Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი


21 აგვისტო, კვირა
მე, 78 წლის ბაბუას, შვილიშვილმა - სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ საჩუქარი გამიკეთა. სამი თვის წინ შეგვეძინა პატარა შვილიშვილის შვილი - ელენიკო. დიდი ბაბუა გავხდი! სანდრო, ელენიკო და მისი დედიკო ახლა მანგლისში ისვენებენ. დღეს მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბავშვების სანახავად წავსულიყავით. ასეც მოვიქეცით: დილის ლოცვის შემდეგ მანგლისში გავემგზავრეთ. რომ მივდიოდით, გამახსენდა: ათი წლის ვიქნებოდი, როდესაც მანგლისში ვისვენებდი. გზაში ვფიქრობდი, რა გამახსენდებოდა მანგლისზე ჩემი იქ ყოფნის პერიოდიდან. ეტყობა, ფეხბურთის სიყვარული ბავშვობიდან დამჩემდა და პირველი, რაც გამახსენდა, ფეხბურთი იყო. მანგლისში იმ პერიოდში ტელევიზორი სად იყო?! ტელევიზორი კი არა, რადიოც იშვიათობა იყო. ერთ ძველ შენობაში ფოსტა იყო. ამ ფოსტას მეორე სართულზე ჰქონდა დიდი აივანი, სადაც ერთი 50-100 კაცი მაინც დაეტეოდა...

ერთხელაც, შეიკრიბნენ გულშემატკივრები ამ აივანზე, რადგან გამოტანილი იყო რადიო და ფეხბურთის რეპორტაჟი გადმოიცემოდა. რა თქმა უნდა, მეც იქ მივედი. პატარა ბიჭი ვიყავი და დავიღალე, ვიფიქრე, შემოვჯდები აივნის მოაჯირზე-მეთქი და ავიწიე დასაჯდომად. როგორც კი ავიწიე და ფეხები იატაკს მოვწყვიტე, „დინამომ“ გოლი გაიტანა (ეთამაშებოდა, სხვათა შორის, იუგოსლავიის „პარტიზანს“). გავიდა თუ არა ბურთი, იქუხა ხალხმა, ატყდა ყვირილი, ეს ასი კაცი ერთად ახტა და დახტა იატაკზე. იატაკმა ვეღარ გაუძლო - ძალიან ძველი შენობა იყო - და მთელი ეს გულშემატკივრები, ჩემ გარდა, პირველ სართულზე აღმოჩნდნენ. მე ვიჯექი მოაჯირზე და იქიდან ვუყურებდი ქვემოთ ჩაცვენილ ხალხს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. პირიქით, სიცილ-ხარხარში, ასე, წამოწოლილებმა გააგრძელეს რეპორტაჟის მოსმენა!

მეორე ამბავიც გამახსენდა. მანგლისში არის ერთი ადგილი, რომელსაც „როშჩას“ უწოდებენ. საღამოობით იქ დამსვენებლები სეირნობენ ხოლმე. როდესაც შებინდდებოდა, გადადიოდნენ სანატორიუმში. ესეც ძველი შენობა იყო და ერთადერთი სანატორიუმი, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტი იდგა. აქ თავს იყრიდა ხალხი, უკრავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. ეს ყველაფერი იწყებოდა ღამით. ერთ დღესაც გავარდა ხმა, რომ სანატორიუმში ჩამოვიდა ულამაზესი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შესანიშნავად უკრავდა და მღეროდა. რა თქმა უნდა, დაინტერესდა ხალხი, მათ შორის მეც - მეტიჩარა, იმ დროს. წავედი და მეც მივიღე მონაწილეობა ცეკვა-თამაშში. აღმოჩნდა, რომ მართლა ძალიან კარგად უკრავდა და მღეროდა ეს ახალგაზრდა, მართლა ლამაზი ბიჭი - გიგა. ასე გავიცანი პირველად ბატონი გიგა ლორთქიფანიძე! რა ვიცოდი, რომ გავიდოდა წლები და გიგა ლორთქიფანიძე ჩემი პედაგოგი აღმოჩნდებოდა თეატრალურ ინსტიტუტში...

ამ ფიქრებში, ამ მოგონებებში გაილია გზა - თბილისი-მანგლისი. შევედი ეზოში, სადაც დამხვდა ჩემი ვაჟი, ჩემი რძალი ლიზიკო და, რა თქმა უნდა, სამი თვის ელენიკო. ახლა ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ დამინახა სამი თვის ბავშვმა, დაიძახა ეს რა ბაბუა მყოლია, ეს რა ვნახე, ეს ვინ ყოფილა... ასე სიცილ-ხარხარში გავატარეთ ეს კვირადღე. საღამოს ავედით ყველანი და ტელევიზორს მივუსხედით ინფორმაციის მოსასმენად. ამ დროს, მოულოდნელად, საინფორმაციოში გაიჟღერა ამბავმა, რომ ხვალ რუსთაველის თეატრში იკრიბება დასი რობერტ სტურუას დასაცავ ღია წერილზე ხელის მოსაწერად. რა თქმა უნდა, ჩვენც მაშინვე მივატოვეთ იქაურობა და თბილისში წამოვედით.

სახლში დავბრუნდით თუ არა, გაისმა ტელეფონის ზარი. ხაზზე აღმოჩნდა მარინა ვაშაყმაძე რადიო თავისუფლებიდან. მარინამ მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო გადაცემაში და დამეწერა ერთი კვირის დღიურები. თავიდან თავი შევიკავე - მაინცდამაინც სახარბიელო დღეები არ იყო: ჩვენთან, თეატრში, არეულობაა სხვადასხვა ამბის გამო. მარინას ვთხოვე, შენი ჭირიმე, იქნებ გადავდოთ, იქნებ ცოტა უკეთესი დღეები დაგვიდგეს-მეთქი... შენც არ მომიკვდე! ქაბაბივით გამახვია და დამითანხმა...

თავისუფლების დღიურები - ჯემალ ღაღანიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:27 0:00
გადმოწერა


22 აგვისტო, ორშაბათი
წავედი თეატრში. 11 საათზე დასის წევრები, რომლებიც თბილისში იყვნენ (აღმოჩნდა, რომ უმეტესობა თბილისში იყო), შეკრებილი იყვნენ და ხელს აწერდნენ იმ ღია წერილს, რომელსაც რა თქმა უნდა, მეც და ჩემმა შვილიშვილმაც მოვაწერეთ ხელი. 12 საათზე ეს წერილი გაიტანეს თეატრის წინ და მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა საჯარაოდ წაიკითხა. ეს ღონისძიება გადაიღო საქართველოს ტელევიზიის თითქმის ყველა არხმა. როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდა, შევედით თეატრში და ამ ჟურნალისტების დანახვაზე კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ შაბათს სტუმრად უნდა ვიყო რადიო თავისუფლებაში.

22 აგვისტო ძალიან დასამახსოვრებელი დღე არის ჩვენთვის, ჩვენი საძმაკაცოსათვის, რადგან ჩვენი ერთი მეგობრის, დიზი სურგულაძის, დაბადების დღეა. ეს გურული კაცი ყოველ წელიწადს იხდის დაბადების დღეს - პურმარილიანი, მოქმედი კაცია, ანუ დღესაც მუშაობს. კარგი პურ-მარილი ჰქონდა შეკვეთილი რესტორან „ოდაში“. იქ ვიყრით ხოლმე თავს, რადგან ამ რესტორნის ხელმძღვანელი და მეპატრონე არის ერთ დროს მშენებელი კაცი - ომარ ცაავა. შესანიშნავი რესტორანია! რეკლამასავით გამომდის, მაგრამ ერთხელ მას ლექსიც კი მივუძღვენი:

გინდა კარგი პური ჭამო?
წადი ცაავას „ოდაში“.
ყველა რესტორანს ჯობია,
რაც კი არის მოდაში!

აი, ასე შევიკრიბებით ხოლმე. დიზი უცვლელი თამადაა. სხვათა შორის, საინტერესოა, ამ ქართველ კაცს რატომ ჰქვია დიზი. თურმე კომუნისტების დროს მოუნათლავთ, დიზი კი რუსულად ასე იშიფრება: «Дети, Исполняйте Заветы Ильича!» ასე შეარქვეს დიზი, თუმცა დავითი ჰქვია, მაგრამ ჩვენ შაყირით მაინც დიზის ვუძახით.

23 აგვისტო, სამშაბათი
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. გავიფიქრე, ალბათ ისევ ჩემი ბიჭები არიან, „პახმელიაზე“ გამოსასვლელად მეპატიჟებიან-მეთქი, და, ცოტა არ იყოს, შევიშმუშნე, მაგრამ ავიღე ტელეფონი. სულ სხვა რამ აღმოჩნდა: მირეკვადა ჩვენი მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი, რომელმაც თავზარდამცემი ამბავი მაუწყა: ჩვენს რამაზ ჩხიკვაძეს, შესანიშნავ მსახიობს, საზღვარგარეთ გარდაეცვალა მეუღლე - ნატაშა კობახიძე. ნატაშას თვითონ რამაზი ჰყავდა წაყვანილი სამკურნალოდ, მოხდა კი ისე, რომ ნატაშა გარდაიცვალა.

მე და ჩემი მეუღლე გუშინწინ ველაპარაკეთ ნატაშას, რამაზის ჯანმრთელობა მოვიკითხეთ. ამიტომ არ დავიჯერე და მეუღლეს ვუთხარი, მაინც გადავამოწმოთ-მეთქი. მთელი დღე ტელეფონთან ვისხედით, რომ დავკავშირებოდით რამაზს და რამე გაგვეგო. როგორც იქნა, დავუკავშირდით. რამაზმა ლუღლუღით, ძალიან წამხდარი ნირით დაგვიდასტურა, რომ ეს ყველაფერი მართალია და ისიც გვაცნობა, რომ 26-ში უნდა ჩამოფრინდნენ თბილისში...

შევიკრიბეთ თეატრში, გვინდოდა, დაგვესახა გეგმა, როგორ შევხვდებოდით რამაზს. აღმოჩნდა, რომ თეატრი უკვე რაღაც ღონისძიებებს ატარებდა, ავტობუსიც კი დაიქირავეს, რომ კოლექტიური დახვედრა მოგვეწყო რამაზისთვის.

24 აგვისტო, ოთხშაბათი
12 საათზე მივედით თეატრში მე და ჩემი შვილიშვილი, რომ გაგვეგო, რას აპირებდა თეატრი, რა ღონისძიებები იყო. გავიგეთ, რომ ვისაც ჰქონდა სურვილი, ავტობუსით ერთად წავიდოდით დასახვედრად. ისიც გავიგეთ, რომ ქალბატონი ნატაშას დაკრძალვის ხარჯებს მერია იღებს თავის თავზე და მას პანთეონში დაასაფლავებენ. რამაზის სურვილი იყო, რომ ეს ამბავი კვირას მომხდარიყო, მაგრამ გეგმა შეიცვალა იმის გამო, რომ კვირას მარიამობაა და ეკლესიამ თავი შეიკავა. დადგინდა, რომ ქალბატონი ნატაშას დაკრძალვა სამშაბათს იქნება.

25 აგვისტო, ხუთშაბათი
მე და ჩემმა მეუღლემ ქალბატონი ნატაშას ამბავი რომ შევიტყეთ, ღამე აღარ გვეძინა. ძალიან ახლოს ვიყავით რამაზის ოჯახთან, ერთი ოჯახივით ვიყავით. მართალია, ნატაშა მეტალურგი იყო, მაგრამ მისი მეორე პროფესია თეატრი და თეატრზე ზრუნვა იყო. საერთოდ, ძალიან ერუდირებული, ძალიან ლამაზი ოჯახია. უცხოელი სტუმრები რომ ჩამოდიოდნენ, ყოველთვის რამაზის ოჯახში ვიკრიბებოდით და ნატაშა იყო ჩვენი დიასახლისი. მართალია, თვითონ ვერ დადიოდა გასტროლებზე, ვერ მიგვყავდა ცოლები, განსაკუთრებით კაპიტალისტურ ქვეყნებში, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობდა, რომ რუსთაველის თეატრისთვის სიკეთე გაეკეთებინა...

ამ ყველაფერს ვიხსენებდით მე და ლენა... ის იყო, ამ ამბის გამო კიდევ თეატრში ვაპირებდი წასვლას, ზარი გაისმა და ტელევიზიიდან მოვიდნენ სტუმრები. მე და ლენას გვთხოვეს, რომ ნატაშას შესახებ მოგონებები ჩაგვეწერა. მოვიგონეთ რაღაც ფაქტები და ხაზი გავუსვით ნატაშასა და რამაზის ლეგენდარული ცოლ-ქმრობის ამბავს.

26 აგვისტო, პარასკევი
ღამის 3 საათზე აეროპორტში წავედით რამაზის დასახვედრად... ნატაშას დასახვედრად. ასამდე კაცმა მოიყარა თავი - ჩხიკვაძეების ახლობლებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა. თეატრიც იქ იყო.

თვითმფრინავი ჩამოვიდა ზუსტად და უცბად ატყდა ჩოჩქოლი: „გამოიყვანეს, გამოიყვანეს, გამოიყვანეს!“.. ვინ გამოიყვანეს? გავიქეცით და მართლაც გამოიყვანეს რამაზი ხეიბრის ეტლით. შევხედე და ნეტავ, არც შემეხედა! ეს იყო უკვე 100 წლის მოხუცი, მოკუნტული იჯდა ამ სავარძელში, მარტო თვალებიღა დარჩენილიყო, გვიყურებდა და თითქოს გვეხვეწებოდა: „ხალხო, მიშველეთ, რა დღეში ვარ!“ რა თქმა უნდა, მივედით, ვანუგეშეთ... ასე, თითქმის ნახევარი კაცი წავიყვანეთ სახლში, ჩავსვით სავარძელში და მოგვიყვა დეტალურად, როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან ნატაშა. ქალბატონი ნატაშა რომ მოასვენეს, უკვე გარიჟრაჟი იყო, უკვე თენდებოდა... უჩუმრად დავიშალეთ, ღრმად ჩაფიქრებულები...

27 აგვისტო, შაბათი
აი ასე, უკვე შემზადებული ვარ. ჩემი პროფესიიდან მაქვს გამომუშავებული, რომ ყველაფერი უნდა დავივიწყო, ყველაფერზე თვალი დავხუჭო, ცუდი ემოციები გვერდზე გადავდო და საქმეს მივხედო. ასე მომზადებული მივდივარ მარინასთან, მივდივარ რადიო თავისუფლებაში. ძალიან მინდა, რომ კარგი გამოვიდეს ჩვენი გადაცემა. ღმერთო, გვისმინე!..
XS
SM
MD
LG