ბუბა კიკაბიძე - მომღერალი
ყოფილ საბჭოთა სივრცეში ცნობილი და საყვარელი ქართველი არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუბა კიკაბიძე მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“ „ორერა“... რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა, მათ შორის დასარტყამზე, რაც მაშინ იშვიათი იყო.
„თან ძალიან კარგად ცეკვავდა. როგორც მახსოვს, ის იყო პირველი მომღერალი, რომელიც სცენაზე ამოძრავდა. მანამდე მხოლოდ იდგნენ. ფეხს წინ წაწევდნენ და ხან ერთ მხარეს გაშლიდნენ ხელს, ხან - მეორე მხარეს, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური, - განსაკუთრებული ხმის ტემბრი ჰქონდა, რომელიც იმ დროის ესტრადას ძალიან მიესადაგა. გიჟდებოდნენ ბუბაზე, ქალიან-კაციანად ყველა გიჟდებოდა ბუბაზე“.
მომღერლის კარიერას სამსახიობო კარიერა მოჰყვა. 1966 წელს პირველად გადაიღეს ფილმში „შეხვედრა მთაში“. სულ ოცამდე ფილმში მონაწილეობდა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი როლები „მიმინოსა“ და „არ დაიდარდოში“ ჰქონდა.
ბუბა კიკაბიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საქართველოსა და რუსეთის სცენებზე ერთნაირი წარმატებით გამოდიოდა, ოღონდ 2008 წლამდე. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კიკაბიძემ რუსულ სცენაზე უარი თქვა, უარი თქვა „მეგობრობის ორდენზეც“, რომელსაც რუსეთში აძლევდნენ.
2015 წელს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კითხვაზე, ყველაზე მეტად თავის რომელ პერსონაჟს ჰგავს, ბუბა კიკაბიძემ უპასუხა: „მიმინოს - ძალიან, ბენჟამენსაც, ისე კი, მე პატივს ვცემ ხალხს, რომლებიც საკუთარ თავზე პასუხს აგებენ. ამის გამო კინოში ჰაჯი მურატის როლზე ვოცნებობდი. ამის შემდეგ შეიძლებოდა საერთოდ აღარ მეთამაშა“.
ნანა ჯანაშია - გარემოსდამცველი
17 აგვისტოს, ტრაგიკულად დაიღუპა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი, 51 წლის ნანა ჯანაშია.
„ადამიანები უკეთესს ვიმსახურებთ და არა მარტო ადამიანები, ყველაფერი, რაც ცოცხალია და რისი სიცოცხლეც ერთი გაელვებაა. ამიტომ უნდა სცადო და ცხოვრება იმაზე უკეთესი უნდა გახადო, რაც არის. ნანამ ეს გააკეთა. გარემოს დაცვა, განათლება, დემოკრატია - მხოლოდ გზებია, რაც ამ მიზნისთვის გაიარა. კარგი კი ისაა, რომ თითქმის დავიწყებული გზები თავიდან დაბადებულ, პატარა, სუსტ, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანაში თითქმის თავიდან გაკვალა და დატოვა. დღეს ნანა ჯანაშია ათასობით ადამიანია, ვინც ცხოვრებას უკეთესს ხდის. ოღონდ ეს გზები არასდროს მთავრდება და ეს ადამიანებიც წარსულის ნაცვლად მომავალში მიდიან“, - ამბობს CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.
ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ჯერ კიდევ 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში.
კონსტანტინე კუბლაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონსტანტინე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2005-2015 წლებში მუშაობდა. უფლებამოსილება მას 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო შეუწყდა.
2000-2002 წლებში კონსტანტინე ყუბლაშვილი იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
თენგიზ მუშკუდიანი - ოპერის მომღერალი
96 წლისა გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი.
თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ასრულებდა ბანის პარტიებს. გადაღებულია ფილმებში „აბეზარა“ და „დიდოსტატის მარჯვენა“.
„ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი არაპროფესიონალი კარგი მსახიობი და მათ შორის არის თენგიზ მუშკუდიანი! ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი კინოში მიიწვიეს, მისი ფანტასტიკური, მომხიბვლელი გარეგნობა იყო. მართლაც შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა, ყველა საუკეთესო ნიშნით შემკული მამაკაცი... ის იყო ძალიან მაღალი კლასის საოპერო მომღერალი, ის არტისტიზმი ჰქონდა, რომელიც აუცილებელი იყო ამა თუ იმ როლის შესრულებისთვის...“ - თქვა ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურმა თენგიზ მუშკუდიანზე „კვირის პალიტრასთან“.
გურამ გოგიაშვილი - მთარგმნელი
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მთარგმნელი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
გურამ გოგიაშვილმა თავისი ცხოვრების მანძილზე თარგმნა ნიკოლას გილიენი, ალექსანდრე ბლოკი, რაინერ მარია რილკე, იანის რაინისი, ჟაკ პრევერი, ჯანი როდარი, სამუილ მარშაკი, ანტონ ჩეხოვი, კონსტანტინე პაუსტოვსკი, ალექსანდრე ოსტროვსკი, ვასილი შუკშინი, ერაზმ როტერდამელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელის“ თარგმანი.
გურამ გოგიაშვილი 1992-1996 წლებში იყო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი. დაჯილდოებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენებით.
ზურაბ ქურციკიძე - ფოტოგრაფი
31 მაისს გარდაიცვალა ფოტოკორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე. სხვადასხვა დროს ზურაბ ქურციკიძე იღებდა ქართული მედიისთვის, ასევე იყო საქართველოს პირველი არხისა და ევროპული პრესის სააგენტოს (EPA) ფოტოკორესპონდენტი. მას გაშუქებული აქვს 2008 წლის ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევრომაიდნის მოვლენები.
ზურაბ ქურციკიძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ზურაბ ქურციკიძემ მაშინ ბრალი აღიარა, როგორც შემდეგ თქვა, ზეწოლის შედეგად. 2016 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფები გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს, ეს იყო ხელისუფლების შურისძიება 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის გაშუქებისთვის.
მოგვიანებით, ზურაბ ქურციკიძესა და კიდევ სამ ფოტოგრაფს ბრალი მოეხსნათ.
მედეა ამირანაშვილი - მომღერალი
2 დეკემბერს 93 წლისა გარდაიცვალა საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი.
მედეა ამირანაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის წამყვანი სოლისტი იყო. ძლიერი, ლამაზი ტემბრის ხმა ჰქონდა, ლირიკული სოპრანო. მთავარი პარტიები აქვს შესრულებული ოპერებში: „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“, „ლელა“, „ევგენი ონეგინი“, ასევე ვერდის ოპერებში. ფილმებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ჭრიჭინა“ ახმოვანებს ეთერს, მაროს და ჭრიჭინას.
„სცენაზე ცოცხლობდა. იმას კი არ ასრულებდა, რასაც რეჟისორი ეტყოდა ან კლავირში რაც ეწერა. მისი როლი ყოველთვის ცოცხალი იყო. ჯერ კიდევ სტუდენტს, არ მახსოვს, მედეას სპექტაკლი გამომეტოვებინოს. ქალღმერთი იყო სცენაზე, ულამაზესი. სცენაზე უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ცხოვრებაში. სცენა უხდებოდა და სცენას უხდებოდა მედეა. ყოველთვის მაღალი თამასა ჰქონდა და არ მახსოვს ეს თამასა როდესმე დაეწია“, - იხსენებს „პირველ არხთან“ ინტერვიუში ოპერის მომღერალი ლიანა კალმახელიძე.
მედეა ამირანაშვილი 1997 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, 1965 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი
3 თებერვალს 89 წლისა გარდაიცვალა რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.
ასევე ნახეთ ჯემალ ღაღანიძე - მსახიობიჯემალ ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი, მაგალითად: წიწოლა („ბახტრიონი“), ბატონი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „კარდაკარ“, „ფეოლა“, „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“.
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“ გაიხსნა.
ჯამლეტ ხუხაშვილი - ჟურნალისტი
79 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.
„სპორტული განხრით ნებისმიერი სიუჟეტი შეეძლო, მოეპოვებინა სხვადასხვა ქვეყნიდან... იმდენად ბევრ სიუჟეტს, ინფორმაციას პოულობდა, მალე ძალიან პოპულარული გახდა. სულ კამათობდა, ხუთი წუთი რა არის, ამდენი ინფორმაცია მაქვსო. ძალიან მობილიზებული, საუკეთესო და ოპერატიული ჟურნალისტი იყო. მისი წაყვანილი რეპორტაჟები ყველას განსაკუთრებულად გვახსოვს. იყო სუფთა ქართული, კარგი მოგონებებით დახუნძლული... საინტერესოდ ჰყვებოდა, მხოლოდ ის არა, რომ ვიღაცამ ბურთს დაარტყა, მიიღო და ასე შემდეგ...“, - ასე გაიხსენა ჯამლეტი „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ „კვირის პალიტრასთან“.
ჯამლეტ ხუხაშვილი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში", სპორტულ რადიო „ჯაკოში“. იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი, 1990 წლიდან - კლუბ „მაქაბის“ პრეზიდენტი. 2004 წელს ის საუკეთესო სპორტულ კომენტატორად დაასახელეს. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
თემურ გოცაძე - მხატვარი
82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე.
თეიმურაზ (თემო) გოცაძე დაიბადა თბილისში 1941 წლის 25 მარტს. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად; 1986-1988 წლებში თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი იყო; 1988-2005 წლებში „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი.
„ამბობენ, ზარბაზნები რომ ქუხან, მუზები დუმანო, ტყუილია ეგ. იტალიაში ვიყავი სამოგზაუროდ. ელგუჯა ამაშუკელმა გამიკეთა დიდი ფეშქაში. აღმოვჩნდი რუსი აკადემიკოსების, დიდი მხატვრების ჯგუფში. სიქსტეს კაპელა რომ ვნახე, ბღავილი აღმომხდა. იმის მერე გავაკეთე ყველაფერი, რაც გავაკეთე. არადა, იმ მოგზაურობაში ოთხმა ადამიანმა ხატვას თავი დაანება“, - თქვა თემო გოცაძემ „იმედის“ ეთერში, როდესაც 80 წელი შეუსრულდა.
თემურ ჩალაბაშვილი - პოეტი
72 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და პუბლიცისტი თემურ ჩალაბაშვილი.
თემურ ჩალაბაშვილი იყო გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი რედაქტორი, შემდეგ გამომცემლობა „მერანის“ განყოფილების ხელმძღვანელი. მისი პოეტური კრებულებია: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“, „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს: გალაკტიონ ტაბიძის, ივანე მაჩაბლის, ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიები.
2018 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.
„...შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო,
მაგრამ რამდენი კვნესა გიფრძვნია.
შენ საქართველოს ჭირისუფალო,
ბედნიერი ხარ წვა შეგიძლია...“ (თემურ ჩალაბაშვილი)
თენგიზ არჩვაძე - მსახიობი
28 ოქტომბერს მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლისა გარდაიცვალა.
1961 წელს ეკრანებზე ფილმი „კეთილი ადამიანები“ გავიდა, მთავარ როლში თენგიზ არჩვაძეთი. ამ ფილმა მსახიობს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა. შემდეგ ახალი როლებიც წამოვიდა: „ხევსურულ ბალადაში“, „ვედრებაში“, „დიდოსტატის მარჯვენაში“. უფრო გვიან „დათა თუთაშხიაში“ მუშნი ზარანდიას როლი ითამაშა.
„სცენაზეც დგას და მარჯანიშვილის თეატრის პოპულარული მსახიობიცაა, მაგრამ კამერის წინ არასდროს იყენებს მაშინდელი თეატრის ენას. უხმაუროა (ეს იშვიათია საბჭოთა კინოში, რომელსაც დასავლეთში ხშირად დასცინოდნენ, მაგათ ფილმებში გამუდმებით ყვირიანო), მკვეთრ მოძრაობებს ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პლასტიკურია. მონოლოგებზე მეტად უყვარს პარტნიორების შეფასება - ახლო ხედი თენგიზ არჩვაძის სტიქიაა. განსაკუთრებით მაშინ ამახსოვრდება მაყურებელს, როცა უყურებს, ხედავს, აზროვნებს და უსმენს“, - დაწერა მასზე კინომცოდნე გოგი გვახარიამ. - „თენგიზის ხსენებაზე სულ მისი სიტყვები მახსენდება: „პატივმოყვარე ადამიანი არ მომწონს, უამრავი ცუდი თვისება მოდის პატივმოყვარეობიდან, თითქმის - ცხრა ბოროტება. მე საკუთარ თავთან დიალოგი მშველის, სხვანაირად არ შემიძლია. ვაზროვნებ - ესე იგი ვარსებობ“.
რუსუდან ბერიძე - პარლამენტის ყოფილი სპიკერი
17 მაისს გარდაიცვალა მათემატიკოსი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე.
რუსუდან ბერიძე ოზურგეთში, რეპრესირებულების ოჯახში დაიბადა. 1961 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. დროთა განმავლობაში 20 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა - მისი კვლევის თემა კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენის თეორია იყო. ჯერაც სტუდენტმა გაიცნო მერაბ კოსტავა. ისინი დაქორწინდნენ, ვაჟიც შეეძინათ, თუმცა მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდნენ. 1985 წელს, 23 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა მათი ერთადერთი შვილიც.
ასევე ნახეთ „ჩემო მერაბ“ - წერილები რუსუდან ბერიძის არქივიდან1992-1995 წლებში რუსუდან ბერიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და პლენარული სხდომები მიჰყავდა. 1997-2003 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გახდა. ის ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმებას უჭერდა მხარს. ეს კანონი 1997 წლის 11 ნოემბერს გააუქმეს.
თენგიზ კიტოვანი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი
85 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი.
გენერალი თენგიზ კიტოვანი იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. ის არ დაემორჩილა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
თენგიზ კიტოვანი მონაწილეობდა 90-იანი წლების სამოქალაქო ომსა და პრეზიდენტ გამსახურდიას პოსტიდან ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.
1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები თავდაცვის მინისტრის რანგში თენგიზ კიტოვანის ქმედებებთან დაკავშირებით - ჰქონდა თუ არა მას სოხუმში შესვლის ბრძანება თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად.
1996 წელს თენგის კიტოვანი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს და რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. Შეიწყალეს სამი წლის შემდეგ. გათავისუფლების შემდეგ, ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს.
გოგი ხარაბაძე - მსახიობი
81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გოგი ხარაბაძე.
„შეგიძლია, არ დარჩე მხოლოდ მხატვრად, მწერლად, მემანქანედ, აქტიორად – არამედ იყო ადამიანი, ხანდახან მაინც?
შეგიძლია, სხვისი ტკივილი შენად გაიხადო, სხვისი სიხარული – საკუთრად?
შეგიძლია, გიყვარდეს სამშობლო და არ იცხოვრო მასზე უკეთ?
შეგიძლია, იყო უბრალოდ – ადამიანი?!
შეგიძლია, იმუშაო ადამიანად?“ - წერდა გოგი ხარაბაძე თავის მემუარულ წიგნში „აღმართ-აღმართ“.
გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1963 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო. თამაშობდა როგორც თეატრში, ასევე კინოში. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: „ყვარყვარე თუთაბერი“, „ვეფხისტყაოსანი“, „ოიდიპოს მეფე“, „რიჩარდ III“, ფილმში - „გიორგობისთვე“. ბევრს მუშაობდა მხატვრული კითხვის მიმართულებით. დატოვა უამრავი ჩანაწერი, მათ შორის - „ბიბლია“ და ლექსები.
გოგი ხარაბაძის შვილი ხარება სრულიად ახალგაზრდა ამერიკაში მოკლეს. „გოგი საოცრად განიცდიდა ამას. შვილის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიური გახდა და ხელი გამომიწოდა, რომ მეც ასეთი გავმხდარიყავი“, - გაიხსენა მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა.
„ძალიან ბევრი როლი აქვს შესრულებული, მთავარი, მეორეხარისხოვანი, მესამეხარისხოვანსაც არ თაკილობდა გარკვეული პერიოდი. თუმცა, ბოლოსკენ ძალიან ფრთხილად არჩევდა იმ პერსონაჟებს, რომლებიც უნდა ეთამაშა. ალბათ ამან გამოიწვია ის, რომ ცხოვრების ბოლოს თეატრში აღარ იყო, თითქმის აღარც კინოში“, - ჰყვება ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური.
ზურაბ ქარუმიძე - მწერალი
12 დეკემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზურაბ ქარუმიძე 1957 წლის 22 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ინგლისური ენის სპეციალისტი იყო და საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს რედაქტორობდა: „საქართველო/კავკასიის პროფილზე“ და „კავკასიის კონტექსტს“. პირდაპირ ინგლისურად დაწერა თავისი ერთი რომანი: „Dagny or a Love Feast“ („დაგნი ანუ სიყვარულის დღესასწაული“).
„ზურასთან 5-10 წუთით ურთიერთობაც კი კმაროდა, რომ ენერგიით დამუხტულიყავი - მისი იუმორი, ელვარე გონება, სტილი, რომელიც არა მხოლოდ მის ტექსტებს, საუბარსაც ახასიათებდა. ინტელექტუალური და, ამავე დროს, ძალიან ლაღი მწერალი იყო, ძალიან ღრმა ცოდნით და განსაკუთრებული იუმორით, ირონიით, - იხსენებს მწერალი შოთა იათაშვილი, - ზურას აინტერესებდა მოდერნი, ავანგარდი, საქართველოს მდგომარეობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცოტა მერეც - ეს ეპოქა შემდეგ „ჯაზის ყვავილობაში“ აისახა. ეპოქიდან ეპოქაში დაძვრებოდა, საინტერესო ამბებს პოულობდა და მათზე აგებდა თავის ტექსტებს“.
ზურაბ ქარუმიძის რომანებია: „ღვინომუქი ზღვა“, „მელია-ტულეფია“, „ჯაზის ცხოვრება“ და „ბაყაყები“, რომელიც შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოსცა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები - „ლიტერა“ და „საბა“.
ვინფრიდ ბოედერი - ქართველოლოგი
86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი.
ბოედერი 60-იანი წლებიდან დაინტერესდა კავკასიური და ქართველური ენებით. 60-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა მისი პირველი ქართველოლოგიური ნაშრომები. 1974 წელს პირველად იმოგზაურა საქართველოში და მას მერე მონაწილეობდა საქართველოში გამართულ მრავალრიცხოვან სამეცნიერო კონფერენციებში. იყო საზღვარგარეთ ქართველოლოგიის ერთ-ერთი აქტიური პოპულარიზატორი, მისი ინიციატივით კავკასიური ენების კვლევისადმი მიძღვნილი არაერთი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ოლდენბურგის უნივერსიტეტში.
70-იანი წლებიდან მოყოლებული ბოედერი სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს ძველი ქართულის, ქართული ენის დიალექტების, სვანურის, მეგრულის, ჩრდილოკავკასიურ ენათა საკითხების შესახებ. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში, ისე გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ავტორიტეტულ სამეცნიერო ორგანოებში.
ოთარ იოსელიანი - რეჟისორი
17 დეკემბერს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ იოსელიანი.
იოსელიანის ფილმოგრაფია მოიცავს მოკლემეტრაჟიან ფილმებს „აკვარელი“, „აპრილი“ და მხატვრულ ფილმებს „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „მთვარის რჩეულნი“, „პეპლებზე ნადირობა“, „ყაჩაღები“.
1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.
„ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ეძღვნება მუსიკოსის ცხოვრებას. კინოში მოსვლამდე ოთარი ორ პროფესიას დაეუფლა - მუსიკას და მათემატიკას. კინო კი ერთიცაა და მეორეც, თავისებური ფუგაა. ზუსტად ისე, როგორც ოთარის ყველა ქართული ფილმი, რომლებშიც მხატვრულ სახეებს თეზა-ანტითეზა ქმნის. და არა მხოლოდ მხატვრულ სახეებს, არამედ თავად რეალობას - ასე განსხვავებულს იმისგან, რასაც „საბჭოთა კავშირი ჰქვია. კი, ამ ფილმებში ღვინოში წყალს ურევენ, წესიერ ახალგაზრდას სცემენ, მუსიკოსები „ბუნებაში გადიან“ რეპეტიციებისთვის, მაგრამ ამას უფრო მოვალეობის მოხდისთვის აკეთებენ. გლეხი გლეხს აღარ ჰგავს, მუსიკოსი - მუსიკოსს... კი, ეს საბჭოთა რეალობაა, რომლის მიმართ ზიზღს იოსელიანი არასდროს მალავდა, მაგრამ, ამავე დროს, ეს ის პატარა სამყაროა, სადაც ადამიანობა ჯერ არ დაკარგულა. ოთარმა შეგვინახა ეს საქართველო“, - წერს გოგი გვახარია. - „უნდა იყო ოპტიმისტი, რომელსაც არ ავიწყდება, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება“, - უთქვამს ოთარ იოსელიანს საფრანგეთის სინემატეკაში, მისი ფილმების რეტროსპექტივის გახსნაზე. რა თქმა უნდა, ასეა, უნდა გიხაროდეს სიცოცხლე, მაგრამ სულ უნდა გახსოვდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დასრულდება და მოკვდები. ეს ნორმაა. ამ კონტრაპუნქტზე დგას ჩვენი არსებობა“.