თალიბანის ახალი წესების მიხედვით, კიმ ჩენ ინის და სხვა "ურჯულოების" ვარცხნილობის მიბაძვა ცოდვაა

ავღანეთში მამაკაცებს შეზღუდული არჩევანი აქვთ საპარიკმახეროში სტუმრობისას, თუკი არ სურთ, რომ დასავლურ მოდაზე აყოლა ან ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის მიბაძვა დააბრალონ.

არავითარი ვარცხნილობა, რომელიც მათ "ურჯულოებს" დაამსგავსებს, არანაირი შესწორებული წარბები და გაპარსული სახეები ან იქ მიღებულ სიგრძეზე მოკლე წვერი - ასეთი სტილი ცოდვად ითვლება თალიბანის ზნეობის ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მიერ დალაქებისთვის გამოცემული ექვსპუნქტიანი ნუსხის მიხედვით.

ასეთი მითითებების გაცემა თავდაპირველად სამინისტრომ უარყო, მაგრამ ახლახან ის დაადასტურა დასავლეთი პროვინცია ჰერატის რეგიონული სამინისტროს წარმომადგენელმა.

ახალი წესების თანახმად, წვერი არ უნდა იყოს „ერთი ხელის მოკიდებაზე მოკლე“ და არ შეიძლება წარბების შესწორება.

აზიზულ რაჰმან მოჰაჯერმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ზოგიერთი ვარცხნილობა ძალიან ჰგავს "დასავლელი ან ჩრდილოეთკორეელი ურწმუნოების" სტილს.

მოჰაჯერის თქმით, ავღანეთის ახალგაზრდა თაობის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ამ სტილს მისდიოს, რაც გახდა მიზეზი დალაქებისთვის ახალი წესების შემოღებისა.

"თუ ეს სტილი ჩვენს პრინციპებს შეესაბამება, (მაშინ) პრობლემა არ არის", განაცხადა მოჰაჯერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მომხმარებლი მოითხოვს მოდურ ვარცხნილობას ან წვერის გაკრეჭას, დალაქები მათ არ უნდა მოემსახურონ.

ეს მითითებები, როგორც ჩანს, გულისხმობს ისეთ ვარცხნილობებს, რომლებიც შეიძლება ჰგავდეს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის ვარცხნილობას, რომელსაც თავი გვერდებზე და უკან გაპარსული აქვს, ხოლო ზემოთ უფრო გრძელი თმა აქვს დატოვებული პაპამისის, კიმ ირ სენის, კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის ვარცხნილობის პატივსაცემად.

ისინი მოგვაგონებენ ასევე, 1996-დან 2001 წლამდე თალიბანის წინა ხელისუფლების მიერ გაცემულ ბრძანებებს, მათ შორის, "უცხოური ვარცხნილობების" შესახებ, რომლებიც სტილიზებული იყო იმის მსგავსად, როგორიც ჰქონდა პოპულარულ ამერიკელ მსახიობს, ლეონარდო დიკაპრიოს, ფილმში "ტიტანიკი" - გვერდებზე აპარსული და თავზე გრძელი თმით. ასევე აკრძალულია ნებისმიერი ისეთი ვარცხნილობა, რომელიც "ბიტლზების თარგის" მაგვარი იქნებოდა, იმ საკულტო "ქოჩრისა", რომელსაც ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო ატარებდნენ 1960-იან წლებში.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი (მარცხნიდან მარჯვნივ), თალიბანის ჩინოვნიკი აზიზულ რაჰმან მოჰაჯერი და ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო - ავღანელმა მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომელ მათგანს უნდა შეუსაბამონ თავიანთი სტილი.

უახლეს წესებში ნათქვამია, რომ წვერი არ უნდა იყოს „ერთი ხელის მოკიდებაზე მოკლე“ და რომ მამაკაცებმა წარბები არ უნდა შეისწორონ. დალაქებს ასევე მოსთხოვეს, არ ჩართონ მუსიკა სადალაქოებში და არ გამოფინონ ისეთი სურათები, რომლებმაც შესაძლოა, რეკლამა გაუწიონ არასასურველ სტილს. გაურკვეველია, ახალი წესები მხოლოდ ჰერატში მოქმედებს თუ მთელ ქვეყანაში.

2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბანმა მუსიკა აკრძალა და ცხადად გამოხატა, რომ პირის გაპარსვასა და წვერის გაკრეჭას ისლამური კანონებისა და ღირებულებების თავისი მკაცრი ინტერპრეტაციის დარღვევად მიიჩნევს.

ავღანელმა დალაქებმა, რომლებიც რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს ესაუბრნენ, უნდობლობა გამოხატეს ამ უახლეს წესებთან დაკავშირებით; ზოგიერთმა მათგანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, როგორ შეიძლება საგულდაგულოდ შემოწმებული სტილი არღვევდეს ისლამურ კანონებს და განაცხადა, რომ ეს წესები ზიანს მოუტანს მათ საქმიანობას.

"წვერს თუ იჭრი... ან დასავლური სტილის ტანსაცმელს იცვამ, ეს რანაირად გაქცევს ურწმუნოდ?" - იკითხა ერთ-ერთმა დალაქმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა იმის შიშით, რომ მასზე შურს იძიებდნენ. "ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს".

"ყურანში ნათქვამია, რომ სისუფთავე რწმენის ნაწილია, მაგრამ აქ ასე არ არის", ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა ჰერატის პროვინციიდან, რომელიც ასევე ანონიმურობის პირობით ესაუბრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს. "გვესმის, რომ სასურველია [გრძელი] წვერის ტარება, მაგრამ [წვერის არქონა] ცოდვა არ არის".

იერსახის კონტროლი

ახალი წესები დალაქებისთვის, თალიბანის ბოლოდროინდელი მცდელობაა, გააკონტროლოს ავღანელი კაცებისა და ქალების გარეგნული იერსახე.

ხელისუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბანმა უბრძანა სახელმწიფო მოხელე კაცებს, ატარონ წვერი და ტრადიციული ტანისამოსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ. ზოგიერთ რეგიონში კაცებს აიძულებენ, რომ ლოცვებს დაესწრონ.

ავღანეთის ზოგიერთ რაიონში, თალიბანმა აკრძალა დასავლური სტილის ტანსაცმელი, მათ შორის, ჯინსები და კოსტიუმები.

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, ზოგიერთ პროვინციაში, ასევე უბრძანა მამრობითი სქესის მასწავლებლებსა და უფროსი კლასის მოსწავლეებს წვერისა და ჩალმის (ისლამური თავსაბურავის) ტარება და ტრადიციული ფართო პერანგისა და შარვლის ჩაცმა, რომელიც ავღანეთის სოფლებშია გავრცელებული.

თალიბებმა შემოიღეს ასევე მკაცრი გენდერული დაყოფა სკოლებში, უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებში, სამთავრობო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

თალიბანის მიერ ავღანელების გარეგნული იერსახის კონტროლის მცდელობათა ძირითადი სიმძიმე ქალებმა იტვირთეს. რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ჩაცმულობისა და ქცევის მკაცრი წესები შემოიღო, რომელთა თანახმად, ქალი თავიდან ფეხებამდე დაფარული უნდა იყოს, შეზღუდულია მათი თავისუფლად გადაადგილება, მუშაობისა თუ განათლების მიღების უფლებები.

ზნეობის ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ხშირად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს, დაეხმაროს ავღანელებს იმის დაცვაში, რასაც თალიბები ისლამურ კანონად მიიჩნევენ.

ასევე ნახეთ

ავღანელ ქალებს ზედამხედველის გარეშე მოგზაურობა აუკრძალეს ავღანეთის თალიბანმა ქალებს ბურკის ტარება უბრძანა თალიბანი ქალების მიმართ შეზღუდვებს აღადგენს ავღანეთის რეგიონებში, რომლებიც დაიკავაავღანეთში თალიბანმა აკრძალა ტელევიზიით ქალების მონაწილეობით ფილმების ჩვენება