Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა აქცია "შინ ევროპისკენ" და მარტის პროტესტი ქვეყანაში ომის დაწყების სურვილს დაუკავშირა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ხელისუფლების გონიერებით" ხსნის იმას, რომ ქვეყანაში ახლა "მეორე ფრონტი" არ არის გახსნილი. ის დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე სასაუბროდ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატითაა მისული. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას "ათას ცილს სწამებენ და ეძახიან პრორუსულს".

"დესტრუქციული, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული და მანამდეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] და მის გუნდს, ჩვენ ყველას დღემდე უწოდებდნენ "პრორუსულ ძალას". მე მინდა შევახსენო მათ და ჩვენს საზოგადოებას, რა შედეგი მოუტანა ამ ძალამ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში, ჩვენი დამსახურებაა ჩვენი მოსახლეობა, არა მხოლოდ ელიტა, გადაადგილდება ბარიერების გარეშე", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე მოქმედი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი, აქციები, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო, "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილს დაუკავშირა.

"გახსოვთ კარგად აქციები "შინ ევროპისკენ" და მათი გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენ შიდა თუ გარე მტრებს.

ბოლო მცდელობას შეგახსენებთ: ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები - "ნაცმოძრაობის", "გირჩი-მეტი თავისუფლების", ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები... ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა", - თქვა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 24 მარტს, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა იმის გასარკვევად, რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რატომ შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან შედარებით, რა კეთდება სტრატეგიულ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობის გასაძლიერებლად და ა.შ.

საქართველოს პრემიერმა ძირითადად ისაუბრა "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილზე, რომელიც, მისი თქმით, აქვთ "ექსტრემისტულ" ოპოზიციას საქართველოში და მის პარტნიორებს - საზღვარგარეთ.

სწორედ ამ კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა აქციები "შინ ევროპისკენ", რომელთა მთავარი მიზანიც ქვეყნის მოსახლეობის ევროპული არჩევანის გამოხატვა იყო. აქციები გაიმართა იმ პერიოდში, როცა განიხილებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამ საკითხის გადაწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხის, "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნია და ხელისუფლების გადადგომაც მოითხოვა.

დრონით გადაღებული "შინ ევროპისკენ"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:27 0:00

7-8 მარტის აქციაზე კი ათასობით ადამიანი ქუჩაში სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებამ გამოიყვანა. "ქართულმა ოცნებამ", პროტესტის მიუხედავად, პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი, რომლითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ. საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია.

XS
SM
MD
LG