„გაავრცელებს რუსეთთან ომის იდეას“ - კრემლი ზურაბიშვილზე ახალ შეტევას იწყებს

პროპაგანდა ფოკუსს ასწორებს? რუსეთთან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა ახლა უკვე ზურაბიშვილს ბრალდება.

რუსულმა პროპაგანდამ სამიზნეში ამოიღო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ამ საქმეში ეხმარებათ პრორუსული იტალიური გამოცემაც, რომელიც ავრცელებს კრემლისა და „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიას „მეორე ფრონტზე“.

„საქართველოს ექსპრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება“, „ზურაბიშვილი გაავრცელებს რუსეთთან ომის იდეას“... ეს და სხვა მსგავსი სათაურები კრემლის წამყვან პროპაგანდისტულ მედიაში 12 იანვრიდან გამოჩნდა.

მათი წყაროა იტალიური გამოცემა L'Antidiplomatico (ანტიდიპლომატი), რომელმაც ზურაბიშვილზე ვრცელი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა.

წერილში ზურაბიშვილი მოხსენიებულია „შარლატანად“ და „ცრუ-პრეზიდენტად“.

L'AntiDiplomatico-ს სათაური: "საქართველოს თვითმარქვია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვარსკვლავებით მორთული პენსია"

ავტორი სიტყვასიტყვით იმეორებს “ქართული ოცნებისა” და კრემლის გზავნილებს.

“ევროატლანტიკური ხელისუფლებები მოითხოვენ, თბილისმა პოლიტიკა ანტირუსულ სანქციებთან გაასწოროს, რაც მოსკოვის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას ნიშნავს”, - წერს იგი.

L’Antidiplomatico ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ზურაბიშვილი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიით ქართულ თემატიკაზე პროექტი განხორციელდება

ამ დაფინანსებით, “ზურაბიშვილი თავისი ევროატლანტიკური პატრონების ნარატივებს გაავრცელებს” და იმუშავებს “რუსეთთან კიდევ ერთი ომის” წახალისებაზე, - ნათქვამია წერილში.

გამოცემა L’Antidiplomatico-ს აკავშირებენ იტალიურ პოპულისტურ პარტია “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასთან”, რომელსაც გამოხატულად ანტიევროპული და პრორუსული პოზიცია აქვს.

პარტია ითხოვს, რომ იტალიამ დატოვოს ნატო და ევროკავშირი და ასევე შეუწყვიტოს დახმარება უკრაინას.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ L’Antidiplomatico-ში ხშირად იბეჭდება ის, რისი წაკითხვაც სურს კრემლს.

მაგალითად, სულ ახლახან გაზეთმა დაწერა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში “ნაცისტური ხუნტაა” და მას “არ აქვს არც ტვინი, არც ფსიქიკური ადეკვატურობა და არც მანერები”.

"დასავლეთში ახსნეს ზელენსკის არაადეკვატურობა" - წერს რია-ნოვოსტი 23 დეკემბერს L'AntiDiplomatico-ზე დაყრდნობით. ასეთი განზოგადება მათი ნაცადი ხრიკია შიდა აუდიტორიაზე ზემოქმედებისთვის

ამ ტექსტებს შემდეგ კრემლის პროპაგანდა აზიარებს და აწერს, რომ დასავლეთშიც უკვე მისთვის სასურველი აზრები და განწყობები დომინირებს.

პროპაგანდა ზურაბიშვილის წინააღმდეგ

რუსულენოვან მედიაში ზურაბიშვილის სახელის ხსენების რიცხობრივი და შინაარსობრივი ანალიზი მიუთითებს 26 ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტზე ნეგატიური ამბების მომრავლებას.

ანალიტიკური პლატფორმა TGStat-ის მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალურ ქსელ ტელეგრამში ოქტომბრის ბოლოდან ზურაბიშვილს გაცილებით ხშირად ახსენებენ.

ზურაბიშვილის სახელის ხსენება რუსულენოვან ტელეგრამში მკვეთრადაა გახშირებული 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ

კრემლის პროპაგანდისტები “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ხშირად მოუწოდებდნენ მეხუთე პრეზიდენტის დაპატიმრებისკენ.

ამასთან, ბოლო თვეებში ნორმად იქცა, რომ “ოცნების” წარმომადგენლების და პროპაგანდისტების ლექსიკა მსგავსია.

ასე იყო ზურაბიშვილის შემთხვევაშიც. თბილისსა და მოსკოვში მას გარე ძალის მართულს ეძახდნენ.

ასევე ნახეთ „გამოათრიეთ ძალით“ - კრემლის პროპაგანდისტები პრეზიდენტის დაპატიმრებას ელიან

შესაძლოა, Antidiplomatico-ს ტექსტი სიგნალი იყოს, რომ ამიერიდან შეთქმულების თეორია “მეორე ფრონტზე” უშუალოდ ზურაბიშვილს უნდა დაუკავშირონ.

არეული გზავნილები

მას შემდეგ რაც მეხუთე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლე დატოვა, პროპაგანდისტები ჯერ ერთიან გზავნილზე ვერ შეჯერდნენ: ხან წერენ მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიაზე, ხან ამტკიცებენ, რომ ის ქვეყნიდან გაიქცა, ხანაც პოლიტიკური კარიერის დასასრულს უწინასწარმეტყველებენ.

ასეა, მაგალითად, რუსი სენატორი და “ქართული ოცნების” ხმამაღალი მხარდამჭერი ალექსეი პუშკოვი.

“ყველას ესმის, რომ იგი [ზურაბიშვილი] უკვე ყოფილია. რეალურ პოლიტიკას ყოფილები არ უყვარს. დრო მათ მიმართ დაუნდობელია. სააკაშვილის სევდიანი ხვედრი ამის ნათელი მაგალითია”, - წერს იგი ტელეგრამში.

პოპულარული პროკრემლისტური არხი “ლომოვკა” ზურაბიშვილს “თვითმარქვიას” ეძახის და ადარებს მას ქვეყნიდან გაქცეულ ბელარუს ოპოზიციონერ სვიატლანა ციხანოუსკაიას.

“მას შემდეგ, რაც ორბელიანის სასახლიდან გამოიყვანეს, დალეწილი მონეტის ფასიც არ ღირს: მისი მაქსიმუმი ახლა მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიაა”, - წერს არხი.

კრემლის ერთგული კიდევ ერთი ბლოგერი ანდრეი მარკოვი კი რატომღაც ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილმა საქართველო უკვე დატოვა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი. ის არ ცნობს საქართველოში პირველად, არაპირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას. ყაველაშვილის არჩევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწყებული იმ სადავო პროცესების ერთ-ერთი შედეგია, რომელთა ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები.

მსგავსი პოზიცია აქვს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების დიდ ნაწილსაც.