sentimental

ზაზა ბურჭულაძის ბლოგი

​​სულ მინდოდა „როდრიგესზე“ დამეწერა და ვერასდროს დავწერე. რაზეც ძალიან ვწუხვარ. ეს იყო მოულოდნელი დუო, რომლის მსგავსი სხვა მე არ ვიცი საქართველოში.​​

მაგარი მუსიკოსების მეტი რა გვყოლია. დღემდე გვყავს. კომპოზიტორებიც, შემსრულებლებიც, კომპოზიტორ-შემსრულებლებიც. როკიდან ალტერნატივამდე, რეპიდან ჰიპ-ჰოპამდე, პოპიდან ფოლკლორამდე. ვინ გაიხსენებს, როდის გვქონია მსგავსი ჟანრული მრავალფეროვნება?​

ამასობაში შედევრებიც საკმაოდ მოგვიგროვდა. თითქმის ყველა მუსიკოსს და ჯგუფს აქვს საკუთარი ჰიტი. ზოგს რამდენიმეც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ისტორიაში არა ერთი და ორი შედევრი დაიწერა. შედევრები მანამდეც შექმნილა, მაგრამ ის ცალკე ამბავია.​

1991 წელს ეპოქა დამთავრდა დიდი. მას შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გამოჩდნენ ისინი, ვინც მრავალი წლის განმავლობაში წერდნენ და დღემდე წერენ მუსიკას. მათგან შეიძლება ყველა არ მოგწონდეს, მაგრამ თავის ჟანრში ყველას გაუკეთებია რამე აღნიშვნის ღირსი. ერთი-ორი მთლად ლეგენდის კატეგორიაშიც გადავიდა უკვე. თუნდაც ლოკალური მასშტაბისა.​

ყოველი მათგანი ცალკე წერილს იმსახურებს, მაგრამ დღეს ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას „როდრიგესზე“, რომელზეც სულ მინდოდა დამეწერა და როგორღაც ვერასდროს მოვახერხე. რაზეც ძალიან მწყდება გული. რადგან დავაგვიანე, მოკვდა კაცი. მოკვდა და დაგვაღონა.​

ბევრი ვიდეო არ მოიძებნება, სადაც ლევან სვანიშვილს ნახავ. მაგრამ სადაც ნახავ, შენიშნავ მის რაღაცნაირ სევდას, რომელიც ახლა, მისი სიკვდილის შემდეგ, განსაკუთრებით თვალშისაცემია.​

არც არის ხოლმე საჭირო კაცის ცნობა, მასში ჩამდგარი დარდი რომ იგრძნო.​ ​ეს დარდი ჩემში 2008 წლის გაზაფხულზე შემოიღვარა.

მე არ ვიცნობდი ლევანს. და არც არის ხოლმე საჭირო კაცის ცნობა, მასში ჩამდგარი დარდი რომ იგრძნო.​ ​ეს დარდი ჩემში 2008 წლის გაზაფხულზე შემოიღვარა.

გულის ამაჩუყებელი სიმღერა სიმპტომატური სახელწოდებით „Sentimental“ მაშინ ჟურნალ „ანაბეჭდში“ ჩადებულ კომპაქტ-დისკზე აღმოვაჩინე.​

რადარას (ვლადიმერ დავით სვანიძე) ნიკა კოჩაროვისგან ვიცნობდი, ვის ჯგუფშიც მაშინ უკრავდა. სწორედ რადარას ნათქვამია ლეგენდარული ფრაზა: „გათენდა დილა ალალი, არ გვეჩალიჩა წამალი?“ რადარა ნიჭიერი კაცია, მაგრამ ისეთი მუსიკის დასაწერად, „ანაბეჭდის“ CD-ზე რომ აღმოვაჩინე, ნიჭზე ცოტა მეტია საჭირო.​

სამწუხაროდ, „როდრიგესი“ სათანადოდ არ დაფასდა. თუმცა ნამდვილად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე მიიღო. მარტო იმიტომ არა, რომ ელექტრო პოპის პიონერი იყო ჩვენთან.

ეს „ცოტა მეტი“ ეგებ ლევან სვანიშვილიც იყო? ურომლისოდაც არანაირი „როდრიგესი“ არ იქნებოდა. არ იქნებოდა რადარას გარეშეც, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. ამაშია ხოლმე დუეტების ჯადოქრობა. ქრება ერთი, ქრება მთელი.​

სამწუხაროდ, „როდრიგესი“ სათანადოდ არ დაფასდა. თუმცა ნამდვილად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე მიიღო. მარტო იმიტომ არა, რომ ელექტრო პოპის პიონერი იყო ჩვენთან. სხვა ასეთი სევდიანი ქართული ალბომი მე არ ვიცი. „Sentimental“ ხომ პირდაპირ გულს გაგიბზარავს.​

ნეტა, სხვაზე რა ეფექტს ახდენს ეს სიმღერა? მე კი, როცა იგი მესმის, სულ მეჩვენება, რომ იმაზე თხელი კანი მაქვს, ვიდრე სინამდვილეში გადამკვრია ძვალ-რბილზე. წარმოუდგენელია, გულზე ანაბეჭდი არ დაგასვას ამ სიმღერამ, სულ გაწყალებულიც რომ გქონდეს ეგ გული. ეს ისეთი რამეა, მთლად წყალზეც კი დატოვებს კვალს.​

სიმღერის მოყოლა ვის გაუგია. და მაინც, აქ საუბარია ქალზე, ყოველდღე რომ გხვდება ქუჩაში, პარკში, ლიფტში, რომელიც არც შენი საყვარელია, არც მეგობარი, უბრალოდ მეზობელია, თუმცა კი „შენი ცხოვრების საჩუქარია“, რომლის ღიმილიც დიდხანს არ გტოვებს ხოლმე...

ესაა უნივერსალური სიმღერა, რომელიც ნებისმიერი მსოფლიო ვარსკლავის რეპერტუარს გაამდიდრებდა. და ესაა სიმღერა, რომელსაც ნებისმიერი ვოკალი მოუხდებოდა. ეგაა, ძლიერ მინორულია.​

ბოლოსდაბოლოს, შემეძლო, რადარასთვის მეკითხა, ვინაა ქალი, ვისაც უმღერიან, ჰყავს მას პროტოტიპი რეალურ ცხოვრებაში, კრებსითი სახეა თუ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია? მაგრამ არ მიკითხავს. რა საჭიროა? ყველამ თავისი წარმოიდგინოს. მით უფრო, რომ ის ქალი ეგებ არც იყოს ქალი? არამედ, რამე სხვა, სიზმარი, ოცნება, სიკვდილი. ასე უფრო უხდება ამ სიმღერას.​

მართლაც, წარმოიდგინე სიკვდილი, ყოველდღე რომ გხვდება ქუჩაში, პარკში, ლიფტში, რომელიც შენი მეზობელია, შენი ცხოვრების საჩუქარი, რომლის ღიმილიც დიდხანს არ გტოვებს ხოლმე... მთავარი აქ ჯადოა, რომელიც შენში თუ შემოიღვარა, მუდამ იქ დარჩება. მაშინაც კი, როცა მოგბეზრდება და მიგავიწყდება. სამაგიეროდ, შენს ყურებს ემახსოვრებათ, როცა დაგაჭრიან.​

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ასევე ნახეთ ​​შავი ზღვა​