მოსკოვი დიდი ხანია იყენებს შეთქმულების თეორიას „მეორე ფრონტზე“ უკრაინასთან ომის გასამართლებლად.
„ვერ ვხედავ საფუძველს, არ მჯეროდეს“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ივანიშვილის სიტყვებზე.
„ისინი აწარმოებდნენ დიალოგს დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთთან სამხედრო მოქმედებებისკენ“, - უთხრა ლავროვმა გამოცემა „იზვესტიას“.
21 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ დასავლელი მაღალჩინოსანი მთავრობას რუსეთთან დაპირისპირებას და პარტიზანული ომის დაწყებას ურჩევდა.
ივანიშვილის თქმით, ეს რჩევა ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
„სამი მილიონი ხართ და სამ-ოთხ დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით [იარაღს], დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი, ეს იყო რეალობა“, - თქვა მილიარდერმა.
ასევე ნახეთ ივანიშვილის „კომპლექსი“: 5 აქცენტი იშვიათი ინტერვიუდანივანიშვილის “აღიარება”
ივანიშვილი მაშინვე აჩვენეს კრემლის ორივე უმსხვილეს ტელეარხზე.
„თბილისს მოუწოდებდნენ, გაეჩაღებინა ღია ომი ჩვენს ქვეყანასთან, უკანასკნელ ქართველამდე“, - გამოაცხადა ტელეკომპანია „როსიამ“ და დასავლეთს „წარმოუდგენელ ცინიზმში“ დასდო ბრალი.
საქართველოს „დასავლეთის წინააღმდეგ ტარანად გამოყენებას უპირებდნენ“, - თქვა რუსეთის პირველი არხის წამყვანმა.
რუსული მედია კი ივანიშვილის ციტატებით 21 ოქტომბერსვე აჭრელდა.
„საქართველოს რუსეთთან წაომება შესთავაზეს: ორ დღეში ყველას ვერ დახოცავენო“, - წერს პროპაგანდისტული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“, რომელიც მოსახლეობას კრემლის საომარ პროპაგანდას აჯერებს ხოლმე.
კიდევ ერთი პროკრემლისტური გამოცემა, „როსიისკაია გაზეტა“ კი წერს, რომ „ივანიშვილი მოჰყვა, რამდენი დღე გამოუყო დასავლეთმა რუსეთთან ომისთვის“.
სტატიების უმრავლესობა აქცენტს ივანიშვილის ე.წ. აღიარებაზე აკეთებს. მათი საერთო გზავნილი ასეთია: ე.წ. კოლექტიური დასავლეთი, რომელსაც, კრემლის მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში ეომება, ქართველ ხალხს გასანადგურებლად იმეტებდა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის გაკვეთილი ისწავლა, საფრთხეს თავი აარიდა და რუსეთთან მოლაპარაკებები არჩია, - წერს „360.რუ“, ერთ-ერთი უმსხვილესი პროკრემლისტური მედიაპორტალი.
„ქართველებს ესმით, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა რუსეთთან ურთიერთქმედებაშია“, - ეუბნება გამოცემას დანილა გურეევი, კრემლის ერთგული პოლიტოლოგი.
"ოცნებას" კვლავ აქებენ
ივანიშვილის სიტყვები პროპაგანდისტებმა თითზე დაიხვიეს სოციალურ ქსელ „ტელეგრამშიც“.
ერთი ანონიმური არხი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იგულისხმა, რომელიც 2020 წელს საქართველოს სტუმრობდა. ოღონდაც ივანიშვილმა თქვა, რომ ჩინოსანი ირაკლი ღარიბაშვილს ელაპარაკებოდა, პრემიერ-მინისტრი კი მაშინ გიორგი გახარია იყო.
ხელისუფლებამ კვლავ დაიმსახურა პროპაგანდისტების ქება, მათი თქმით, თავშეკავებული პოლიტიკისთვის.
„2008 წლის მერე ქართულ ელიტას ეყო ჭკუა, ხელმეორედ არ ექცია ქართველი ხალხი ანგლოსაქსების საზარბაზნე ხორცად“, - ამბობს პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსი დმიტრი ვასილეცი.
ზოგი კი იმას ამტკიცებს, რომ ივანიშვილის „აღიარება“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
„საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც შაბათს ხმის მისაცემად გავა, უნდა გაიხსენოს დასავლეთის წარმომადგენლის ცინიკური პასუხი“, - წერს პროპაგანდისტული არხი „ფეიკებთან ბრძოლა“.
"ოცნებას" და კრემლს საერთო საფრთხობელა ჰყავთ
დასავლეთისგან და ნატოსგან წამოსული საფრთხე ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომლითაც კრემლი უკრაინაში შეჭრას ამართლებს. სულ რამდენიმე დღის წინ, ვლადიმირ პუტინმა თქვა, „ნატო ჩვენ უკრაინელი ჯარისკაცების ხელით გვეომება“-ო.
„ქართული ოცნების“ წევრებიც, ბოლო წელიწად-ნახევარია, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამბობენ, რომ იდუმალი „გლობალური ომის პარტია“ აიძულებთ, რუსეთთან ომი დაიწყონ, ანუ „მეორე ფრონტი“ გახსნან და ამით მოსკოვი დაასუსტონ.
იმავეს ამტკიცებს კრემლიც. მანაც ნელ-ნელა აითვისა სიტყვათშეთანხმება „მეორე ფრონტი“. ოღონდ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ამ ბოროტ ზრახვებს პირდაპირ დასავლეთს მიაწერს.
18 ოქტომბერს, სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, რომ დასავლეთი ცდილობს, კავკასიაში ომი დაიწყოს.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, დასავლეთის მცდელობებია, [საქართველოს] გაახსნევინოს მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ“, - ციტირებს ლავროვს გამოცემა „რია ნოვოსტი“.