ავღანეთში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქალთა თავისუფლებების შესაზღუდად - თალიბანი აცხადებს, რომ ქალებს, რომლებსაც 72 კილომეტრზე უფრო დიდ მანძილზე სურთ მოგზაურობა, ტრანსპორტი არ უნდა შესთავაზონ, თუკი მათთან ერთად კაცი ნათესავი არ იქნება.
ამასთან, კეთილშობილების ხელშეწყობის და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მიერ გავრცელებული დოკუმენტი მანქანების მძღოლებს ავალებს, არ დაუკრან მუსიკა და არ ჩაისვან ქალი მგზავრები, რომლებიც ჰიჯაბის გარეშე იქნებიან.
სამინისტროს პრესმდივანმა მოჰამად სადიყ აკიფმა 26 დეკემბერს დაადასტურა დოკუმენტის ავთენტურობა.
ქაბულში მომუშავე ტაქსის მძღოლმა, რომელმაც საკუთარი სახელის გამჟღავნება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თალიბანი უკვე გარკვეული პერიოდია მძღოლებს მოუწოდებს მანქანებში არ ჩართონ მუსიკა და არ წაიყვანონ ქალები ჰიჯაბის გარეშე.
აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანმა ჩამოაყალიბა მხოლოდ კაცებისგან შემდგარი მთავრობა, რომლის ხელმძღვანელი ვეტერანი რადიკალები აცხადებენ, რომ დაუბრუნდებიან შარიათის მკაცრ კანონებს - რაც დარტყმაა ავღანეთში და საერთაშორისო სივრცეში არსებულ იმედებზე, რომ თალიბანის მმართველობის მეორე პერიოდი უფრო ნაკლებად შემზღუდავი იქნებოდა, ვიდრე ორი ათწლეულის წინ იყო.
თალიბანმა გააუქმა წინა ადმინისტრაციის დროს მოქმედი ქალთა საკითხების სამინისტრო და მნიშვნელოვნად შეზღუდა ქალების უფლებები. ქალთა უმრავლესობას აეკრძალა მუშაობა, ბევრ გოგონას წაერთვა განათლების მიღების უფლება.