სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პროკურატურამ 9 ოქტომბერს გამოკითხა. გამოკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ოქმის თანახმად, მოწმემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამომძიებლის 20 შეკითხვას უპასუხა. (იხ. ჩვენება.) ყოფილი მინისტრის განმარტებით, პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან 2015 წელს უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით შედგა და საუბარი შეეხებოდა ზოგადად წარმოებას და იმ პრობლემებს, რომლებიც „ქართულ თამბაქოს“ ჰქონდა. ამ შეხვედრაზე, ლევან ყიფიანის თანახმად, ზაზა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დარგის აღორძინების გეგმა გააცნო, რაშიც ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარება აღუთქვა. „თუ სწორად მახსოვს, საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე. შესაბამისად, ამ პროექტის განვითარებისთვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად“, - აღნიშნულია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში.
ჩემთვის უცნობია, რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში.ლევან ყიფიანი
ამავე ოქმის თანახმად, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა არის მისი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში: “ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა,რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა, ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან. მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა, წინასწარ შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად დამონტაჟებულია“.
ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის, ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილთან ერთად ჩანაწერების ინსცენირებაში ჩართული იყო ასევე „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი. „ჩემთვის უცნობია, რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში, თუმცა რა სახით, აღნიშნული ჩემთვის არ დაუკონკრეტებია და არც მე ჩავძიებივარ“, - განაცხადა, ოქმის თანახმად, პროკურატურაში გამოკითხვაზე ლევან ყიფიანმა.
კითხვაზე, რატომ დასჭირდა ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერების მონტაჟი, თუკი საუბარი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით იწარმოებოდა, ლევან ყიფიანი პასუხობს:
აღნიშნული არანაირად არ შეესაბამება რეალობას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, მე მსგავსი საუბრები არავისთან არ მქონია. ოთარ ფარცხალაძესთან მაქვს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა და მე მასთან არანაირი სახის კონფლიქტი არ მქონია.
„ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. ახლა კი ვხვდები, თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე. სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი“.
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს კონფლიქტს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან. კერძოდ, კითხვას, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავისივე ოფისის სარდაფში მას ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, ლევან ყიფიანი უპასუხებს:
„აღნიშნული არანაირად არ შეესაბამება რეალობას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, მე მსგავსი საუბრები არავისთან არ მქონია. ოთარ ფარცხალაძესთან მაქვს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა და მე მასთან არანაირი სახის კონფლიქტი არ მქონია. ჩანაწერი, სადაც მე ვსაუბრობ ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილი აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, როგორც აღვნიშნე, არის ინსცენირება და დადგმულია ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი ჩანაწერში ვისაუბრებდი ფიზიკურ ანგარისშწორებასა და შეურაცხყოფაზე“.
ამავე ჩვენებაში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერების დამზადების არსი იყო ის, რომ უცხოელი პარტნიორები დარწმუნებულიყვნენ, თითქოს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან და საკუთარი ბიზნესის დასაცავად იგი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას უხდიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ასევე ნახეთ ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებსრაც შეეხება „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდს, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ჩვენებით, ამაში ლევან ყიფიანი უკანონოს ვერაფერს ხედავს: „რაც შეეხება უშუალოდ თანხის ბანკიდან გატანის მომენტს 2016 წლის აპრილის თვეში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური, ან უკანონო. ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომელსაც ისევ „ომეგელები“ წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ „გაქეშებაში“. ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინარული ამ დავალებაში არ იყო. ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არა მარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსებდა ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, შესაძლოა, მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად, იმ პერიოდისთვის „ომეგა ჯგუფს“ გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას. შესაბამისად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები.
მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. „გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შეჰქმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა „ომეგას“ ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.
ასევე ნახეთ „ომეგა ჯგუფი“: ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩანაწერების ავთენტურობა2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში მე, ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან „თიბისი ბანკის“ ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა ოქუაშვილი და, ზოგადად, ჩვენი ჯგუფი იყო „თიბისი ბანკის“ კლიენტი, ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. „გაქეშებულ“ თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ „ბე ემ ვე“-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, „ბე ემ ვე“-ში მიიტანეს მერე ეს თანხები, თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად, „იბერიაში“, - აცხადებს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.