მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი არც კი განიხილავს მარცხის შესაძლებლობას.
პროგნოზების გაკეთებას არ ვაპირებ. ჩემი მიზანია შედარება წინა არჩევნებთან, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ამაში ისიც მიწყობს ხელს, რომ თითოეული მათგანი პირადად მახსოვს. ამ შედარებიდან დასკვნების გამოტანა მკითხველისთვის მიმინდია.
ასეთი არჩევნები სამი იყო: 1990, 2003 და 2012 წლისა. 2003-ში მთავრობა, მკაცრი აზრით, არჩევნებით არ შეცვლილა, მაგრამ ცვლილება მაინც ჯერ ფაქტობრივად წაგებულმა არჩევნებმა და მერე ამ შედეგის არაღიარებით გამოწვეულმა სახალხო პროტესტმა მოიტანა.
იმედი, შიში და შფოთვა
ჩვენი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რომ ხალხს ხელისუფლების შეცვლა შეუძლია, მაგრამ ეს ყოველთვის აღიქმება, როგორც პოლიტიკური სასწაული; არჩევნებით მოტანილ ცვლილებასაც კი „რევოლუციას“ ვუწოდებთ. ახლაც ასე იქნება, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა.
ყველა ხსენებული არჩევნების წინ ამბივალენტური, გაორებული განცდა არსებობდა. ბევრს სჯეროდა, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა და ცვლილება მომწიფებულია, მაგრამ ამას თან ერთვოდა შიში, რომ „ესენი“ უბრალოდ არ წავლენ, რაღაცას მოიფიქრებენ და ძალაუფლებაში მაინც დარჩებიან. საბოლოოდ, ცვლილება უფრო ადვილად ხდებოდა, ვიდრე თავიდან წარმოგვედგინა.
პარადოქსია, მაგრამ ყველაზე იოლად კომუნისტები წავიდნენ. ამის წინაპირობა იყო პერიოდი 1989 წლის 9 აპრილსა და 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებს შორის, როდესაც ხელისუფლებას მორალურად უკვე წაგებული ჰქონდა და ძალაუფლების ბერკეტებს მხოლოდ ინერციით ინარჩუნებდა.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ვერ იჯერებდა, რომ ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება შესაძლებელი იყო. მისი ლიდერები აბსურდულად აცხადებდნენ იმედს, რომ კომუნისტები თავისსავე ორგანიზებულ არჩევნებს წააგებდნენ. ისინი ოფიციალური არჩევნების ბოიკოტს და პარალელური „არასაბჭოთა“ არჩევნების ჩატარებას ქადაგებდნენ.
ამ აზრს იზიარებდა არაკომუნისტური ხელისუფლების მომავალი ლიდერი ზვიად გამსახურდიაც. თუმცა, მან ოფიციალურ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოზიცია მკვეთრად შეიცვალა და მათში მონაწილეობა გადაწყვიტა. შედეგი მოსალოდნელიც აღმოჩნდა და მოულოდნელიც: კომუნისტებმა უდრტვინველად დათმეს ძალაუფლება.
2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შევარდნაძის მთავრობის რადიკალური დისკრედიტაცია უსწრებდა წინ. ერთი წლით ადრე ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მისმა პარტიამ, საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, თბილისში 4%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა. ისტორიულად, ასეთი დაბალი მხარდაჭერა არცერთ სახელისუფლებო პარტიას არ ჰქონია.
ხალხს მაინც ბოლომდე არ ჰქონდა გამარჯვების იმედი. პოპულარული იყო ფრაზა „მაინც გააყალბებენ“. ასეც მოხდა: გაყალბების მასშტაბი არნახული აღმოჩნდა, რაც ეგზიტ-პოლებმა და ხმების პარალელურმა დათვლამ დამაჯერებლად აჩვენა. შეიქმნა უტყუარი საბუთები, რომ ოპოზიციას გამარჯვება წაართვეს.
მაგრამ საბოლოოდ გაყალბებამ არ გაჭრა: მასობრივმა საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა აიძულა. ძალოვანმა სტრუქტურებმა არ ისურვეს, დისკრედიტირებული ხელისუფლების სახელით ხალხის წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინათ.
მაშინ ვამაყობდით, რომ „ვარდების რევოლუცია“ ერთი ჩატეხილი ფანჯრის გარეშე დასრულდა. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ შევარდნაძის გადადგომამდე 3-4 დღით ადრეც კი ვერავინ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ყველაფერი შედარებით ადვილად დასრულდებოდა.
2012 წლის არჩევნების წინ არსებითად სხვა ვითარება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას გაცილებით მეტი რეალური მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე შევარდნაძეს 2003 წელს ან კომუნისტებს 1990-ში. მეორე მხრივ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის სრულიად მიუღებელი გახდა. 2007 და 2009 წლებში ოპოზიციამ ვარდების რევოლუციის განმეორება სცადა, მაგრამ უშედეგოდ, რამაც მის რიგებში პესიმიზმი გააძლიერა.
ბიძინა ივანიშვილის უეცარმა გამოჩენამ და მის გარშემო მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი იყო განწყობა, რომ „ესენი არჩევნებით არ წავლენ“.
წინასაარჩევნოდ არსებობდა ორი ნარატივი, რომელთაც ორივე მხარე გულწრფელად იზიარებდა: სამთავრობო, რომლის მიხედვითაც „ოცნება“ წააგებდა, მაგრამ არჩევნების შედეგებს არ ცნობდა და არეულობის მოწყობას შეეცდებოდა, და ოპოზიციური, რის მიხედვითაც ოპოზიცია მოიგებდა, მაგრამ ხელისუფლება შედეგს არ ცნობდა.
მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარდატეხა გამოიწვია ე.წ. ციხის კადრების გამოქვეყნებამ, რასაც ფართო აღშფოთება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა; ქუჩაში პირველად გამოვიდა ახალგაზრდობა, მაშინ როდესაც მანამდე საპროტესტო გამოსვლებში ძირითადად უფროსი თაობა მონაწილეობდა. ცალსახად ვერავინ დაამტკიცებს, რომ არჩევნების ბედი ამან გადაწყვიტა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ასეც ყოფილიყო.
ის, რაც მოხდა, ორივე მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, მეორე დღეს კი პრეზიდენტი სააკაშვილი ტელევიზიით გამოვიდა და მშვიდად მიულოცა ოპონენტებს გამარჯვება.
2024 წლის წინასაარჩევნო სიტუაცია, სხვა მაგალითებთან შედარებით, უფრო 2012 წლის ვითარებას ჰგავს: ხელისუფლებას სერიოზული მხარდაჭერა რჩება, თუმცა ის, დიდი ალბათობით, არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის. ამას ემატება ისიც, რომ ამჯერად არჩევნები სრულად პროპორციულია, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს „მაშველი რგოლი“ მაჟორიტარული კომპონენტის სახით.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ 27 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ან ირაკლი კობახიძის სატელევიზიო გამოსვლას უნდა ველოდოთ, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი დამარცხებას აღიარებს? არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის გაორებული განწყობა: თან იმედი, თან შიში, რომ „ესენი არჩევნებით არ წავლენ“ და „მაინც გამარჯვებას დაიწერენ“, ადრეც არაერთხელ მინახავს.
ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს?
ოპოზიციური პესიმიზმის ერთ-ერთი წყარო (თუმცა ის ბოლო ხანებში რამდენადმე შესუსტდა) ისაა, რომ ოპოზიციამ გაერთიანება ვერ შეძლო ან არ მოინდომა. რას გვეუბნება ამაზე წარსული გამოცდილება?
ერთადერთი შემთხვევა, რომელშიც ოპოზიცია სრულად გაერთიანდა ერთი ლიდერის გარშემო და გაიმარჯვა, 2012 წელს გვქონდა. მაშინ გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია, რომლის რეალურ ოპოზიციურობაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა.
1990 წლის არჩევნები ისტორიაში შევიდა, როგორც ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვება კომუნისტურ პარტიაზე. მაგრამ არჩევნებამდე ოპოზიცია ერთიანი არ ყოფილა: მისმა დიდმა ნაწილმა შეადგინა კიდევ ორი ბლოკი, „თავისუფლება“ და „დემოკრატიული საქართველო“. მათ ბარიერი ვერ გადალახეს, რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბოლო მომენტში ამომრჩეველმა გადაწყვიტა, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიისთვის მიეცა ხმა.
ამ ნიშნით დღევანდელი სიტუაცია უფრო ჰგავს 2003 წლისას, როდესაც ოპოზიციას ცალსახად გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავდა. გაუქმებული ოფიციალური შედეგებითაც საარჩევნო ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თუ ბლოკმა გადალახა. „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც მათგან ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, არჩევნებამდე ძირითად ოპოზიციურ ძალად არ მიიჩნევდნენ. მიხეილ სააკაშვილი გამოკვეთილ ლიდერად მხოლოდ არჩევნების მომდევნო პროტესტებმა აქცია.
ასე რომ, დღევანდელი ვითარება უპრეცედენტო არ არის. გამარჯვება ამ ფორმულითაც სავსებით შესაძლებელია. პრინციპული სიახლე ისაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე. ეს ისტორიაში პირველად მოხდება, რადგან კოალიციური მთავრობა არასოდეს გვყოლია (2012 წლის მთავრობას მხოლოდ ერქვა კოალიციური, ის ერთი კაცის შედგენილი იყო).
ასეთი მოლაპარაკებები ყველა ქვეყანაში რთულია და არ არის აუცილებელი ვიფიქროთ, რომ ჩვენს შემთხვევაში სირთულე განსაკუთრებული იქნება.
ასევე ნახეთ ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ იმიგრაციაზე, შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოსთან დაკავშირებითსაერთაშორისო საზოგადოების როლი
ამ მხრივ შედარება მხოლოდ 2003 და 2012 წლებთან შეიძლება - 1990 წლის არჩევნები ფორმალურად საბჭოთა კავშირში ჩატარდა და საერთაშორისო თანამეგობრობას როლი არ ჰქონია.
2003, 2012 და 2024 წლებში დასავლეთი ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე იყო და არის. ეს არ ნიშნავს „არჩევნებში ჩარევას“, მაგრამ როდესაც არასრულად დემოკრატიულ გარემოში არჩევნების დემოკრატიულობას ითხოვ, ობიექტურად ეს ოპოზიციას ეხმარება.
დღეს ბიძინა ივანიშვილი ჩივის, რომ დასავლეთი მისი წინააღმდეგია - მაგრამ 2012 წელს იგივე შეეძლო ეთქვა მიხეილ სააკაშვილს, ხოლო 2003 წელს - ედუარდ შევარდნაძეს.
ოღონდ რეალურად, დასავლეთს არცერთ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია, მთავარი ქართველი ხალხის განწყობა და აქტივობა იყო.
დღევანდელი ვითარება წინა ორისგან განსხვავდება, მაგრამ არა დასავლეთის, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო. საქართველოს პირველად ჰყავს ღიად ანტიდასავლური მთავრობა; შესაბამისად, ის პირველია, ვინც აცხადებს, რომ დასავლეთის აზრი არ აინტერესებს (სინამდვილეში ასეა თუ არა, სხვა საკითხია).
აქედან გამომდინარე, ის შეიძლება თავის წინამორბედზე უფრო შორს წავიდეს დემოკრატიული ნორმების უგულებელყოფაში.
ეს საფრთხე რეალურია. მაგრამ თუ ამომრჩევლების აქტივობა მაღალი იქნება, ხოლო ოპოზიციის გამარჯვება - დამაჯერებელი, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, ამას გადააბიჯოს.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.