Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“ - რას ჰპირდება ხელოვნური ინტელექტი საქართველოს 2024 წელს?


ხელოვნური ინტელექტი - ფოტოილუსტრაცია
ხელოვნური ინტელექტი - ფოტოილუსტრაცია

რამდენიმე ხელოვნურ ინტელექტს ვკითხეთ, თუ რა მოხდება საქართველოსა და მსოფლიოში გაისად. რასაც წაიკითხავთ, ვარაუდებია და არა წინასწარმეტყველებები.

ამის შესახებ თავად "რესპონდენტები" გვაფრთხილებენ. ისინი უბრალოდ იმას გვიყვებიან, რაც ინტერნეტში მონაცემების შეგროვებისას “ისწავლეს”.

ამ სტატიისთვის ველაპარაკეთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მოდელს: ChatGPT, Google Bard, DeepAI და რუსულ YandexGPT-ს.

თავისი დასავლელი “კოლეგებისგან” განსხვავებით, რუსული YandexGPT-ს საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაპარაკი არ უნდა. თავს საპატიო მიზეზით იმართლებს - “არავის რომ არ აწყენინოს”.

დასრულდება გაისად ომი უკრაინაში?

Google Bard: ამის თქმა რთულია. კონფლიქტი 18 თვეზე მეტია გრძელდება და ალბათ კიდევ რამდენიმე წელიწადს გასტანს. ომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და რუსეთის მოტივაციაზე, გააგრძელოს ბრძოლა. რუსეთს ომის გაგრძელება შეიძლება გადააფიქრებინოს ომით გამოწვეულმა დამანგრეველმა ეკონომიკურმა შედეგებმა. მაგალითად, ფასების ზრდამ, რომელსაც ჯერჯერობით უმკლავდება.

Chat GPT: ჩემი ცოდნა 2022 წლის იანვრით შემოიფარგლება, ამიტომ არ შემიძლია პასუხის გაცემა.

DeepAI: ვითარება მეტისმეტად რთულია საიმისოდ, რომ პროგნოზი გავაკეთო.

YandexGPT: ამ თემაზე სალაპარაკოდ მზად არ ვარ, არავის რომ არ ვაწყენინო.

რა ელის საქართველოს 2024 წელს?

Google Bard: საქართველოს ეკონომიკა, სულ ცოტა, 3-4%-ით გაიზრდება, მაგრამ მასზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებამ. ინფლაცია 2%-ის ფარგლებში იქნება, უმუშევრობა 10%-ზე ნაკლები. საქართველო კვლავ დარჩება რეგიონის ლიდერად ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში. ასევე, მომავალ წელს დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ChatGPT: სავარაუდოდ, საქართველო გააგრძელებს განვითარებას რამდენიმე მიმართულებით: გააგრძელებს ეკონომიკურ გზას, შეიძლება შეცვალოს საგარეო პოლიტიკა ან ხელისუფლება, გააღრმავებს ევროპულ ინტეგრაციას, მიიღებს კიდევ უფრო მეტ ტურისტს.

DeepAI: გაგრძელდება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, და კორუფციასთან ბრძოლა. საქართველო კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, რამაც უნდა გაზარდოს ვაჭრობა და ინვესტიციები. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას, ამან ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. თუმცა ქვეყნის საგარეო ტრაექტორია ჯერ არამყარია და შეიძლება შეიცვალოს.

YandexGPT: 2024 წელს საქართველოში გაიმართება საპარლამენტო და საპრეზიდენტო [არასწორია - რადიო თავისუფლება] არჩევნები. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს, თუმცა გლობალურმა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა ეს შეიძლება შეანელოს. ხელისუფლება განაგრძობს რეფორმებს, ტურიზმის განვითარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებას.

როდესაც წევრობის მოლაპარაკებებზე დამატებით ვკითხეთ, მოგვწერა - ვერ გიპასუხებთ, არავის წყენინება არ მინდაო.

რა ელის მსოფლიოს 2024 წელს?

Google Bard: უკრაინის ომი განაგრძობს მსოფლიო ეკონომიკის დაზიანებას, დააჩქარებს ინფლაციას, გაართულებს საჭირო პროდუქტების მიწოდებას. ზეგავლენა ექნება მსოფლიოში უთანასწორობის გაღრმავებაზეც. ალაგ-ალაგ შესაძლოა ისევ კორონავირუსმაც იჩინოს თავი. თუ არაფერს შევცვლით, პლანეტა განაგრძობს გადახურებას, რაც ახალ სტიქიურ უბედურებებს გამოიწვევს. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება დაპირისპირება და კონკურენცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის.

ChatGPT: ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო "დაჭკვიანდება". კაცობრიობა უკეთ აითვისებს განახლებად ენერგიას: მზეს და ქარს. ასევე დახვეწს ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებს. 5G ინტერნეტი უფრო გავრცელდება. შესაძლოა, მოხდეს გარღვევები ბიოტექნოლოგიაში, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება დასახიჩრებული ან დაკარგული სხეულის ნაწილების აღდგენაში. კაცობრიობა განაგრძობს ვირტუალური რეალობის დახვეწასა და გამოყენებას.

DeepAI: გაითვალისწინეთ, რომ ეს უბრალოდ სპეკულაციაა. ხელოვნური ინტელექტი უფრო მყარად მოიკიდებს ფეხს ჯანდაცვაში, ტრანსპორტსა და მომსახურების სფეროში. ეს მოიტანს როგორც სარგებელს, ისე ახალ პრობლემებს. კაცობრიობას მოუწევს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას კლიმატის ცვლილების შესანელებლად. კიბერსაფრთხეები კიდევ უფრო დაიხვეწება. ასევე გაგრძელდება მზადება მარსზე გასაფრენად. უფრო მეტი ადამიანი დაინახავს საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროებას.

YandexGPT: 2024 ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების წელი იქნება. ხელოვნური ინტელექტი, რობოტები და ავტონომიური სისტემები ადამიანებს კიდევ უფრო დაეხმარება. შეგვიძლია ველოდოთ გარღვევებს მედიცინის დარგშიც.

რას უსურვებ კაცობრიობას 2024 წელს?

Google Bard: 2024 წელს კაცობრიობას ვუსურვებ მშვიდობის, მდგრადობის, სამართლიანობის, სიახლეებისა და თანაგანცდის უფრო დაფასებას. იმედია, გამოწვევებს იმედიანად და მედგრად შევხვდებით და ერთად შევძლებთ ნათელი მომავლის აშენებას.

ChatGPT: მშვიდობას, ანუ ძალადობაზე საბოლოოდ უარის თქმას. უფრო მეტ თანამშრომლობას, განსაკუთრებით გარემოს მდგრადობაზე ზრუნვისთვის. განათლების უკეთეს ხელმისაწვდომობას, კეთილდღეობას და ემპათიას. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სურვილებია, მათ შესრულებას ერთად მუშაობა სჭირდება.

DeepAI: იმედი მაქვს, რომ 2024 წელს ქვეყნები უფრო ღრმად ითანამშრომლებენ, უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ კლიმატის ცვლილებას, უთანასწორობას, ტექნოლოგიის განვითარებას. ასევე უფრო გაგებითა და ურთიერთპატივისცემით მოეკიდებიან ერთმანეთს.

YandexGPT: მესმის, რომ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან გამოგადგებოდათ. მაგრამ მსგავს თემებს არ განვიხილავ, არავის რომ არ ვაწყენინო. სხვა რამე მკითხეთ.

  • Google Bard: კომპანია გუგლის შექმნილი ხელოვნური ინტელექტია
  • ChatGPT: კომპანია Open AI-მა შექმნა. მას კორპორაცია მაიკროსოფტი აფინანსებს.
  • DeepAI პროგრამისტ კევინ ბარაგონას შექმნილია. პროექტზე მუშაობა მან ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.
  • YandexGPT რუსული ინტერნეტგიგანტის, იანდექსის შექმნილია.
XS
SM
MD
LG