საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან კვლავ ილაპარაკა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის გასაპროტესტებლად თბილისის ქუჩებში 7-9 მარტს გამოვიდნენ. პრემიერი პარლამენტში 9 დეპუტატმა უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ დაიბარა, მან კი აქცენტი მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზე გააკეთა და ოპოზიციას "მეხუთე კოლონა" უწოდა. ეს საკითხები სხდომაზე დღეს მან რამდენჯერმე წამოჭრა.
მანვე აღნიშნა, რომ ახალგაზრდებზე, რომლებიც "სატანისტებად" მოიხსენია, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.
"ბევრჯერ გაისმა ბრალდებები, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. ჩემს გამოსვლაში ვთქვი რამდენიმე ახალგაზრდა. შეგნებულად არ მინდოდა, არც მინდა, რომ 4-5 ახალგაზრდას სახეების იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს იყო ჩემი სურვილი. მე ამის თაობაზე ვისაუბრე, მართლაც არანორმალურ შემთხვევებთან გვქონდა საქმე - ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან", - თქვა პრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ გააჟღერა ბრალდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრანკლინის კლუბის" წინააღმდეგ, მისი ბენეფიციარები კი ანარქისტებად მოიხსენია.
"რაც "ფრანკლინის კლუბში" მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა - მიდის ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების. 2000-ზე მეტი სტუდენტია მონაწილე ამ კლუბის. 1000-ზე მეტი "ფრანკლინის ანარქისტული კლუბის" - ეს არ არის "ფრანკლინის კლუბი", ეს არის ანარქისტული კლუბის წევრები - 1000-ზე მეტი ანარქისტი ესწრებოდა ცნობილ 7 და 8 მარტის აქციებს.
მათ ჰქონდათ კონკრეტული ინსტრუქციები, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ პროვოკაციებში, კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცნაზთან... აქ მიდის ჩვეულებრივი დამუშავება სპეცსამსახურების. ამ ანარქისტული მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ "სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება". რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკითხა, დაწყებულია თუ არა "ფრანკლინის კლუბთან" დაკავშირებით გამოძიება, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ გაუცია უწყების პრესსამსახურს.
საქართველოს პრემიერმა ასევე თქვა, რომ ოპონენტების მხრიდან არის ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლო თავდასხმები:
"ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც მე მოვიყვანე და შევახსენე ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას. მათგან რაც მოვისმინეთ, [ეს არის] ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ეს არის მათი ხელწერა, ცრუ დემაგოგია, სიცრუე და ყოველგვარი უსაფუძვლო თავდასხმები და ბრალდებები, პიროვნული შეურაცხყოფები..."
7-9 მარტის აქციებზე კი ათასობით ადამიანი ქუჩაში სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებამ გამოიყვანა. "ქართულმა ოცნებამ", პროტესტის მიუხედავად, პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი, რომლითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ.
საპროტესტო გამოსვლების ფონზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი გაიწვია. თუმცა აქციის მონაწილეებს კვლავ მოიხსენიებდა ანარქისტებად და ამ კონტექსტში ახსენებდა "ფრანკლინის კლუბსაც".
დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, დაეარსებინათ ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი განათლების გავრცელება იქნებოდა - სურდათ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის ესწავლებინათ, რა არის თავისუფლება, ლიბერალური ღირებულებები, ინდივიდუალიზმი - სწორედ ასე ხსნიან "ფრანკლინის კლუბში" ორგანიზაციის ფუნქციას.