Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანმა აკრძალა ტელევიზიით ქალების მონაწილეობით ფილმების ჩვენება   


ავღანეთის თალიბმა მმართველებმა უბრძანეს ქვეყნის სატელევიზიო არხებს, არ აჩვენონ ფილმები, რომლებშიც ქალები მონაწილეობენ, ხოლო ქალი ტელეჟურნალისტები ვალდებული არიან ისლამური წესით - ჰეჯაბის მიხედვით შეიმოსონ. რვაპუნქტიანი „რელიგიური სახელმძღვანელო პრინციპები,“ რომელიც სათნოების ხელშეწყობის და მანკიერების აღკვეთის სამინისტრომ გამოსცა 21 ნოემბერს, თალიბანის მერ დაწესებული ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვაა.

სამინისტრომ ასევე უბრძანა ტელეარხებს, არ აჩვენონ ისეთი ფილმები, კომედიები ან გასართობი პროგრამები, რომლებიც „შეურაცხყოფენ“ ან „ამცირებენ“ ადამიანებს და ეწინააღმდეგებიან ისლამური სამართლის ან ავღანური კულტურის თალიბანისეულ წარმოდგენას.

ნებისმიერი ფილმი და პროგრამა, რომელშიც ნაჩვენებია წინასწარმეტყველი მოჰამედი ან სხვა პატივცემული პირები, ასევე აიკრძალა. დაუშვებელია ამავე დროს ტელეპროგრამებში კაცების ჩვენება, თუ მათ არ აცვიათ თალიბანის სტანდარტის შესაბამისი სამოსი.

„ეს არ არის გამოხატვის თავისულების შეზღუდვა, არამედ მარტივი პრინციპების დაცვაა",- განუცხადა რადიო თავისუფლებას სამინისტროს პრესმდივანმა აქეფ მოჰაჯერმა.

თალიბანის მიერ ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის განდევნის შემდეგ აგვისტოში, თალიბებმა განაცხადეს, რომ უფრო ზომიერი პოლიტიკა ექნებოდათ, ვიდრე მათი ადრინდელი, 1996-2001 წლის მმართველობის დროს, როცა „მორალის პოლიცია“ ისლამური სამართლის მკაცრ ფორმებს ატარებდა.

XS
SM
MD
LG