ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“-ს და „იბერიას“ ადანაშაულებს ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციასა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში.
ხატიაშვილის ინფორმაციით, ამ მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის გასარკვევად მიმართეს ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომლებმაც დაადგინეს, რომ სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული, ან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟია. ადვოკატის განცხადებით, ეს დასკვნა გამოიტანეს ლონდონის ავტორიტეტულმა ექსპერტიზის ბიუროებმა, Audio Forensic Services-მა და Diligence-მა. ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, Audio Forensic Services-ის დასკვნით, ერთ-ერთ ჩანაწერში აღინიშნება 8 სხვადახვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი, Diligence-მა კი დაადგინა, რომ აუდიოჩანაწერებში არსებობს წყვეტა და სამი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია თორმეტი ანომალია.
აღსანიშნავია, რომ Diligence-ის ექსპერტის ანალიზი ეფუძნებოდა აუდიომასალას, რომელიც სატელევიზო ეთერიდანაა ჩამოტვირთული. დასკვნაში ექსპერტი წერს, რომ იტოვებს უფლებას გადახედოს მის მიერ გამოტანილ დასკვნას იმ შემთხვევაში, თუ ექნება წვდომა ჩანაწერის ორიგინალთან და ჩამწერ მოწყობილობებთან. ზაზა ხატიაშვილის თქმით, ჯერჯერობით ჩანაწერის ორიგინალი მათ ხელთ არ აქვს და არც მისი ექსპერტიზის ჩატარებას მიიჩნევენ საჭიროდ.
“მე დღეს არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე, შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები. ასევე მივმართე „რუსთავი 2“-ს და „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისაგან მიღებული ზარალის ოდენობა”, - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ხატიაშვილმა. მისი ინფორმაციით, სასამართლო დავას დაიწყებენ არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის და "იბერიის," არამედ მათი ხელმძღვანელების - ნიკა გვარამიას და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ და ბრიტანელი ექსპერტები მზად არიან, დაესწრონ სასამართლო პროცესს. ხატიაშვილის განცხადებითვე, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნას გასაცნობად გაუგზავნის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის საელჩოებს.
დასკვნაში წერია, რომ კვლევა ჩატარებულია არაორიგინალ ფაილზე და ორიგინალი ფაილის არსებობის შემთხვევაში დასკვნა შეიძლება შეიცვალოს, ანუ ვსაუბრობ ავთენტურობაზე. როდესაც ორიგინალი ფაილი შემოწმდება იქ, რა თქმა უნდა, ავთენტურობა დადასტურდება...ლევან აღდგომელაშვილი
აუდიომასალა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ბრიტანელ ექსპერტებს გაუგზავნა, ნამდვილად იყო დამონტაჟებული ამბობს „ომეგა ჯგუფის“ შემადგენლობაში არსებული კომპანია „OGT“-ის გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი, მისივე სიტყვებით, მასალა დიდი ზომის იყო და ის სრულად ეთერში ვერ გავიდოდა, ლევან აღდგომელაშვილის სიტყვებით, ზაზა ხატიაშვილმა ბრიტანულ საექსპერტო ბიუროს ტელეკომპანია „იბერიის“ ვებგვერდიდან ჩამოტვირთული ჩანაწერი გაუგზავნა.
„დასკვნაში წერია, რომ კვლევა ჩატარებულია არაორიგინალ ფაილზე და ორიგინალი ფაილის არსებობის შემთხვევაში დასკვნა შეიძლება შეიცვალოს, ანუ ვსაუბრობ ავთენტურობაზე. როდესაც ორიგინალი ფაილი შემოწმდება იქ, რა თქმა უნდა, ავთენტურობა დადასტურდება.“
საქმე შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იბერიის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს. როგორც "ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოსთხოვა მას 4 მილიონი. მისი თქმით, მისგან 4 მილიონის წინასწარ გადახდას ითხოვდნენ ე. წ. სამართლიანობის აღდგენისა და 2004-2005 წლებში განცდილი ზარალისთვის 25 მილიონის კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ, რაშიც დახმარებას და კონსულტაციებს უწევდა სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. სწორედ ლევან ყიფიანთან ერთად შეხვდა ზაზა ოქუაშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. ოქუაშვილის თქმით, შეხვედრა, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რჩევით, ფარცხალაძის ბინაში შედგა.
პარალელურად გრძელდება „ომეგას“ საქმესთან დაკავშირებული სხვა აუდიოჩანაწერების საქმეზე გამოძიება.
9 ოქტომბერს საქალაქო სასმართლოში იკითხებოდნენ „ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების ხელმძღვანელები. გამოკითხვის მიზანი იყო „თიბისი ბანკიდან“ გატანილი 4 მილიონის ლარის ეპიზოდის დეტალების გარკვევა. კომპანია „ოლიმპუსის“ ყოფილმა დირექტორმა დავით ფანქველაშვილმა მედიასთან საუბარს განაცხადა, რომ ბანკიდან თანხის გამოტანისას საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო და კომპანიების ხელმძღვანელები ავტომატურად ასრულებდნენ იმ მითითებს, რომელთაც, მათ შორის ლევან ყიფიანი [სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი] აძლევდათ.
„BMW ცენტრის“ დირექტორის ალექსანდრე ხაჩიშვილის თქმით კი, მან ფული სათანადო დოკუმენტის გარეშე გაიტანა ბანკიდან და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ გამოძიებას გადასცეს.
8 ოქტომბერს კი „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განმარტა, რომ „ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით“.
როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, სატელევიზიო ეთერებში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით ხელახლაა დაბარებული.
„ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, მათ შორის „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები და თანამშრომლები, ასევე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამასთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა ზაზა ოქუაშვილი, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.