მოძრაობის, "საქართველო უპირველეს ყოვლისა", დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და მისი თანამოაზრეები 18 ივნისს „ფრანკლინის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე მისვლას და კლუბის საქმიანობის გაპროტესტებას გეგმავენ.
ამის შესახებ ვატო შაქარაშვილმა ცოტა ხნის წინ დაწერა სოციალურ ქსელში.
„ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას - LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!“.
18 ივნისს თბილისში „ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება კონფერენცია, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან. მათ შორის, გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, ირაკლი კუპრაძე - „ლელო“, ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, დიმიტრი ჩიქოვანი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“.
კონფერენციაზე მიწვეულია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც, თუმცა, როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან მათ მიწვევაზე დასტური არ მიუღიათ.
„ფრანკლინის კლუბი“ ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი ბოლო თვეებში, განსაკუთრებით, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების შემდეგ, არაერთხელ გახდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა:
"მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეს დაიწყო ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და "ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს... ეს არის შემაშფოთებელი. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია".
„ფრანკლინის კლუბი“ ორი წლის წინ დაფუძნდა. როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ, კლუბის მიზანი განათლების გავრცელება, ახალგაზრდისთვის თავისუფლების, ლიბერალური ღირებულებების, ინდივიდუალიზმის სწავლებაა.
„ფრანკლინის კლუბის“ მიერ დაგეგმილი კონფერენციის გაპროტესტებამდე, 17 ივნისს, ვატო შაქარიშვილის მოძრაობის წევრები ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ლექცია უნდა ჩაეტარებინა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბორჯომში ჩასვლამდე გორში თავს დაესხა მოქალაქე, ფიზიკურად გაუსწორდა მას და ზურა ჯაფარიძემ ლექციის ჩატარება ვეღარ შეძლო.
17 ივნისს ბორჯომში ჩასული ვატო შაქარაშვილის მოძრაობის წევრები სასტუმროს მიმართულებით ისროდნენ ქვებს, კვერცხებს, იქ მყოფ ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა, ვატო შაქარიშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი თანამოაზრეები არ ძალადობდნენ:
"ბორჯომის სუფთა ჰაერს ჩრდილში თუ დაგვაცდით, კარგი იქნება... არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები", - თქვა 17 ივნისს ვატო შაქარიშვილმა "TV პირველთან" საუბარში.
ვატო შაქარიშვილი 17 ივნისს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის დეტალებზე ფეისბუკში წერდა.
"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება".