უკრაინაში ვითარების ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო კიევში და საკონსულოები გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი:
- +380 (63) 376 77 68
- +380 (93) 761 17 17
სამინისტროს განცხადებით, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და მუდმივ კავშირზე რჩება, უკრაინელ კოლეგებთან და პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან.
არაერთი ქვეყანა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ, მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ნიდერლანდი და ა.შ.
დასავლეთში მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეიძლება დაესხას თავს უკრაინას. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას და საზღვარზე ჯარების თავმოყრას ხსნის მანევრებით.
დაძაბულობის ფონზე რუსეთი ნატოსა და აშშ-ისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. დასავლელი დიპლომატები თვლიან, რომ წაყენებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, შეთანხმება მიღწეული არ არის.