ახლახან გამოვიდა ეპლბაუმის ახალი წიგნი Autocracy, Inc., რომელიც ჰყვება იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ავტოკრატები დემოკრატიული სამყაროს გასანადგურებლად. Current Time-ის ჟურნალისტი ენ ეპლბაუმს ესაუბრა მის წიგნზე, ახალი ტიპის ავტოკრატიების თავისებურებებსა და ვლადიმირ პუტინის როლზე მათ გაჩენასა და გაძლიერებაში, როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს მიღმა.
“დემოკრატიის საზრისები კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას”
- რამდენიმე წლის წინ რედაქციაში ნახევრად ხუმრობით განვიხილავდით მსოფლიოს ინტერაქტიული ინფოგრაფიკის გაკეთებას - მსოფლიო რომ დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ნაწილებად დაგვეყო. თქვენი აზრით, ასეთი რუკა მართლა რომ შეიქმნას, რამდენად გაფერმკრთალდებოდა დემოკრატიული ნაწილები ბოლო რამდენიმე წელიწადში? ან მეტაფორების გარეშე რომ ვთქვათ, რამდენად ცუდად აქვთ საქმე დემოკრატიის მომხრეებს?
- რა თქმა უნდა, ახლა თან ზუსტი რიცხვები არ მაქვს, თუმცა Freedom House-ის და სხვა იმ წყაროების მიხედვით, რომლებიც ასეთ რამეს ზომავენ, მაჩვენებელი მცირდება. არ აქვს მნიშვნელობა, დიქტატორების რაოდენობას ითვლით თუ დემოკრატიებში ზოგიერთი ინსტიტუტის გაუჩინარებას, ნებისმიერ შემთხვევაში დაინახავთ, რომ ეს რიცხვი მკვეთრად ეცემა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო წლებში.
- თქვენს გამოსვლებსა და ინტერვიუებში ხაზს უსვამთ იმას, რომ მიუხედავად ამ ტენდენციისა, დემოკრატიული სამყარო მაინც უფრო ძლიერია: დემოკრატები მეტნი არიან, დემოკრატიები უფრო მდიდრები არიან.
- რთული საკითხია. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ დემოკრატიები
მდიდრები არიან. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული სამყაროს იდეები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ეს ასე არ გამოიყურება, ისევ პოპულარულია. ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მთელ ვენესუელაში არეულობები მძვინვარებს, რადგან ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა, მთავრობა კი შედეგების გაყალბებას ცდილობს. ენა, რომელსაც იყენებს ოპოზიცია - ეს უფლებების, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის ენაა. ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ენა და ის იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ხალხს უბიძგოს პროტესტისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ საზოგადოებაში, რომელიც მახინჯ დიქტატურად ჩამოყალიბდა. ამიტომაც, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ენის ძალა არ შემცირებულა.
ვფიქრობ, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაიარაღდა ან, თუ გნებავთ, შეიარაღდა ავტოკრატიული სამყარო დემოკრატიულის წინააღმდეგ. ავტოკრატები იაზრებენ, რომ ეს ენა პოპულარულია და, რომ სწორედ ისაა, რაც ხალხს უნდა. ხალხს უნდა, იცხოვროს ისეთ საზოგადოებაში, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა, მოსამართლე - ნამდვილი მოსამართლეა, რომელსაც არანაირი ვალი არ აკისრია რომელიმე პოლიტიკოსის წინაშე. ამას ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვხედავთ. ეს არ არის არც აშშ-ის და არც ევროპის გავლენა: სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრება უფრო მიმზიდველია, უფრო მიმზიდველია ცხოვრება იქ, სადაც მოქალაქე ფასეულია.
ავტოკრატიის სწრაფვა სიმდიდრისკენ და საერთო მტრის ძიება
- როდესაც საუბრობთ მთავარ განსხვავებაზე ახალი ტიპის ავტოკრატიებსა და მათ წინამორბედებს შორის, თქვენ წერთ, რომ იდეოლოგია ჩანაცვლდა სიმდიდრისკენ ლტოლვით. გარიგებები იდეალების ნაცვლად (Deals instead of ideals). მაგრამ, როგორც ვიცით, ავტოკრატებს ძველ დროშიც უყვარდათ ლამაზად ცხოვრება. Რა არის განსხვავება?
- ზოგს უყვარდა, ზოგს არა. სტალინს, როგორც მოგეხსენებათ, არ უყვარდა. მთლიანობაში, მე იმას ვამბობ, რომ სიმდიდრე, რომელსაც ფლობენ თანამედროვე დიქტატურები, იქნება ეს თვითონ ლიდერი, მისი ოჯახი თუ მისი პარტნიორები, არ შეედრება შორეულ წარსულს. ცოტა ხნის წინ მკითხეს, შეიძლება თუ არა, რომ რაც ახლა ხდება, შევადაროთ მე-17 საუკუნის მონარქიებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია. ესპანეთის მეფესაც კი, ესპანეთის კოლონიალური იმპერიის აყვავების პერიოდში, არ ჰქონია მილიარდობით დოლარი, რომლებსაც საიდუმლო საბანკო ანგარიშებზე მალავდა. სავარაუდოდ, არც სხვის სახელზე გაფორმებულ საიდუმლო ვილებს და ბინებს ფლობდა მთელ მსოფლიოში და არც ისეთი ოჯახის წევრები ჰყავდა, რომლებიც მთელ მსოფლიოში იახტებსა და სამკაულებს შეისყიდდნენ. უპრეცედენტოა იმის მასშტაბი, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ თანამედროვე ავტოკრატებს თავიანთი ფულით, ხალხის მოსყიდვით და სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენით. მე-20 საუკუნეში რაიმე მსგავსის პოვნა რთულია.
უპრეცედენტოა იმის მასშტაბი, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ თანამედროვე ავტოკრატებს თავიანთი ფულით, ხალხის მოსყიდვით და სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენით. მე-20 საუკუნეში რაიმე მსგავსის პოვნა რთულია.
- იდეოლოგია ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა?
- რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ მათ იდეოლოგია სრულებით არ გააჩნიათ. ზოგ შემთხვევაში ეს იდეოლოგია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, ჩინეთის კომუნისტური პარტია, როგორც იდეოლოგიური ინსტიტუცია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩინელებისთვის, ისე პარტიის ლიდერებისთვისაც. მე ვფიქრობ, რომ პუტინის გამოგონილი რწმენაც კი ახალი რუსული იმპერიის აღდგენაზე, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, ამას არ უარვყოფ.
წიგნში მე განვიხილავ, შეუძლიათ თუ არა მათ [დიქტატორულ რეჟიმებს - რ.თ.] ერთმანეთთან საერთოს პოვნა. იმიტომ, რომ რუსეთს, ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ვენესუელას, ზიმბაბვეს, აზერბაიჯანსა და ანგოლას არ აქვთ საერთო იდეოლოგია, მაგრამ აქვთ საერთო ინტერესების სფეროები, სადაც შეუძლიათ თანამშრომლობა. და მათი ზოგიერთი საერთო ინტერესი ფინანსურია.
მაგალითად, ჩინეთი აფინანსებს ავტოკრატიულ რეჟიმებს მთელ მსოფლიოში და მხარს უჭერს მათ. იმავეს აკეთებს რუსეთი. ისინი ამას იმდენად ფულით არ აკეთებენ, არამედ, მაგალითად, აფრიკის დიქტატორებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ, დაქირავებულ ჯარისკაცებს სთავაზობენ. ასე რომ, ისინი ეძებენ რა აქვთ საერთო და რაში შეუძლიათ ერთმანეთის დახმარება. აი, ამის გადმოცემას ვცდილობ წიგნში. რუსეთი, ჩინეთი, ირანი და მიანმარი მართლაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ თანამშრომლობის ვარიანტები გამონახონ.
- მაგალითად, საერთო მტრის წინააღმდეგ თანამშრომლობა?
- დიახ, მე არაერთხელ მისაუბრია ამაზე: ერთი რამ, რაც მათ დანამდვილებით აერთიანებთ, არის საერთო მტერი. და ეს საერთო მტერი კი ჩვენ ვართ. როცა ვიყენებ სიტყვას “ჩვენ”, მე ვგულისხმობ ნებისმიერს, ვინც ცხოვრობს დემოკრატიულ სამყაროში, ნებისმიერს, ვინც იყენებს დემოკრატიის ენას - ენას, რომლის შესახებაც ახლახან ვსაუბრობდით. ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა - ეს ენა მათთვის საშიშია.
და, რა თქმა უნდა, ეს ენა მათთვის განსაკუთრებით საშიშია, როცა მას იყენებს მათივე ოპოზიცია, მათი შიდა კრიტიკოსები და მათივე დისიდენტები. რატომ შეეშინდა პუტინს 2011 წლის პროტესტების რუსეთის ქალაქებში? იმიტომ, რომ პროტესტანტები იყენებდნენ სწორედ იმ ენას, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე საშიშია მისი კლეპტოკრატიული დიქტატურისთვის. რატომ იყო ასე პარანოიდულად განწყობილი უკრაინის 2014 წლის რევოლუციის მიმართ? იმავე მიზეზის გამო. იმიტომ რომ ეს იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშებს და საუბრობდნენ კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. და კვლავ, ის ენა, რომელიც საფრთხეს უქმნის მისი ძალაუფლების ფორმას.
ასე ძალიან რატომ არ მოეწონა ჩინეთს ჰონგ-კონგში დემოკრატიული მოძრაობა? თავდაპირველად, როცა ჰონგ-კონგი ჩინეთს შეუერთდა, ფიქრობდნენ, რომ იმუშავებდა მოდელი - “ერთი სახელმწიფო, ორი სისტემა”, რომ ჰონგ-კონგი შეძლებდა ჰქონოდა ჩინეთისგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემა. მაგრამ ბოლო-ბოლო ჩინეთმა იგრძნო საფრთხე, რომ ჰონგ-კონგის სისტემა შესაძლებელია სხვა ჩინელებისთვისაც მიმზიდველი გამხდარიყო. ამიტომაც მათ დემოკრატიული ენა და ასეთი ჯგუფები მთავარ მტრად გამოაცხადეს.
- არის ცდუნება, რომ ახლანდელი მდგომარეობა ცივ ომს შევადაროთ. მაგალითად, ის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არსებობენ ავტოკრატიის დღის წესრიგის გამტარებლები და მომხრეები. როგორ მუშაობს ეს?
- ნახეთ, ცივი ომის დროსაც არსებობდნენ დასავლური კომუნისტური პარტიები, ევროპული კომუნისტური პარტიები. აშშ-შიც კი იყო ციდა კომუნისტური პარტია. ყველა მათგანს, როგორც მერე გაირკვა, ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ასე რომ, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ავტოკრატიის მომხრეების არსებობა გაუგონარი რამაა.
მე მაინც მგონია, რომ მთავარი განსხვავება ავტორიტარული პროპაგანდის შესაძლებლობების მასშტაბებშია, ძირითადად რუსულის, მაგრამ არამხოლოდ. იმიტომ, რომ ახლა რუსულ პროპაგანდას ავსებს ჩინური, ვენესუელური, თუნდაც სალვადორული პროპაგანდა. ამგვარად, ავტორიტარულ პროპაგანდას ახლა შეუძლია აშშ-ის ხალხამდე მიაღწიოს, რასაც კომუნისტური პროპაგანდა ვერ ახერხებდა.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ფული, რომელსაც ფლობენ ავტოკრატიული სახელმწიფოები, მათ ისეთ ძალაუფლებას აძლევთ, როგორიც საბჭოთა კავშირს არასდროს ჰქონია - იქნება ეს ინვესტიციები, თუ პოლიტიკოსების თუ ბიზნების გავლენების ყიდვა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ უნდა არსებობდეს “შავი ფული” გარკვეული კამპანიების დასაფინანსებლადაც. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ავტოკრატიებს ადრინდელზე მეტ ინსტრუმენტს აძლევს, რითაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ დემოკრატიებში შიდა კამათებსა და დებატებზე, ისევე როგორც მათ ეკონომიკებზე.
და დიახ, არსებობს ამერიკული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, რომელიც ღიად პრორუსი, ღიად ავტოკრატიულია და, უკაცრავად ტავტოლოგიისთვის, ღიად ღიაა დიქტატურის სამყაროსა და იდეებისთვის. ასეთი რამეც აქამდე არ ყოფილა. აშშ არანაირად არ არის გამონაკლისი. პრორუს, პროავტორიტარულ დაჯგუფებებს და საკმაოდ მნიშვნელოვან ლიდერებსაც იპოვით ევროპულ ქვეყნებსა და, სავარაუდოდ, ბევრ სხვა ქვეყანაშიც.
ასევე ნახეთ სისხლიანი ნაკვალევები - პუტინის მმართველობის 25 წელი- როცა ვსაუბრობთ რუსულ პროპაგანდაზე, სათანადოდ უნდა აღვნიშნოთ თუ არა ხალხი, ვინც მის უკან დგას? მათ არაერთი “წარმატებული” პროექტი აქვთ, Russia Today-ით დაწყებული, ტროლებით დასრულებული.
- რაც მართლა კარგად გამოუვიდათ, ეს არის ისეთი ავტოკრატიული ნარატივის შექმნა, რომელიც ავტორიტარიზმს უსაფრთხოდ, სანდოდ და სტაბილურად აღწერს, დემოკრატიას კი ფრაგმენტირებუალდ, ქაოტურად და გადაგვარებადად წარმოაჩენს. ეს აზრი მილიონი განსხვავებული ფორმით გვხვდება ინტერნეტში და საკმაოდ დამაჯერებლადაც ჟღერს. ის ემთხვევა ამერიკული პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილის აზრს, რომელიც უკმაყოფილოა, რომელსაც არ მოსწონს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მომხდარი სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური ან პოლიტიკური ცვლილებები და რომელიც ესწრაფვის ამ ცვლილებების უკან მობრუნებას. არ ვფიქრობ, რომ მათ შექმნეს აშშ-ში დემოკრატიის წინააღმდეგობა, თუმცა მათ ნამდვილად მოახერხეს ამის ამეტყველება.
და ეს ხდება თითქმის ყველგან. საფრანგეთში მარინ ლე პენის მოძრაობას თუ შევხედავთ, ეს ხომ ახალი არ არის. მამამისი საფრანგეთის პოლიტიკაში მრავალი ათწლეული იყო ჩართული. და მის პარტიას, რომელსაც ნაციონალური ფრონტი ერქვა, პირდაპირი კავშირები აქვს ვიშის რეჟიმთან. ეს ფრანგული პოლიტიკის ძალიან ძველი ნაწილია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც დასჭირდათ რუსებს - მიაგნეს ამ ხალხს, მისცეს ცოტაოდენი ფული და დაეხმარნენ სოციალურ ქსელებში არსებობის გაფართოებაზე. ასე რომ, მათ არ სჭირდებათ მაინცდამაინც რაიმე ახლის გამოგონება, საკმარისია დაეხმარონ არსებულ დაჯგუფებებს და მიაღწიონ იმას, რომ მათი ხმა უკეთ გაიგონონ, რითაც არსებულ განხეთქილებებს ამწვავებენ.
“პუტინის მეთოდი”: კორუფციიდან და რეპრესიებიდან საზღვრების იგნორირებამდე
- ჩვენ ვსაუბრობთ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის 25 წლისთავის წინა დღეს. მე ვიცი, რომ თქვენ დაახლოებით ამ მომენტიდანვე ადევნებთ მას თვალს, მისი წარსულის, მისი რიტორიკის გამო. იმან, რაც პუტინი გახდა ამ ხნის განმავლობაში და რისი გაკეთებაც მან მოახერხა, გადააჭარბა თქვენს მაშინდელ შიშებს?
- მართალია, პუტინს მე თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავის თავზე საუბრობდა, როგორც ჩეკისტზე. “ჩეკისტი” არის სიტყვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საბჭოთა კავშირის ისტორიაში საიდუმლო პოლიციის ყველაზე სისხლიან რეჟიმს. მან ასევე ხელი შეუწყო იური ანდროპოვის მინიკულტის შექმნას, "ეფესბეს" ოფისებში მის პორტრეტებს ჰკიდებდა და ქანდაკებებს დგამდა. ეს მაშინვე ძალიან ცუდად მენიშნა, რადგან ანდროპოვი სხვა რამეებთან ერთად იმითაც იყო განთქმული, რომ ძალიან მკაცრი, რეპრესიული პოლიტიკა ჰქონდა განსხვავებული აზრის მიმართ. დისიდენტების ყველაზე პატარა ჯგუფებიც კი მოექცნენ რეპრესიების ქვეშ. ის მათ აპატიმრებდა და ანადგურებდა. ესეც ცუდის მანიშნებელი იყო.
სამართლიანები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ამ ხნის განმავლობაში ის შეიცვალა, ან ტაქტიკა მაინც შეიცვალა. ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, როცა რუსეთის ლიდერი გახდა, პუტინი გულწრფელად ცდილობდა დასავლეთთან კავშირების გაბმას. მას სურდა, რომ დასავლური კლუბების ნაწილი ყოფილიყო. მას ძალიან მოსწონდა G7-ის წევრობა, G7-ის ერთ-ერთი შეხვედრა სანქტ-პეტერბურგშიც კი გამართა. ვფიქრობ, რომ მისი თავდაპირველი ჩანაფიქრით რუსეთში შეიძლება ყოფილიყო რაიმე ტიპის “მართვადი დემოკრატია”, რომელსაც დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის ელემენტებიც კი ექნებოდა. მაგრამ გაკონტროლდებოდა არჩევნები, სადაც თვითონ გადაწყვეტდა ვინ იქნებოდნენ ძირითადი კანდიდატები. და ნებისმიერს, ვინც რეალურ ოპოზიციას წარმოადგენდა და შეეძლო რეჟიმისთვის საფრთხე შეექმნა, რაიმე ფორმით მოიშორებდენ ან დააპატიმრებდნენ. ალექსეი ნავალნი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.
და რუსეთში იყო შედარებით ხანგრძლივი პერიოდი, როცა შეგეძლო რაც გინდოდა ის გეთქვა, სანამ შენი ხმა ცოტას ესმოდა… ჩემი აზრით, პუტინს უნდოდა, რომ ეს სისტემა შენარჩუნებულიყო და ემუშავა, მაგრამ ის ჩამოინგრა. ის დაინგრა იმის გამო, რომ რუსეთის ეკონომიკა ღრმად კორუმპირებული იყო და არსებითად შექმნილი იყო იმისთვის, რომ ძალიან ცოტა ადამიანი ძალიან გამდიდრებულიყო. ჩამოშლა დაიწყო, როცა ნავთობის ფასები დაეცა, პუტინმა დაპირებული ცხოვრების ხარისხი ვეღარ შეინარჩუნა და ვერც ზრდის დანაპირები შეასრულა. ამავე დროს, სამართლიანობის, თავისუფლებისა და უფლებების იმპულსები გაიზარდა და ზოგიერთმა მას გამოწვევა ესროლა. ეს აშკარა გახდა, როცა საპრეზიდენტო თანამდებობაზე ორი ვადის შემდეგ პუტინი ისევ დაბრუნდა მმართველობაში, კონსტიტუციის აშკარა დარღვევით. ხალხი მიხვდა, რომ ეს კანონდარღვევა იყო, რომ ეს იყო ნაბიჯი სრულიად სხვა მიმართულებით. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები და, ჩემი აზრით, მაშინ თქვა უარი მართვადი დემოკრატიის იდეაზე და გადაუხვია ნამდვილი დიქტატურისკენ. უკრაინის მოვლენების შემდეგ კი, ნაწილობრივ შეშინებულმა, რომ მსგავსი რამ რუსეთშიც მოხდებოდა, მან რეპრესიები დაიწყო, რამაც იქ მიგვიყვანა, სადაც დღეს ვართ.
კონკრეტულად რა ხდებოდა მის თავში, წარმოდგენა არ მაქვს. ამბობენ, რომ მან პანდემიის უმეტესი ნაწილი მარტოობაში გაატარა და დიდ დროს ატარებდა ისტორიის გიჟური წიგნების კითხვაში და მათგან ძალიან უცნაური დასკვნები გამოჰქონდა. ზუსტად ეს არ ვიცით, ამ შემთხვევაში უბრალოდ ჭორებს ვიმეორებ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ის ერთი და იგივე ადამიანი იყო ყოველთვის, ერთი და იმავე წარმოდგენებით. ეჭვი მაქვს, მაშინაც აღშფოთებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლით და იგივე სურვილი ჰქონდა აღედგინა რუსეთი, როგორც მოთამაშე მსოფლიო ასპარეზზე, თუნდაც როგორც ძალიან უარყოფითი ტიპის მოთამაშე, როგორც ქვეყანა, რომელიც მოუწოდებს ძალადობისა და ნგრევისკენ. მან უბრალოდ შეცვალა ტაქტიკა, რომ რუსეთი აქეთკენ მიემართა.
ასევე ნახეთ სიკვდილი, გადატრიალება თუ სამხედრო დამარცხება - როგორ წავა პუტინი- თქვენს წიგნში თანამედროვე ავტოკრატები არ არიან ჯაშუშური რომანების ბოროტმოქმედთა დახურული კლუბის წევრები. თქვენ ამტკიცებთ, რომ ლიდერის პიროვნება დღეს გარკვეულწილად უფრო მცირე როლს თამაშობს. მაგრამ არ შემიძლია არ ვიკითხო - რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ვლადიმირ პუტინი Autocracy, Inc-ში?
- პუტინი, გარკვეული გაგებით, ამ სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელია. პუტინი ხელისუფლებაში ასე მოვიდა: ის გამდიდრდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უფრო დაბალ თანამდებობაზე იყო, ის ფაქტობრივად ჰპარავდა ფულს სახელმწიფოს, გაჰქონდა ქვეყნიდან, საზღვარგარეთ ათეთრებდა და უკან აბრუნებდა - ასე ამდიდრებდა საკუთარ თავს და გარემოცვას. გამდიდრებისა და ძლევამოსილების მოპოვების ამ მეთოდს ბევრმა მიბაძა. და მე ვფიქრობ, რომ რუსეთის სახელმწიფოს ორგანიზაციის სტილმა ბევრზე დიდი გავლენა იქონია. სწორედ რუსებმა აღმოაჩინეს დასავლური ფინანსური სისტემის ყველა ხარვეზი, რომლებმაც ამდენის მოპარვის შესაძლებლობა მისცა. და სხვა ქვეყნებმა ეს გაიმეორეს.
რუსეთი ამ სისტემაში ცენტრალურ როლს თამაშობს. ის საერთაშორისო წესებს ჩინეთსა და სხვებზე ბევრად უფრო ადრე დაუპირისპირდა. პუტინმა დიდი ხნის წინ დააყენა ეჭვის ქვეშ იდეა, რომ ისეთი ქვეყანა, როგორც რუსეთია, კანონის უზენაესობითა თუ საერთაშორისო წესით უნდა იყოს შეზღუდული. მან დაიწყო სხვა ქვეყნების საზღვრების იგნორირება. ლონდონში "ეფესბეს" ყოფილი ოფიცერი მოკლეს. შემდეგ პუტინმა ამის გამეორება სცადა სოლსბერიში. ეს იყო ტრანსნაციონალური რეპრესიები, რომელსაც საზღვრები ვერ აჩერებენ. შემდეგ, უკვე ჩინეთთან ერთად, დაიწყეს ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების სამართლებრივი სისტემების რყევა. ახლა კი მათ ბევრი მიმბაძველი ჰყავთ.
- დასავლური სისტემების გამოწვევებზე საუბრისას, როგორ აფასებთ სანქციების წარმატებას, რომლებიც დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო? ბევრი მათ არაეფექტიანს უწოდებს.
- სანქციები მუშაობს. რუსეთის ეკონომიკა დაზარალდა. ცხოვრების დონე დაეცა. მაგრამ რუსეთმა შეძლო სანქციებისთვის აერიდებინა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე - თავდაცვის ინდუსტრია. ვაზნები ჩრდილოეთ კორეიდან, დრონები ირანიდან და [სამხედრო სფეროს] კომპონენტები, რომლებიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შედის, აცოცხლებს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას. და ეს მხარდაჭერა იმაზე ძლიერია, ვიდრე უნდა ყოფილიყო, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია თავდაცვის ინდუსტრია ტრადიციულ წყაროებსა და ბაზრებს. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ისეთი დიდი ქვეყნის, როგორიც რუსეთია, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს მეორადი სანქციები და უნდა ვფოკუსირდეთ არა უზარმაზარ, ფართო სპექტრის სანქციებზე, არამედ სპეციფიკურ კომპონენტებზე, რაც რუსეთს სჭირდება მაღალი ხარისხის იარაღის წარმოებისთვის. აი, ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. ვფიქრობ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ ეს იცის და აქეთკენ იწყებს სვლას.
თარგმანი: ანასტასია კურდღელია