რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა. 2-3 აპრილს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან წევრებთან მან განიხილა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის საკითხები.
"ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ურთიერთქმედებები არქტიკაში, იშვიათ მიწათა მეტალების სფეროსა და სხვა სექტორებში, სადაც პოზიტიური ურთიერთობაა შესაძლებელი", - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო ТАСС კირილ დმიტრიევს, რომლის თქმითაც, მან „რუსეთში მოიწვია ამერიკელი კოლეგები... აშშ ისმენს რუსეთის პოზიციას და განწყობილია დიალოგისთვის“, - დასძინა პუტინის სპეცწარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ.
"დავასრულე ნაყოფიერი ვიზიტი აშშ-ში, რომელიც ფოკუსირებული იყო რუსეთ-ამერიკის დიალოგის გაძლიერებაზე", - დაწერა დმიტრიევმა 4 აპრილს სოციალურ ქსელ X-ზე.
პუტინის სპეცწარმომადგენელმა არ დააზუსტა, კონკრეტულად ვის შეხვდა ვაშინგტონში, თუმცა არაოფიციალურად ცნობილი გახდა დმიტრიევის შეხვედრის შესახებ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან. NBC News-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი თეთრ სახლში შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და რესპუბლიკელ კანონმდებლებს. NBC News-ის ინფორმაციით, ტრამპის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სენატორები ლინდსი გრემი და მარკუეინ მალინი. დმიტრიევი და სენატორები განიხილავდნენ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესაძლებლობას და პირობებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ზავის შეთანხმებისთვის, - წერს NBC News.
ასევე ნახეთ პუტინის სპეცწარმომადგენელი: ვაშინგტონში შეხვედრებით „სამი ნაბიჯით" წინ წავიწიეთ"ჩვენ აბსოლუტურად ნათლად ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ბაიდენისგან განსხვავებით, საკითხების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ისინი იქცევიან უკიდურესად პატივისცემით, ესმით რუსეთის პოზიცია, სვამენ ბევრ კითხვას, პოულობენ კომპრომისებს. ასეთი შემოქმედებითი სულისკვეთებაა შექმნილი", - განაცხადა კირილ დმიტრიევმა, რომლის თქმითაც, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა იყო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა:
"ტრამპის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი სპექტრის საკითხების გადაჭრას. რა თქმა უნდა, ისინი ორიენტირებულნი არიან გეოპოლიტიკური საკითხების გადაჭრაზე, ისინი ისმენენ რუსეთის პოზიციას მრავალ საკითხზე".
დმიტრიევმა ასევე ახსენა რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა, რომელიც შეწყდა კოვიდის პანდემიის დასაწყისში და არ აღდგენილა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ:
„ფაქტობრივად, მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და იმედი გვაქვს, რომ წინ წავიწევთ ამ საკითხში. <...> კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება საჭირო ჩვენი ყველა უთანხმოების მოსაგვარებლად".
Bloomberg-მა თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ელოდება, როდის მოახსენებს დმიტრიევი პუტინს ვაშინგტონში ვიზიტის შედეგებს, რათა მხარეები შეუდგნენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას.
კირილ დმიტრიევს ვიზის მისაღებად დროებით მოუხსნეს ამერიკული სანქციები. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონფიდენციალურობის გამო სავიზო საკითხებზე კომენტარს არ აკეთებენ.
რა მისიით ეწვია ვაშინგტონს?
2025 წლის 18 თებერვალს კირილ დმიტრიევი ასევე მონაწილეობდა ერ-რიადში გამართულ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებში. თვითონ დმიტრიევის თქმით, ამჯერად მოსკოვმა ვაშინგტონს გადასცა რამდენიმე წინადადება საინვესტიციო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილებოდა.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმედგაცრუება გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ტემპით, 2 აპრილს თავის საჯარო სიტყვაში კვლავ ახსენა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "მოლაპარაკებების პროცესში რუსეთისა და უკრაინის მხრიდან კარგ თანამშრომლობას იღებს".
ასევე ნახეთ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს - 10%-იანი ტარიფიროგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, დმიტრიევი შეიძლება იქცეს ცენტრალურ ფიგურად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების აღდგენაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკიდურესად გაუარესდა. როგორც რუსეთის სპეციალისტები შენიშნავენ, პუტინის წარგზავნილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეერთებულ შტატებთან კავშირების გაბმაში ჯერ კიდევ 2016 წელს, როცა ტრამპი პირველად აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ყოფილი პოლიტპატიმრის, ვლადიმირ კარა-მურზას თქმით, დმიტრიევი არ არის დიპლომატი. შესაბამისად, მისი ვაშინგტონში ჩასვლა და მოლაპარაკებები უიტკოფთან კარგად აჩვენებს იმ მიმართულებას, საითკენაც მიდის ორი ქვეყნის მოლაპარაკებები. კარა-მურზამ დმიტრიევის ვაშინგტონში ვიზიტის კომენტირებისას ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა:
"ამ ორი თანამოსაუბრის [კირილოვი-უიტკოფი] ხასიათიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ისინი არ აპირებენ ადამიანებზე საუბარს. არ აპირებენ მშვიდობასა და უკრაინის მომავალზე საუბარს. ისინი ისაუბრებენ ფულზე, შემოსავლებზე. ისინი ისაუბრებენ იშვიათი მიწის მინერალებზე".
ასევე ნახეთ კარა-მურზა საპატიმროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, - იტყობინება მისი ცოლიკარა-მურზას თქმით, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელსაც კირილ დმიტრიევი ხელმძღვანელობს, ჩრდილოვანი სახელმწიფო სააგენტო და გაუმჭვირვალე დაწესებულებაა, რომლის მეშვეობითაც მილიარდობით დოლარი მოძრაობს.
კარა-მურზას თქმით, ცოტა ხნის წინ კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა (ФБК - ორგანიზაცია, რომელიც დააფუძნა კრემლის კრიტიკოსმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ) გამოაქვეყნა მასშტაბური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, დმიტრიევი მსხვილ კორუფციულ საქმეშია გარეული.
ვლადიმირ კარა-მურზამ ასევე გაიხსენა კირილ დიმიტრიევის მასპინძლის, სტივ უიტკოფის განცხადებები პუტინზე:
„Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონისათვის მიცემულ ინტერვიუში სტივ უიტკოფის კომენტარებმა აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პუტინს ისეთად არ აღიქვამს, როგორიც ის სინამდვილეშია“.
პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა თქვა, რომ კრემლში მასპინძლობისას პუტინი იყო „უკიდურესად თავაზიანი" და, რომ ის პუტინს "ცუდ ბიჭად" არ მიიჩნევს და, რომ ომი და მისი ყველა სხვა მდგენელი, ქმნიან "რთულ სიტუაციას, რომელიც არასოდეს არ არის ერთი ადამიანის ბრალი“.
„აბსოლუტურად მიუღებელია იმის ხილვა, თუ როგორ მოქმედებენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები როგორც კრემლის პროპაგანდისტები და, როგორც ათეთრებენ ყველა დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა ვლადიმირ პუტინმა როგორც რუსი და უკრაინელი ხალხების, ასევე მრავალი სხვა ქვეყნის ხალხების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში", - ამბობს კარა-მურზა, რომლის თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უიტკოფის კომენტარი იმის შესახებ, რომ კონფლიქტის მიზეზი "არასდროს არ არის ერთი ადამიანი".
ასევე ნახეთ სტივ უიტკოფი: უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას"ასე იყო ადოლფ ჰიტლერთან მიმართებით. ასე იყო სტალინთან დაკავშირებითაც. ახლა ეს ხდება ვლადიმირ პუტინთან მიმართებითაც", - განაცხადა კარა-მურზამ.
დაუსაბუთებელი ქონება და პუტინის ქალიშვილის დაქალი მეუღლე
„კირილ დმიტრიევის ოჯახი წევრები ფლობენ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება შეიძლება 7,5 მილიარდზე მეტი იყოს“, - ამის შესახებ ნათქვამია ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ФБК) გამოძიებაში, რომელიც 2025 1 აპრილს გამოქვეყნდა.
გამოძიებაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი დმიტრიევის მეუღლეს, ნატალია პოპოვას, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის, ეკატერინა ტიხონოვას დიდი ხნის მეგობარი და ბიზნესპარტნიორია.
თავად ნატალია პოპოვას ეკუთვნის ბინა და საოფისე ფართი მოსკოვში, მის ძმას კი ორი ბინა აქვს შეძენილი საცხოვრებელ კომპლექს "ოსტროვ ფანტაზიი"-ში (საერთო ფართით 620 კვადრატული მეტრი). პოპოვას 70 წლის დედა ელიტურ დაბა ბარვიხაში ფლობს სახლს, რომლის ღირებულებაც ФБК-მ შეაფასა 1,25 მილიარდ რუბლად. ამასთან ბინის შესაძენი ფული გამოყო კვიპროსის ოფშორულმა კომპანიამ, რომელიც გაფორმებულია კირილ დმიტრიევის მამისა და ცოლის, ნატალია პოპოვას სახელზე. დმიტრიევის მამის ფირმას ეკუთვნის ბინა მონაკოში და შალე ფრანგულ სათხილამურო კურორტ კურშეველში. ФБК-ს ცნობით, ასევე კირილ დმიტრიევის მამაზეა გაფორმებული 980 კვადრატული მეტრი საერთო ფართობის ბინები დუბაიში.
გამოძიებაში ასევე საუბარია მოსკოვში მდებარე რამდენიმე სხვა ბინასა და სათავსოზე, რომლებიც ეკუთვნის კირილ დმიტრიევსა და ნატალია პოპოვას.
ФБК-ს გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ კირილ დმიტრიევი სახელმწიფო სამსახურშია 2011 წლიდან და იღებს საჯარო მოხელის მოკრძალებულ ხელფასს. შესაბამისად საკითხავია, საიდან აქვთ მას და მის ნათესავებს ძვირადღირებული უძრავი ქონების შესაძენი თანხები. როდესაც დმიტრიევი 2011 წელს სათავეში ჩაუდგა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მას მხოლოდ 500 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი ჰქონდა მოსკოვის ოლქის კოტეჯების დასახლებაში და 150 კვადრატული მეტრის ბინა მოსკოვში.
რუსი ფინანსისტი ამერიკული წარსულით
კირილ დმიტრიევი (1975 წ. კიევი) - რუსი ფინანსისტი და ინვესტორი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერთან არსებული საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2007-2011 წლებში ხელმძღვანელობდა პირდაპირი ინვესტიციების ამერიკულ ფონდ Icon Private Equity-ს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მართვადი კაპიტალით.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით კირილ დმიტრიევი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი მოექცნენ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანქციების ქვეშ.
კირილ დმიტრიევი 1989 წელს, როგორც ფიზიკა-მათემატიკის სკოლის წარჩინებული მოსწავლე, გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა აშშ-ში, სადაც გაიარა ორწლიანი პროგრამა ფუთჰილის კოლეჯში (კალიფორნიის შტატი), რომლის დასრულების შემდეგ მიიღო სრული სტიპენდია უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად.
1996 წელს წარჩინებით დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით. 2000 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში (Baker Scholar).
1996-1999 წლებში მუშაობდა საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ში (ნიუ-იორკი) და საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ში (ლოს-ანჯელესი, მოსკოვი, პრაღა).
2000-2002 წლებში მუშაობდა კომპანია IBS-ში გენერალური დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი მმართველ დირექტორად. 2002-2007 წლებში იყო Delta Private Equity ფონდის საინვესტიციო დირექტორი, შემდეგ - მმართველი დირექტორი და პარტნიორი. 2005-2006 წლებში იყო რუსეთის პირდაპირი და ვენჩურული ინვესტირების ასოციაციის თავმჯდომარე.
2007-2011 წლებში - Icon Private Equity პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მმართველი პარტნიორი და პრეზიდენტი. განახორციელა რუსეთის საინვესტიციო ბაზრისთვის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარიგებებისა: Delta Bank-ის გაყიდვა General Electric-ზე, Delta Credit-ის - Société Générale-ზე, СТС Media-ს აქციების - Fidelity Investments-ზე და სხვა.
2011 წლის აპრილიდან რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მმართველი კომპანიის გენერალური დირექტორია. კირილ დმიეტრიევის ხელმძღვანელობით ფონდმა განახორციელა 2,1 ტრილიონ რუბლზე მეტი საერთო მოცულობის 90-ზე მეტი პროექტი, რომლებიც მოიცავენ რუსეთის ფედერაციის რეგიონების 95%-ს და გააფორმა პარტნიორობა 15-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო თანაინვესტორთან 40 მილიარდ დოლარზე მეტი ჯამური თანხით.
ტრამპის ენაზე მოლაპარაკე
2025 წლის თებერვალში კირილ დმიტრიევი მონაწილეობას იღებდა ამერიკის მოქალაქის, მარკ ფოგელის გაცვლის მოლაპარაკებებში. სტივ უიტკოფმა მაშინაც ილაპარაკა დმიტრიევის დამსახურებაზე, თუმცა დეტალების გარეშე, უბრალოდ მოიხსენია ის როგორც "ჯენტლმენი სახელად კირილი".
ვლადიმირ პუტინმა კირილ დმიტრიევი ერ-რაიდის მოლაპარაკებების შემდეგ დანიშნა თავის წარმომადგენლად საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
ასევე ნახეთ პუტინის სპეცწარმომადგენელი: ვაშინგტონში შეხვედრებით „სამი ნაბიჯით" წინ წავიწიეთექსპერტთა ნაწილის თქმით, დმიტრიევის მთავარი ამოცანაა ამერიკული სანქციების შემსუბუქება-მოხსნა. თვითონ პუტინის წარმომადგენლის გათვლით, ამერიკულმა კომპანიებმა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დაკარგეს, რუსული ბაზრიდან გასვლით.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, სწორედ კირილ დმიტრიევმა დაარწმუნა პუტინი ტრამპთან ბიზნესინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების წარმოებაში: იგულისხმება თანამშრომლობა როგორც არქტიკაში, ასევე იშვიათი მიწის მეტალებთან დაკავშირებით და სხვ.
დონალდ ტრამპის გუნდთან კავშირების დამყარება კირილ დმიტრიევმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მისი გვარი ნახსენებია აშშ-ის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშში, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობების შესახებ.
კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოხერხდა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება და, რომ ახლა უკვე შესაძლებელია ილონ მასკთან კოსმოსის ათვისებაში თანამშრომლობა.
2025 წლის 18 მარტს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ შეიძლება შეხვდეს ილონ მასკს, - ამის შესახებ დაწერა რუსულმა გამოცემა „როსბიზნესკონსალტინგმა“ (RBK).
კირილ დმიტრიევი (შუაში) ერ-რიადი, 2025 წ. 18 მარტი
დმიტრიევის თქმით, შეხვედრა უნდა იქცეს ტექნოლოგიების განვითარებისა და კაცობრიობის მომავლის შესახებ საკვანძო საკითხების განსახილველ პლატფორმად. მისი თმით, მასკი უნიკალური ლიდერია, რომელიც ორიენტირებულია კაცობრიობის წინსვლაზე.
„ვფიქრობ, რომ მასკთან შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. მისი ფოკუსია, შემოქმედებითად ვიმოძრაოთ წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ, და ის, უდავოდ, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერია", - განაცხადა კირილ დმიტრიევმა, რომელმაც შესთავაზა ილონ მასკს 2029 წელს რუსულ-ამერიკული ექსპედიციის ორგანიზება მარსზე:
„ჩვენი გონება და ტექნოლოგიები უნდა ემსახურებოდნენ კაცობრიობის დიდებას და არა მის განადგურებას".
ცოტა ხნით ადრე მასკმა განაცხადა, რომ აპირებს 2026 წელს მარსზე გაგზავნოს ხომალდი Starship ადამიანის მსგავსი რობოტ Optimus-ით. მისი თქმით, წარმატებულმა დაშვებამ შეიძლება გზა გაუხსნას მარსზე ადამიანების გადასხმას 2029 წლისთვის, თუმცა მეტად რეალურ ვადად მან 2031 წელი დაასახელა.
რუსული მედია წერს, რომ რუსეთი და აშშ განაგრძობენ თანამშრომლობას კოსმოსში. 2025 წლის თებერვალში "როსკოსმოსმა" და NASA-მ 2026 წლამდე გააგრძელეს შეთანხმება ე.წ. ჯვარედინი ფრენების შესახებ.