განსაკუთრებით აქტიურობენ ე.წ. სამხედრო ბლოგერები. ანუ ისინი, ვისი სამსახურიცაა გაამართლონ რუსეთის ომი უკრაინაში.
იმედია, “ოცნება” ისწავლის უკრაინიდან გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის მაგალითზე და გაცილებით ხისტი იქნება, - წერს სამხედრო პროპაგანდისტი ანდრეი შეინინი.
მისი სცენარით, ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობა “ძალით” უნდა დაატოვებინოს და მთავარია, “მზად იყოს, რომ ეს ძალა გამოიყენოს”.
უკვე ათი დღეა, ევროინტეგრაციის გაყინვით გაბრაზებული ათიათასობით ქართველი სისტემური პოლიციური ძალადობის მიუხედავად ქუჩაში გამოდის.
და უკვე ათი დღეა, რუსული პროპაგანდა ლანძღავს სალომე ზურაბიშვილს.
პრეზიდენტობის ექვსწლიანი ვადა მას დეკემბერში ეწურება. თუმცა კაბინეტის დატოვებას არ აპირებს და განმარტავს, რომ “არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს”.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებისკენ “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს არაერთი პროპაგანდისტი.
ზურაბიშვილი "აჯანყებას აქეზებს" და ხელისუფლებამ მისთვის “რეალური პატიმრობის ვადა უნდა უზრუნველყოს”, - წერს “სატირიკა”, პოპულარული პროკრემლისტური ტელეგრამარხი.
“კობახიძემ და ივანიშვილმა სწრაფად უნდა გაუშვან პენსიაზე ამერიკელი ბებია”, - წერს კიდევ ერთი პროკრემლისტური ტელეგრამარხი.
განსაკუთრებით გაღიზიანებული ჩანს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი.
ზურაბიშვილი "თავხედი სულელია”, იგი ვალდებულია ”თანამდებობა დატოვოს, მაგრამ არ უნდა ამის გაკეთება", - წერს იგი.
სამხედრო პროპაგანდისტმა ალექსანდრ კოცმა კი საკუთარ არხზე გამოკითხვა მოაწყო.
მან ჰკითხა აუდიტორიას, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, თუკი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სასახლის დატოვებაზე უარს იტყვის. უმრავლესობამ უპასუხა, რომ “ძალით უნდა გამოიყვანოს”.
თავდასხმები პრეზიდენტზე
იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტები სტიქიურია, პროპაგანდა ცდილობს, მათ ორგანიზატორად და სულის ჩამდგმელად ზურაბიშვილი გამოიყვანოს.
პროპაგანდის ლექსიკონში პროტესტი “მაიდანია”, პრეზიდენტი კი “დასავლეთის მარიონეტი”.
აი, რა ხდება, “როდესაც პრეზიდენტს აშშ და ევროკავშირი გინიშნავთ… როგორც ჩანს, ქართული მაიდანის საკრალურ მსხვერპლებად დასავლეთმა ბავშვები აირჩია”, - წერს კიდევ ერთი პროპაგანდისტი, სერგეი კოლიასნიკოვი.
“ქართველებო… თქვენი პრეზიდენტი მოუწოდებს თქვენს შვილებს გამოვიდნენ ქუჩაში და ომონს ეჩხუბონ. ნამდვილად ხართ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი საქართველოს მომავალზე ზრუნავს?" - წერს ალექსანდრ კოცი.
ზურაბიშვილს ალბათ “არც გული აქვს და არც ტვინი”, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
ეს გამოხმაურებაა ზურაბიშვილის ინგლისურენოვან ტვიტზე, სადაც იგი წერდა, რომ “დროა, სკოლებმაც გამოუცხადონ სოლიდარობა პროტესტს”.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განმარტა, რომ ამ გზით ის სკოლის მოსწავლეების პროტესტს გამოეხმაურა და, რომ მისი პოსტი მოწოდება არ ყოფილა.
იდენტური ლექსიკონი
ისევე როგორც გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, საქართველოს ხელისუფლება და რუსული პროპაგანდა კვლავ ერთ ლექსიკონს იყენებენ.
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილს უწოდებს “ღირსებააყრილს” და ვინმე “ლიბერალური ფაშისტების” მართულს. სამხედრო პროპაგანდისტი მიხაილ ზვინჩუკი კი ამბობს, რომ პრეზიდენტი “დასავლელი გლობალისტების ინტერესებს წარმოადგენს”.
კობახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი მალე პრეზიდენტის რეზიდენციას “სკამიანად” დატოვებს, პროპაგანდისტი იური პოდოლიაკა კი მას “სკამზე ჩაბღაუჭებულს” ეძახის.
მსგავსებაა სპეცრაზმისა და პოლიციის ქმედებების შეფასებაშიც.
აქციებზე 450 დაკავებულიდან, სამ მეოთხედზე მეტი ამბობს, რომ სცემდნენ და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ. სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ ძალადობის კვალი აქვს ასზე მეტ ადამიანს. ნაცემები და დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ პოლიცია მოქმედებს “ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით”.
იმავეს ამბობს პროპაგანდისტი იური პოდოლიაკაც. იგი ამტკიცებს, რომ ადამიანებს “სისასტიკის გარეშე” აკავებენ, რომ “ასე [მომიტინგეებს] არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ იჭერენ” და, რომ “ევროპელებმა იქით უნდა ისწავლონ ქართველებისგან დემოკრატია”.
ამასობაში დასასრული ჯერ არ უჩანს არც პოლიციურ ძალადობას და არც საპროტესტო აქციებს. პროპაგანდისტების ნაწილს ეს აშკარად აღიზიანებს და ისინი საქართველოს ემუქრებიან კიდეც.
“ქვეყანას თუ [დასავლეთს] ჩააბარებთ, ხვალ სანგრებში ისხდებით ბომბების ქვეშ. ყველას რუსეთთან ომს გაიძულებენ, ვარიანტების გარეშე”, - წერს სერგეი კოლიასნიკოვი პოსტში, რომელსაც თითქმის ორი მილიონი ნახვა აქვს.
ფორუმი