Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სიცრუეზე აგებული პიარკამპანია


ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო წლებია ფარცხალაძე გახდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედიასაშუალებებით ვრცელდება ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული აბსურდული განცხადებები. ადვოკატის შეფასებითვე, ცრუ ინფორმაციას წარმოაჩენენ დამტკიცებულ ფაქტად, რაც მიზნად ისახავს ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მის დარწმუნებას ფარცხალაძის მხრიდან „არარსებულ არაფორმალურ მმართველობაში.“ მოსიაშვილის განცხადებითვე, „სიცრუეზე აგებულმა პიარკამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე და ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლია.“ ადვოკატის შეფასებით, ეს დადასტურდა როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს.

„ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ოქუაშვილის მიერ გამოთქმულ ინფორმაციასთან და მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“ - ნათქვამია გაგი მოსიაშვილის განცხადებაში. ადვოკატი სიცრუის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მაგალითად ასახელებს მედიით 6 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის შესახებ. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, „ეგრეთ წოდებული სიუჟეტის შემთხზველები ელემენტარულად ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის ქუჩის მისამართის განზრახ შეცვლასაც არ მოერიდნენ. ასევე სიცრუეა საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა მოქალაქე სოსო დოლიძისაგან და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ამ საკითხის დაკავშირება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან.“ ადვოკატის ინფორმაციით, ნაკვეთი და მასზე არსებული თითქმის დასრულებული საცხოვრებელი სახლი ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის დეკემბერში შეიძინა მოქალაქე დავით მამულაიშვილისაგან, რომელიც მიწის ნაკვეთის რეალური მესაკუთრე იყო და არა სოსო დოლიძისაგან, რისი შემოწმებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო რეესტრში. გაგი მოსიაშვილის განცხადებითვე, ოთარ ფარცხალაძე მზად არის, „ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში“ და უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან „დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რათა ერთხელ და სამუდამოდ იცოდეს საზოგადოებამ სიმართლე, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს მოუსპობს საშუალებას გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.“

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მის ბიზნესზე ხელისუფლების ზეწოლის და ოთხი მილიონის გამოძალვის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს.

XS
SM
MD
LG