თუკი დიპლომატია უძლური აღმოჩნდება - რა გავლენა ექნება უკრაინაში ომს საქართველოზე?

რუსული ტანკები, წვრთნის დროს, კრასნოდარში

აქტიური, მაგრამ ჯერ კვლავ წარუმატებელი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, არ იკლებს უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხე. ამაზე მიუთითებს დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო ცნობებიც და რუსეთის ძალების მაქსიმალური მობილიზება უკრაინის საზღვართან.

თუკი უკრაინას რუსეთი სამხედრო ძალით დაუპირისპირდება, პოლიტოლოგებისა და ეკონომისტების აზრით, ეს მოცემულობა პირდაპირ აისახება საქართველოზეც.

  • რა გავლენას იქონიებს მოვლენების სამხედრო გზით განვითარება საქართველოზე?
  • რა გამოწვევების დაძლევაზე მოუწევს ფიქრი საქართველოს, მოკლე- თუ გრძელვადიან პერიოდში?
  • რა მხარდაჭერა სჭირდება და შეიძლება დასჭირდეს უკრაინას საქართველოსგან?

თუკი დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს და რუსეთი მაინც დაესხმება თავს უკრაინას, სპეციალისტებს პრობლემების მასშტაბების წარმოდგენაც კი აშინებთ.

ლტოლვილები

იმის გარდა, რომ ომს უამრავი სიცოცხლის განადგურება შეუძლია, Amnesty International-ის პროგნოზით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემთხვევაში, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება მილიონობით მშვიდობიანი უკრაინელი და ისინი შესაძლოა, ელემენტარული საარსებო საშუალებების გარეშე დარჩნენ. Amnesty International-ის გენერალური მდივანი, ანიეს კალამარი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ლტოლვილების ნაკადს თვლის. მის სიტყვებს „დოიჩე ველე“ ავრცელებს:

„საშინელი წარმოსადგენია, რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს მიგრაციის კრიზისმა საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში უკრაინაში. ეს იქნება კონტინენტური მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა, როცა მილიონობით ლტოლვილი დაიწყებს უსაფრთხოების ძიებას მეზობელ ევროპულ ქვეყნებში“.

დაიძვრებიან თუ არა უკრაინელი ლტოლვილები საქართველოსკენ?

ექსპერტებში, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, აზრი ამ მხრივ ორად იყოფა. ერთი მოსაზრებით, ომის შემთხვევაში, საჰაერო ფრენები შეწყდება და ლტოლვილები პირველ რიგში სახმელეთო გზით დაიწყებენ მეზობელ ქვეყნებში გადასვლას. უკრაინის სახმელეთო მეზობლებს შორის არიან: მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი.

ზოგი სრულად გამორიცხავს უკრაინიდან საქართველოში ზღვის საშუალებით გადასვლას, რადგან ვითარების გაუარესება შავ ზღვაშიც არის მოსალოდნელი და იქ საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს რუსეთს.

თუმცა, სხვა მოსაზრებით, ვითარების ზედმიწევნით დაძაბვის დროსაც კი, როგორც ეს ომების დროს ხდება, შესაძლებელია გაკეთდეს უსაფრთხო, ჰუმანიტარული დერეფანი ლტოლვილებისთვის და, შესაბამისად, მათი საქართველოში ზღვით გადმოსვლაც ზოგისთვის სულაც არ არის წარმოუდგენელი.

ექსპერტები მოელიან, რომ უკრაინელი ლტოლვილები, ძირითადად საშუალო ფენა, სხვა ქვეყნების გავლითაც ჩამოვა საქართველოში.

ასევე ნახეთ თეონა აქუბარდია: საქართველოში უკრაინის კრიზისის შესაბამისი აღქმის პრობლემაა

ეკონომიკა-ვაჭრობა

ომის შემთხვევაში, ეკონომისტები საკმაოდ მძიმე გრძელვადიან შედეგებს პროგნოზირებენ და მათ შორის - საქართველოს შემთხვევაშიც. პრობლემებს შორის სახელდება ვალუტის დევალვაცია და ფასების ზრდა.

ეკონომისტ ნიკა შენგელიას აზრით, პირველ რიგში, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს პურის ფასი, რადგან დღეს „საქართველო 90%-ით რუსეთის ხორბალზეა დამოკიდებული“, ხოლო ამ წყაროს გადაკეტვა და ხორბლის სხვა ქვეყნებში, მაგალითად - ყაზახეთში შესყიდვა, პროდუქციას მნიშვნელოვნად გააძვირებს.

„ყაზახეთიდან რომ შემოვიტანოთ ხორბალი, 1 კგ პურის ფასი, შესაძლოა 1.5 ლარი გახდეს. რუსეთი ახლოს არის და შემოტანა იაფი ჯდება. გაძვირდება ის პროდუქციაც, რაც ახლა უკრაინიდან შემოგვაქვს. გაძვირებას მივიღებთ ზეთზე, კარაქზე, ცხიმებზე და სხვა პროდუქტებზე“, - გვეუბნება შენგელია.

მის მიერ ჩამოთვლილ მოსალოდნელ პრობლემებში ასევე შედის:

  • ახალი ინვესტორების მიერ რეგიონზე უარის თქმა, ხოლო ძველების გასვლა;
  • ტურიზმის შეწყვეტა რეგიონში;
  • რუსეთიდან და უკრაინიდან ფულადი გზავნილების შემცირება, სამუშაო ადგილების შემცირების გამო.

თუკი რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ხოლო დასავლეთი, დაპირებისამებრ, რუსეთის წინააღმდეგ „უპრეცედენტო სანქციებს“ აამოქმედებს, ნიკა შენგელიას თქმით, საქართველოსაც მოუწევს ამ სანქციებზე მიერთება და „მნიშვნელობა აღარ ექნება, ომი ორ დღეში დასრულდება თუ ორ თვეში“, რადგან „სანქციები სავარაუდოდ დიდხანს არ მოიხსნება“.

ასევე ნახეთ „დიდი შვიდეული“ უკრაინის ეკონომიკას დახმარებას დაჰპირდა, რუსეთს კი სანქციებით დაემუქრა

იმის გამო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ბოლო პერიოდში ისედაც მინიმუმამდე იყო დასული, ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ მოელის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია.

„ამ მხრივ საქართველოს დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს... საქართველოსკენ არათუ არ მოდიოდა ახალი ინვესტიციები, არამედ ინვესტორები გარბოდნენ“, - გვეუბნება ცომაია.

რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, ეკონომისტი „დამანგრეველ“ დანაკარგს არც ამ კუთხით მოელის. თუმცა, მისი თქმით, ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომის პირობებში, ვითარება თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდება ყველა მიმართულებით.

აქვს თუ არა ნაფიქრი საქართველოს ხელისუფლებას - რა შედეგებთან მოუწევს გამკლავება უკრაინაში ომის დაწყების შემთხვევაში?

ამ თემებზე დღეს საჯარო დისკუსია არ მიმდინარეობს და შეკითხვებზე პასუხები რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპამდე ვერც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან მიიღო.

შეკითხვები უპასუხოდ რჩება პარლამენტის წევრებისთვისაც. როგორც "რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენელმა დეპუტატმა, უსაფრთხოების სპეციალისტმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა "დილის საუბრებში" სტუმრობისას, ქვეყანაში პრობლემების ადეკვატური აღქმა არ არსებობს.

„მე მაკლია პოლიტიკა. ასეთი ვითარებაა, რას აკეთებს საქართველო და რა ნაბიჯებს დგამს?.. მაგალითად, თუ უკრაინაში მოხდება ის, რაც რუსეთს სურს და რუსეთი დაიწყებს აგრესიას, ეკონომიკა, არაფერს არ ვლაპარაკობ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკა ამ შემთხვევაში რამდენად დაზარალდება საქართველოსი და რა გეგმა აქვს საქართველოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროს ეს ზიანი?!“ - ამბობს აქუბარდია.

რა სჭირდება უკრაინას საქართველოსგან?

ექსპერტები ამბობენ, რომ ღარიბი საქართველო უკრაინის ვერც მნიშვნელოვან ფულად დახმარებას შეძლებს და ვერც სამყოფი ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას მოახერხებს. მას შეუძლია სიმბოლური დახმარების გაწევა და, მაგალითად, ისიც საქმე იქნებოდა, საქართველოს უკრაინელი სამხედროებისთვის ჩაფხუტები რომ გაეგზავნა.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც რუსეთ-უკრაინის პირველი ომის დროს, 2014 წელს, საჯარო სამსახურში იყო, ამჯერად მაინცდამაინც არ სჯერა, რომ საქმე ომამდე მივა; მაგრამ აუცილებლად მიიჩნევს „მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვას“.

და რა შეიძლება გაკეთდეს?

ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ „უკრაინაში მუდმივად უნდა იყვნენ საქართველოს პირველი პირები“, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტიც უნდა ჩავიდეს - „მან პირდაპირ უკრაინის რადიდან უნდა მიმართოს ნატოს“ და „ბევრად მეტიც უნდა გაკეთდეს“. მაგალითად, მისთვის ისიც კი მისაღები იქნებოდა, რომ „საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სიმბოლურად ერთი შენაერთი გაეგზავნა კიევში, მაგალითად - რომელიმე დაწესებულების დასაცავად“, რადგან „ძლიერი სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა ქართული დროშის აფრიალებას იქ“.

„ჩვენ უნდა ამოვდიოდეთ კონცეფციიდან, რომ ჩვენ ისეთივე დაზარალებული ვართ, როგორც უკრაინა... სამარცხვინო მომენტია, როცა არ ვამბობთ ხმამაღლა, რომ ჩვენ და უკრაინა ერთ პოზიციაში ვართ. როგორც უკრაინა გვეხმარებოდა, ჩვენც ისე უნდა ვეხმარებოდეთ“, - ეუბნება პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებას.

თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტები ხშირად იხსენებენ უკრაინელი მფრინავების გმირობას, როცა - სოხუმის დაცემის შემდეგ, მათ უამრავი დევნილი გადმოიყვანეს სამშვიდობოს და ერთ-ერთ ასეთ რეისს მფრინავის სიცოცხლეც შეეწირა.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: "უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ"

საქართველოს ხელისუფლება მსგავს ქმედებებს არ გეგმავს და ამ ეტაპზე არც კიევში აპირებს ჩასვლას, მაშინ, როცა იქ მხარდაჭერის ნიშნად, არათუ სახელმწიფო ლიდერები, არამედ დიდი ქალაქების მერებიც კი ჩადიან.

„ჩვენ მოვლენების განვითარების კვალად მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი, იქნება ეს განცხადება... ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით... მე არ ვაპირებ ვიზიტს უკრაინაში“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე; ხოლო 14 თებერვალს მან ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ხელისუფლება ასეთ „პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას“ გააგრძელებს და მთავარი ამოცანა „ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაა“.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველომ "საფლავის სტაბილურობა" აირჩია. პოლიტოლოგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში „რუსეთი ჩვენ მოგვიბრუნდება“, რადგან, მისი თქმით - „რუსეთი უკვე აქ არის“ და „რუსეთმა ჯერ საქართველოს მიხედა და მერე გადავიდა უკრაინაზე“.

რა ხდება უკრაინაში?

კიევს დაძაბულობის მშვიდობიანად გადაწყვეტის იმედი ჯერ არ დაუკარგავს და ცდილობს რუსეთის შეკავების ყველა ბერკეტი გამოიყენოს დასავლეთის ლიდერებთან ყოველდღიური და აქტიური კომუნიკაციის გზით. უკრაინაში ისევ ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან მაღალი რანგის სტუმრები და იმართება ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები ვაშინგტონთან თუ ბრიუსელთან. უცვლელია დასავლეთის დაპირება - უკრაინაში შეჭრა რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდება.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ ბაიდენი კიევში მიიწვია
ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინას უპასუხა, რომ მის საზღვრებთან არ "ეწევა უჩვეულო სამხედრო საქმიანობას"

უკრაინა ცდილობს ჩაახშოს პანიკა თავის მოქალაქეებს შორის და ქვეყნის ხელისუფლება გამუდმებით იმეორებს, რომ კიევი კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა. თუმცა, ვითარების დაძაბვასთან ერთად, ხელისუფლებას თანდათან იმაზეც უწევს ლაპარაკი, რომ უკრაინის არმია მზად არის დაიცვას კიევი თუ ქვეყნის სხვა დიდი ქალაქები.

13 თებერვალს, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, კიევის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა მზადყოფნაზეც, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში.

„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინასთან მიმართებით. უკრაინის დედაქალაქი კიევი და სახელმწიფოს სხვა ქალაქები - ხარკოვი, ლვოვი, დნეპრი და ოდესა უსაფრთხოდ არიან. ისინი საიმედოდ არიან დაცული“, - უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგას.

აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია მიანიშნებს რუსეთის არმიის სრულ მზადყოფნაზე, რომ უკრაინას "უახლოეს ხანში", მათ შორის - პეკინის ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე, დაესხას თავს. პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა გასული კვირის მიწურულს ისიც თქვა, რომ - თავდასხმის შემთხვევაში, იერიში დაიწყება ჰაერიდან და შემდეგ გაგრძელდება ხმელეთზე.

„მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა თავად ჯო ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას. შესაბამისად, აშშ-მ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.

შემდეგ ეს კიდევ 15-ზე მეტმა ქვეყანამ გაიმეორა და მათ შორის: გერმანიამ, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, კანადამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ფინეთმა და სხვ. თითქმის ყველა ასეთი მოწოდება ძირითადად სარეკომენდაციოა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ, მაგალითად, სამხრეთ კორეის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინის დატოვება სავალდებულოა და ის, ვინც ამ მითითებას არ დაემორჩილება, პასუხს აგებს ადგილობრივი კანონით.

აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ასევე ნახეთ მოვუწოდებთ უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს, კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან - საგარეო

14 თებერვალს რადიო თავისუფლებას საგარეო უწყებაში უთხრეს, რომ კვლავაც ძალაშია 12 თებერვლის მოწოდება, რომ საქართველოს მოქალაქეები ცხელი ხაზის საშუალებით (+380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 ) „კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან“, მათ შორის - „უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“.

რაც შეეხება საელჩოს მუშაობას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარი ნარჩემაშვილი გვეუბნება, „ქართველ დიპლომატებს მიეცათ რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში გამოიყვანონ ოჯახის წევრები“, ხოლო სხვა მხრივ, „როგორც მისიის ხელმძღვანელი, ასევე თანამშრომლები რჩებიან ადგილზე“.

ასევე ნახეთ უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აგრესორი ვერც ოდესას აიღებს და ვერც - ხარკოვს

იმის გამო, რომ საერთაშორისო სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიებმა დააწესეს შეზღუდვები ავიარეისებზე უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებას მოუწია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 16.6 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 520 მილიონი ევრო) ავიარეისების დასაზღვევად. კიევი აცხადებს, რომ უკრაინის ცა არ ჩაიკეტება. თუმცა რუსეთის წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავიარეისები შეაჩერეს ჰოლანდიურმა და ნორვეგიულმა ავიაკომპანიებმა, ხოლო ზოგიერთი რეისი გააუქმეს - ირლანდიურმა, ამერიკულმა და პოლონურმა ავიაკომპანიებმა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინა დატოვეს დეპუტატებმა და ბიზნესმენებმა.

14 თებერვალს, კიევში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სტუმრობის დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა ყველას - დაბრუნდნენ უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი "შესაბამის დასკვნებს" გამოიტანს.