-ზე მეტი ზრდასრული კაცი ქვებს, წითელი საღებავით ამოვსებულ კვერცხებს უშენდა, აგინებდა და ემუქრებოდა. გიო ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც 17 ივნისს, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილ 3-დღიან ბანაკში - „ლიბერალურ აკადემიაში” მონაწილეობდა.
შაბათ დილით, სანამ ბორჯომთან ახლოს, სოფელ მზეთამზეში, ბანაკს აგრესიულად განწყობილ მოქალაქეთა ჯგუფი დაესხმებოდა თავს, გორთან ახლოს, ავტობანზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ „გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. ჯაფარიძე თბილისიდან ბორჯომში ბანაკის მონაწილეებისთვის ლექციის წასაკითხად მიდიოდა. მან გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თავდასხმის შესახებ ბანაკის წევრებმა მალევე გაიგეს. დაახლოებით ერთ საათში შეამჩნიეს, რომ მათ სასტუმროსთან უცხო ადამიანები გუნდ-გუნდად იკრიბებოდნენ.
„უცბად მესმის გინების ხმა, ყვირილი… ორგანიზატორებმა ყველა ბავშვი შენობაში შეგვიყვანეს ერთ სივრცეში. ამ დროს უკვე ქვებს ისროდნენ. პოლიციაშიც დავრეკეთ, 112-შიც ძალიან ბევრმა, თითო ადამიანმა რამდენჯერმე დავრეკეთ, ისიც ვთქვით, რომ არასრულწლოვნები ვიყავით. სასტუმროც დააზიანეს, შესასვლელი კარი სულ კვერცხებით იყო სავსე, გვემუქრებოდნენ, ღამე თუ დარჩებით, უარესს გავაკეთებთო… კაი ხანი დაჭირდა პოლიციას ჩვენამდე მოსასვლელად, მინიმუმ 40 წუთი ველოდებოდით. პოლიციის მოსვლის მერე მალევე დაიშალნენ. მარტო Post TV დარჩა”, - უყვება 16 წლის კატო, ბანაკის კიდევ ერთი მონაწილე რადიო თავისუფლებას. მან მზეთამზის ბანაკის შესახებ „ფრანკლინელებისგან”, ანუ „ფრანკლინის კლუბის” წევრი მეგობრებისგან გაიგო. ეს ბანაკები, რომელიც თითქმის ერთი წელია, თვეში ერთხელ იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ამ დრომდე 500-მდე ახალგაზრდას აქვს გავლილი.
“ფრანკლინის კლუბი”, ისევე როგორც “ლიბერალური აკადემია”, რამდენიმე თვეა ხელისუფლების სამიზნედ იქცა. მთავრობის წევრები და დეპუტატები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ამ კლუბშიც და ბანაკშიც “ახალგაზრდებს წამლავენ”, “ანტისახელმწიფოებრივ, ძირგამომთხრელ საქმიანობას” ასწავლიან და ამზადებენ გადატრიალებისთვის, რევოლუციისთვის, არეულობისთვის. სინამდვილეში, “ფრანკლინის კლუბშიც“ და “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკებშიც ახალგაზრდები პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ლიბერალიზმზე, სახელმწიფოს მართვის განსხვავებულ მიდგომებზე მსჯელობენ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ლექციებს ისმენენ მათთვის საინტერესო თემებზე.
ასევე ნახეთ "ჩემი შვილი „ფრანკლინის კლუბის“ წევრია" - ვის ეშინია „ფრანკლინელების“?“არანაირი "ტრენინგი" არ ტარდება, ეს არის ბავშვების, არასრულწლოვნების გაწვრთნა რევოლუციური მიზნებისთვის, რომელიც "დემოკრატიის" და "ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის" საფარქვეშ ფინანსდება ქვეყნის გარედან!” - დაწერა მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილმა აქტივისტმა და კონსერვატიული მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე. 17 ივნისს ის თავდამსხმელების სიახლოვესაც გამოჩნდა ბორჯომში, 18 ივნისს კი, მხარდამჭერებთან ერთად “ფრანკლინის კლუბის” შეკრებას აპროტესტებდა თბილისში.
“ზუსტად მაგიტომ, ეგეთ რამეებს რომ ამბობენ, უნდა დავუმტკიცოთ, რომ ასე არ არის, უნდა გავაგრძელოთ, არ უნდა შევშინდეთ და კიდევ მეტი გავაკეთოთ. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ თავს, არ გვეშინია იმის თქმის, რასაც ვფიქრობთ, რამე თუ არ მოგვწონს, იმაზე ჩუმად ყოფნას არ ვირჩევთ და ალბათ ეგ არის, რისიც ეშინია ხელისუფლებას. "ფრანკლინის კლუბშიც" და ამ ბანაკშიც ისეთი ადამიანები დადიან, რომ მართლა დაუვიწყარი მოგონებები გრჩება მანდედან”, - ამბობს კატო, როცა ვეკითხებით, იცის თუ არა რას ამბობს ხელისუფლება “ფრანკლინის კლუბზე“ და რა ინფორმაციას ავრცელებდა პროპაგანდისტული მედია იმ ბანაკის შესახებ, რომელშიც ის ორი დღე იმყოფებოდა. კატო ფიქრობს, რომ 17 ივნისს ბანაკზე თავდასხმის მიზანი მოზარდების პროვოკაციაზე წამოგება იყო. თავდამსხმელები ბანაკში შევარდნის მიზეზს ეძებდნენ და ბანაკის ორგანიზატორებს სიფრთხილე რომ არ გამოეჩინათ და მათთან დისკუსიაში შესულიყვნენ, აგრესიული კაცები მზად იყვნენ, სასტიკად ეცემათ ყველა, ვინც ხელში მოხვდებოდათ, - გვიყვება ის.
კადრებში, რომელსაც ბანაკში მყოფები აქვეყნებენ, ისმის, როგორ ეძახიან შეურაცხმყოფელ სიტყვებს სასტუმროში მყოფებს თავდამსხმელები, ხელს დემონსტრაციულად იკიდებენ სასქესო ორგანოებზე, სთხოვენ გარეთ გამოსვლას ბანაკის მონაწილეებს და აგინებენ.
“ეს პროექტი მომგებიანია ჩვენთვის და, შესაბამისად, წამგებიანია ხელისუფლებისთვის. მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი ამ ბანაკებით და ეხება არა მხოლოდ იმ ბავშვებს, ვინც მასში მონაწილეობს, მათ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, იმ ადამიანებს, ვის სივრცეებშიც ვმართავთ შეხვედრებს და ყველა ხედავს, რომ მართლა სატანისტები და ნარკომანები კი არ ვართ, როგორც ხელისუფლება გვეძახის, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ”, - ამბობს ლიბერალური აკადემიის იდეის ავტორი და ბანაკების ერთ-ერთი ორგანიზატორი, როკო მწყერაშვილი და ჰყვება, რომ მაგალითად მზეთამზეშიც, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასტუმროს ინფრასტრუქტურა და შეწუხდნენ სხვა სტუმრები, ყველა, მომსახურე პერსონალიც, სასტუმროს მეპატრონეც და სტუმრებიც მათ მხარეს იყვნენ და ყველანაირად ცდილობდნენ მათ დაცვას.
მწყერაშვილი გამოძიებამ უკვე გამოკითხა და ახლა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დანაშაულის ორგანიზატორის პოვნას ელოდება სამართალდამცველი სტრუქტურებისგან. თავდამსხმელებმა მისი მანქანა წითელი საღებავებით შეღებეს და დაამტვრიეს.
“პოლიციელებმა პირდაპირ გვითხრეს, იმიტომ ვერ მოვედით მალე გამოძახებაზე, რომ ცოტა ვართ და ვინც ვართ, იმათი ნაწილიც სამსახურში არ დადისო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროკურორი ძალიან მოწადინებულია იპოვოს დამნაშავეები.
გამომძიებლებმაც დამისახელეს პიროვნებები, ზედმეტსახელებიც მითხრეს, არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულები, დასუფთავების სამსახურში, ბორჯომის პარკში, ტაქსისტები, სპორტსმენები, რომლებსაც საერთო ის აქვთ, რომ ყველა საჭიროებას უფინანსებს ბორჯომის მერია და მერე ამის სანაცვლოდ იყენებს იმ დავალებებისთვის, რისი შესრულებაც სჭირდებათ”, - ჰყვება როკო, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ათობით ადამიანს, ვინც მზეთამზეში დაესხა თავს, ძალიან მკაფიო დავალება ჰქონდა - ზუსტად იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და რა არა. ერთადერთი ტელევიზია, რომელიც თავდასხმისას მზეთამზეში იყო, POSTV-ია. დანარჩენი მედიასაშუალებები მას შემდეგ მივიდნენ შემთხვევის ადგილას, რაც იქ მყოფებმა სოციალური მედიით გაავრცელეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ.
ბანაკში მყოფები ჰყვებიან, რომ POSTV-ის გადამღები ჯგუფი თავდამსხმელებზე ადრე მივიდა სასტუმროსთან და თავდამსხმელებზე გვიან დატოვა ტერიტორია.
POSTV-ი, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ “იმედთან“ ერთად, რამდენიმე თვეა ჩართულია “ფრანკლინის კლუბისა“ და “გირჩის“ ბანაკების მარგინალიზების კამპანიაში. 8 აპრილს “იმედმა” გამოაქვეყნა რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომელიც მათი მტკიცებით “გირჩის ბანაკებშია” გადაღებული. ამ კადრებში ჩანს ზურა ჯაფარიძე და ისმის კითხვა, “შევცვალოთ მთავრობა?”, ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემდეგ კიდევ ერთი კითხვა ისმის: “როგორ?“ პასუხად გვესმის - “რევოლუციით, სისხლიანი რევოლუციით”.
როკო მწყერაშვილი ამბობს, რომ კადრები, რომლითაც ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ამ ბანაკებში ახალგაზრდებს გადატრიალებისთვის ამზადებენ, გასული წლის ზაფხულშია გადაღებული და თვეების განმავლობაში ინახავდნენ იმ დროისთვის, როცა მათი გამოყენება უფრო ხელსაყრელი იქნებოდა. ხელსაყრელი კი, როგორც როკო მწყერაშვილი ფიქრობს, მარტის აქციების შემდეგ გახდა, როდესაც მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ხელისუფლება იძულებული იყო პარლამენტიდან გაეტანა კანონი “უცხოეთის აგენტების შესახებ“, “რუსული კანონი” - როგორც მას პროტესტის მონაწილეები უწოდებდნენ.
“ხელისუფლებამ ძალიან დიდი მარცხი განიცადა ახალგაზრდა თაობასთან და ამიტომაა გაათმაგებული შეტევა ყველა იმ ადამიანზე და ორგანიზაციაზე, ვინც ახალგაზრდებს ეხმარება იმ საფრთხის გააზრებაში, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამიტომ ესხმიან თავს "ფრანკლინის კლუბსაც", ამ ბანაკსაც, ლევან ბერძენიშვილსაც და ყველას”, - გვეუბნება 16 წლის გიო და ამატებს, რომ შეუძლებელია ხელისუფლებამ, რომლებსაც ახალგაზრდებს “სატანისტები” და “ექსტრემისტები” უძახა, შეძლოს და მათთან საერთო ენა გამონახოს. “იმდენი შეურაცხყოფა აქვთ უკვე მოყენებული ჩვენთვის, ყოვლად დასვრილია ხელისუფლება და ვერაფრით მოახერხებს ამის ჩამორეცხვას”.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი თქმით, "სატანისტები" 4-5 ბავშვს უწოდა, "ფრანკლინის კლუბში" კი "ტვინს ურეცხავენ"ლიბერალურ აკადემიასა და ლიბერტარიანული პარტია “გირჩის“ დამფუძნებელ ზურა (გირჩი) ჯაფარიძეზე თავდასხმა პირველი არ არის, როცა საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმის უკან ხელისუფლება დგას. პროპაგანდისტული კამპანია და ფიზიკური ძალადობა ერთად ლიბერალური აკადემიის დამფუძნებლებსაც და პარტია “გირჩის“ წევრებსაც აფიქრებინებს, რომ ამჯერად ხელისუფლებამ ძალადობრივი ქმედებებისთვის “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი გამოიყენა და მომდევნო თვეებში ის შეავსებს იმ ნიშას, რომელსაც სხვადასხვა დროს “პატრიოტთა ალიანსი“, კონსერვატიული მოძრაობა და “ხალხის ძალა” იკავებდა.
“დესტრუქციულ ძალებს, ჩვენი ეკლესიის მტრებს და ჩვენი ქვეყნის არევის მსურველებს არ მივცემთ საშუალებას მოწამლონ ახალგაზრდები და წააქეზონ ისინი საკუთარი მშობლების და ქვეყნის წინააღმდეგ!.. მშობლებო მოარიდეთ ბავშვები ტოკსიკურ ადამიანებს”, - აცხადებს ვატო შაქარიშვილის ახლად დაფუძნებული მოძრაობა.
ასევე ნახეთ პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა